ნაფისა (დ. 1768 — გ. 1816) — ეგვიპტის მამლუქთა ლიდერის ალი-ბეი ალ-ქაბირის მეუღლე. XVIII საუკუნის ყველაზე მეტად ცნობილი მამლუქი ქალი.[1] ის იყო წარმატებული ფინანსისტი და ქველმოქმედი, მაგრამ ნაფისა ყველაზე მეტად ცნობილია მისი დიპლომატიური საქმიანობით, როგორც შუამავალი მურად ბეისა და ნაპოლეონ ბონაპარტის საფრანგეთის საოკუპაციო ძალებს შორის 1798-1801 წლებში. ეგვიპტელები მას იცნობენ სამი სახელით, როგორც ნაფისა ხანუმი, თეთრ განძი და მამლუქთა დედა.[2]

ოსმალურ-ეგვიპტური წყაროების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეში ყველა ქალი ჰარამხანისთვის იყო განწირული, ნაფისა არასოდეს ყოფილა ჰარამხანის ჩვეულებრივი ბინადარი. ამბობენ, ტყვეთა ბაზარშივე გაუღიმა ბედმა და გოგონა იმ დროის უცნობილესმა მამლუქმა ალი-ბეი ალ-ქაბირმა იყიდა. ნაფისას გონებაგამჭრიახობით მალევე გაუთქვამს სახელი. ამიტომაც ალი-ბეის მისთვის თავისუფლება უბოძებია და ცოლად შეურთავს. ეგვიპტის გამგებელი მალევე, ერთ-ერთ ბრძოლაში, მძიმედ დაჭრილა და დაღუპულა. ქვრივს საარაკო სიმდიდრე დარჩენია. ეს ჭკვიანი ქალი მარჯვედ მართავდა ქონებას, დიდ მოგებას ნახულობდა და ქველმოქმედებას ეწეოდა. ცოტა ხანში ნაფისა მეორე ძალიან ცნობილ ქართველ მამლუქს, მურად-ბეის გაჰყოლია ცოლად.[2]

ისტორიკოს აგნესკა დობროვოლსკას თქმით:

ვიკიციტატა
„ზუსტად ვერ ვიტყვით, სად დაიბადა ნაფისა, თუმცა, ვიცით, რომ კავკასიელი იყო, ცისფერთვალება, ალბათ ქერათმიანი. ეგვიპტეში ამბობენ, ქართველი იყო, აფხაზეთის მთებში გაზრდილიო. მისი ქართველობის ვერსიას ამტკიცებს ისიც, რომ იგი ასევე ქართველმა ალი-ბეი ალ-ქაბირი იყიდა ტყვეთა ბაზარზე და თავიდანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. სრულიად დასაშვებია, რომ ნაფისა ალის ეთნიკური ნიშნით შეერჩია. სახელი ნაფისა, ტრადიციულად, სარწმუნოების შეცვლის შემდეგ დაარქვეს. მას გარეგნობის გამო „ბაიდა ნაფისას“ ეძახდნენ, რაც ეგვიპტურად „თეთრ განძს“ ნიშნავს. ის ნამდვილად იყო კაიროს განძი. ისტორიას არ შემორჩა ნაფისას პორტრეტი, თუმცა ეგვიპტელები ვარაუდობენ, რომ იმ ეპოქაში შექმნილი „კავკასიელი ქალის“ პორტრეტზე სწორედ „თეთრი განძი“ უნდა იყოს გამოსახული.[2]

1798 წელს ნაპოლეონის ჯარი ეგვიპტეს მიადგა. მამლუქთა 6-ათასიან ცხენოსან ლაშქარს ხელმძღვანელობდა ქართველი იბრაჰიმ შინჯიკაშვილი და მისი ქართველი ძმადნაფიცი მურად-ბეი. ბრძოლა უთანასწორო გამოვიდა. მამლუქებმა უკან დაიხიეს. თუმცა, ეს ალბათ უფრო ტაქტიკური უკანდახევა იყო. საეჭვოა, მამლუქებს ნაფისა შემთხვევით დაეტოვებინათ კაიროში. ესეც დიდი საბრძოლო გეგმის ნაწილი იყო, რომლის შექმნაშიც აქტიურად მონაწილეობდა ნაფისა.

ვიკიციტატა
„ნაფისა კარიბჭესთან იდგა და მაოხრებელს მშვიდად ელოდა. მისმა ნაბიჯმა გაამართლა. ქალმა ქალაქი გადაარჩინა. ნაფისას საოცარი გამბედაობა და დიპლომატიური ნიჭი აღმოაჩნდა. მოხიბლულმა ნაპოლეონმა ქალბატონი სასახლეში წვეულებაზე დაპატიჟა და ბრილიანტებით მოოჭვილი სამაჯური უძღვნა. ნაფისა ფრანგებთან პოლიტიკურ თამაშში ჩაება, თუმცა, პარალელურად კონტაქტს არ წყვეტდა ქართველ მეუღლესთან. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ნიშანს უგზავნიდა — ნაფისა აბასიაში საკუთარი სასახლის სახურავიდან, მურადი კი გიზის პირამიდის წვერზე უზარმაზარ ჩირაღდანს ანთებდა. ქართველი ქალის გამჭრიახობის შედეგად მურადი და მისი მეომრები უკან დაბრუნდნენ და ნაპოლეონს გაურიგდნენ, ამიტომაც ეძახდნენ ნაფისას უმალ მამალიკს, ანუ მამლუქთა დედას.[2]

— წერს აგნესკა დობროვოლსკა.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება