ნაქალაქარი (არქეოლოგია)

ნაქალაქარი — ძველი ქალაქის ნაშთები, არქეოლოგიურ ძეგლთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კატეგორია. ნაქალაქართა გათხრები განსაკუთრებით დიდი მოცულობისა და მრავალმხრივ ინფორმაციას იძლევა ძველი საზოგადოებათა კულტურის და ყოფის შესახებ. გამოვლინდა ხოლმე თავდაცვითი ნაგებობების სისტემა, საკულტო, საზოგადოებრივი, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევები, სავაჭროების, სახელოსნოების, წყალსადენების, კანალიზაციისა და სხვა. ნაშთები, სამეურნეო დანიშნულებისა და საოკახო ნივთები, მონეტები, ხელოვნებისა და ეპიგრაფიკის ძეგლები და ა. შ. ნაქალაქარებისახლოს ჩვეულებრივ სამაროვნებიც გვხვდება. უძველესი ნაქალაქარები ცივილიზაციის უძველეს კერებთანაა დაკავშირებული (მესოპოტამია, ეგვიპტე, მცირე აზია, ინდის ველი, ჩინეთი, ეგეოსის სამყარო). ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეებშიც კი ნაქალაქარები ცნობილია ძვ. სამყაროს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ევრაზიის უკიდურესი ჩრდილოეთისა და სამხრეთ აფრიკის გაყოლებით. ქ. კოლუმბის წინადროინდელ ამერიკაში ნაქალაქარები დატოვეს აცტეკებმა, ინკებმა, მაიას ტომებმა.

ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე უძველესი ნაქალაქარები ძვ. წ. I ათასწლეულით თარიღდება და ცნობილია შუა აზიისა და ამიერკავკასიასში (ყარათეფე, არგიშთიხინილი, თეიშებაინი და სხვა). ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. VI - ახ. წ. IV სს.) საქალაქო ცივილიზაციამ მოიცვა ჩრდილოეთ შავისღვისპირეთიც (ოლბია, პანტიკაპეონი, ფანაგორია, ქერსონესი და სხვა).

საქართველოში უძველესი ნაქალაქარები ანტიკური ხანისაა (ფაზისი, ვანი, დიოსკურია, მცხეთა, ურბნისი, უფლისციხე).

გარეგნული ნიშნებით ნაქალაქარები ერთმანეთისაგან განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ეპოქას განეკუთვნება და სად მდებარეობს. დაბლობში განლაგებულია უძველესი ნაქალაქარები უმეტესად გორებს და გორების სისტემებს წარმოადგენს. ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ნაქალაქარებზე ზოგჯერ გათხრებამდეც შეიმჩნევა ხოლმე ცალკეულ შენობათა, განსაკუთრებით ციხე-გალავნებისა და საკულტო ნაგებობათა ნანგრევები.

ლიტერატურა რედაქტირება