ნემატოდები (Nematoda), მრგვალი ჭიებიუმდაბლესი ჭიების კლასი Nemathelminthes-ის ქვეტიპისა. აქვთ წაგრძელებული, თითისტარისებრი ან ძაფისებრი, 80 მკმ-იდან 8 მ-მდე სიგრძის სხეული. სხეულის ღრუ სითხით არის ამოვსებული. სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის ორგანოები არა აქვთ. გამომყოფი სისტემა პროტონეფრიდიული ტიპისაა. საჭმლის მომნელებელი სისტემა შედგება პირის ღრუს, საყლაპავის, ნაწლავისა და უკანა ხვრელისაგან. ნერვული სისტემა წარმოდგენილია ხახისირგვლივი რგოლით. გრძნობის ორგანოები ჯაგრებისა და დვრილების სახითაა წარმოდგენილი, ზოგს პრიმიტიული ქემო- და ფოტორეცეპტორებიც აქვთ. ნემატოდები გაყოფილსქესიანია. განაყოფიერებული კვერცხი გარეთ გამოიყოფა და გარემოში ვითარდება. ნემატოდების ზოგი ფორმა (სპირალური ტრიქინელა) ცოცხლადმშობია. ზოგი ნემატოდები (გეოჰელმინთები) ვითარდება შუამავალი მასპინძლის გარეშე (ადამიანის ასკარიდა). ზოგიერთის (ბიოჰელმინთების) განვითარებაში კი შუამავალი მასპინძელი მონაწილეობს.

ნემატოდები
Heterodera glycines
Heterodera glycines
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ქვეტიპი:  Nemathelminthes
კლასი:  ნემატოდები
ლათინური სახელი
Nematoda

ნემატოდების კლასში 500 ათასამდე სახეობაა. ფართოდ არიან განვითარებული. ზოგი მათგანი პარაზიტია, ზოგი კი თავისუფლად ბინადრობს ნიადაგსა და წყალში. საქართველოში გავრცელებული ნემატოდებიდან აღსანიშნავია ადამიანის ასკარიდა (Ascaris lumbricoides), ადამიანის ბეწვთავა (Trihocephalus trichiurus), სპირალური ტრიქინელა (Trichinella spiralis), ბავშვთა ენტერობიუსი (Enterobius vermicularis), თორმეტგოჯას ანკილოსტომა (Ancylostoma duodenale) და სხვა. ასღსანიშნავია ფრინველთა სასუნთქი გზების პარაზიტი ნემატოდები სინგამუსის გვარისა (Syngamus trachea). გვხვდება აგრეთვე ფიტონემატოდების მრავალი მავნე სახეობა - კარტოფილის ღეროს ნემატოდები, ხახვისა და ნივრის ღეროს ნემატოდები, ხორბლის ნემატოდები, ციტრუსების ნემატოდები და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ყურაშვილი ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 376.
  • ყურაშვილი ბ., უხერხემლოთა ზოოლოგია, თბ., 1973;
  • Основы нематодологии, т. 1-22, М.,-Л., 1949-71;