მქირდავა (ლათ. Hippolais) — ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. პატარ-პატარა ზომის ფრინველებია. ბინადრობენ ფოთლოვან ტყეებსა და პარკებში, ხშირ ბუჩქნარებში, ტყისპირებში, უდაბნოებში, მთების კალთებზე, ველებსა და ჭალებში, ბუდეს იკეთებენ ხეზე, ბუჩქსა და მიწაზე. დედალი 4-6 კვერცხს დებს, კრუხობა 2 კვირამდე გრძელდება. იკვებებიან წვრილი მწერებითა და მათი მატლებით, კენკრით. მქირდავებიდან საქართველოში ბუდობს ერთი — დიდი ბუტბუტა (ლათ. Hippolais pallida), რომელიც ზამთარს აფრიკაში ატარებს.