ნიბელუნგები (გერმანულად Nibelungen, სკანდინავიურად Neflheim, ბნელი ნისლოვანი მხარე) — მიწაში დაფარული განძის მფლობელი მითოლოგიური ხალხი ჩრდილოურ მითოლოგიაში. ძველი რწმენით ამ განძისთვის იბრძოდნენ ჯუჯა ძმები — ალბები და ცვერგები. მათი დავის გადაწყვეტა მიენდო მითურ გმირს ზიგფრიდს. მასვე ერგო განძი, დამატებით ჯუჯებმა აჩუქეს ჯადოსნური ხმალი — ბალმუნგი და უჩინმაჩინის მოსასხამი ან ქუდი (ტარნაკაპპე). მეორე ვერსიით, განძს დარაჯობდა დრაკონი, რომელიც ზიგფრიდმა მოკლა. მესამე ვერსია ხალხური ზღაპრის მსგავსია: კლდეზე დგას ციხე, ციხეში ქალწული და იცავს დრაკონი. გერმანულ ვერსიებში ზიგფრიდი ტანს იბანს ურჩხულის სისხლში (ან ტყეშივე კლავს დრაკონს და მის ქონში განიბანება, ხდება უწყლვადი). მისი დაჭრა შეიძლება მხოლოდ მხარზე, სადაც დაეკრა ცაცხვის ფოთოლი და ურჩხულის სისხლი არ მოხვდა. სკანდინავიური თქმულებით ზიგფრიდმა დრაკონის გული შეიწვა.

მითურ დევგმირული ეპოსის ოსტატურად შეკრული სიუჟეტი გადმოცემულია 39 სიმღერაში და შეთხზულია უცნობი პოეტის მიერ 1190-1200 წლებში. ესაა ზიგფრიდის მითური ამბავი და შურისძიების ამბავი, რაც მისმა ერთგულმა ცოლმა კრიმჰილდემ განახორციელა ჰუნთა ქვეყანაში, ჰაგენის მახვილით ზიგფრიდის ვერაგულად მოკვლიდან 13 წლის შემდეგ. ზიგფრიდი ჯერ ნიბელუნგების მბრძანებელი იყო, მერე თავად ხდება ნიბელუნგი და ბოლოს ნიბელუნგებად იწოდებიან თვით ბურგუნდიელები, რომელთაც მისი საგანძური ჰაგენის მუხანათობის შედეგად ხელთ იგდეს. ამ ნიადაგზე მოხდა ბურგუნდიის მზის ჩასვენება ჰუნეთში. ამრიგად, საკრარული ნიბელუნგები — ჯუჯათა ტომია, რომლის განძი მეფეებს შელბუნგსა და ნიბელუნგს ერგოთ და გუშაგად ჯუჯა ალბერიხი დააყენეს, რომელიც „ნიბელუნგ ზიგფრიდის“ ერთგულ მსახურად იქცა. „სიმღერა ნიბელუნგებზე“ ანუ „ნიბელუნგების გასაჭირი“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრია. პოეტურად სრულყოფილ ეპოსს ტრადიცია უწოდებს „სიმღერას“ (სიმღერა ნიბელუნგებზე), მაგრამ მისი ნამდვილი სახელია „დერ ნიბელუნგე ნოტ“ (ნიბელუნგების გასაჭირი).

ლიტერატურა რედაქტირება

  • ა. გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, თბ., 1983.