მუჰამედჰასან ველიევ-ბაჰარლი

მუჰამედჰასან ბეი ველიევ-ბაჰარლი (აზერ. Məhəmmədhəsən bəy Nəcəfqulu bəy oğlu Vəliyev; დ. 1896, შუშა — გ. 27 ივნისი, 1937, ბაქო) — აზერბაიჯანის სახელმწიფო ბანკის პირველი ხელმძღვანელი, ეკონომისტი, ეთნოგრაფი.

მუჰამედჰასან ველიევ-ბაჰარლი
მშობლიური სახელი აზერ. Məhəmmədhəsən bəy Nəcəfqulu bəy oğlu Vəliyev
დაბადების თარიღი 1896
შუშა
გარდაცვალების თარიღი 27 ივნისი, 1937
ბაქო
გარდაცვალების მიზეზი დახვრეტა
საქმიანობა ეთნოგრაფი, ეკონომისტი
მშობლები მამა: ნაჯაფგულუ ბეი შეიდა
დედა: იმარათ ხანუმ ველიევა

ბიოგრაფია რედაქტირება

წინაპრები რედაქტირება

მუჰამედჰასან ბეი დაიბადა 1896 წელს ქალაქ შუშაში. მამამისი ნაჯაფგულუ ბეი შეიდა პოეტი იყო. ბაბუამისი მირზა მაჰამადჰასან ბეი ველიევი, მსახურობდა მეფის რუსეთის ჯარში და კარგად ფლობდა არაბულ, სპარსულ და რუსულ ენებს. არაბულიდან რუსულად თარგმნისთვის ცარისტულმა მთავრობამ იგი მედლით დაჯილდოვა. დედამისი იმარათ ხანუმი კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, პუბლიცისტის, პირველი აზერბაიჯანული გაზეთის დამფუძნებლის ჰასან ბეი ზარდაბის დისშვილია[1].

მისი შთამომავლები იყვნენ ბაირამ ბეი ბაჰარლი და მისი ვაჟი მირზა ველი ბაჰარლი. ისინი მჭიდროდ იყვნენ ჩართულნი ყარაბაღის სახანოს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. მირზა ველი ბაჰარლი დაახლოებული იყო ყარაბაღის ხან იბრაჰიმხალილ ხანთან. ის მძევლად აიყვანა ირანის შაჰმა და იგი ტრაგიკულად დაიღუპა. ამის შემდეგ მისმა მომავალმა თაობამ მისი სახელი გვარად დაირქვა. აქედან მომდინარეობს მათი შთამომავლების გვარები - ველიევი, ველიბაოვი, ველიზადე, ველილი[1].

სწავლა და საქმიანობა რედაქტირება

მუჰამედჰასან ველიევმა ბაქოს გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო კიევის უნივერსიტეტში ეკონომიკური გეოგრაფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1915 წელს.

ველიევი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში დაარსებულ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეკავა აზერბაიჯანის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობა[2]. საბჭოთა ხელისუფლების მოსვლასთან ერთად მან განაგრძო შრომითი საქმიანობა აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო დაგეგმარების კომიტეტში.

მუჰამედასან ბაჰარლის სამეცნიერო შემოქმედებას ღირებული წვლილი აქვს შეტანილი აზერბაიჯანოლოგიის კვლევებში.

მიუხედავად იმისა, რომ მისი წიგნის „აზერბაიჯანის ისტორია“ რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე ხელნაწერი გაქრა, 1921 წელს გამოცემულმა წიგნმა „აზერბაიჯანმა“ მას სახელი მოუტანა, როგორც გეოგრაფს, ეთნოგრაფს და ეკონომისტს. ნაშრომი გამოიცა ბაქოში 1921 წელს ჯერ რუსულ, შემდეგ აზერბაიჯანულ ენაზე. ველიევის ორენოვანი წიგნის თარგმნა რუსულიდან აზერბაიჯანულზე ვასიფ გულიევის მიერ განხორციელდა. ცნობილმა აზერბაიჯანელმა მეცნიერებმა აღანაჯაფ ჰამიდოვმა და აბულფაზ რაჰიმლიმ ტექსტი არაბული დამწერლობიდან კირილურზე გადააკეთეს და ის 1993 წელს ბაქოში ხელახლა გამოიცა[1]. მუჰამედჰასან ბაჰარლის ამ წიგნში ერთიანი აზერბაიჯანის იდეაა ასახული.

დაპატიმრება და სიკვდილი რედაქტირება

1923-1929 წლებში იყო აზერბაიჯანის მეცნიერებისა და პროპაგანდის საზოგადოების წევრი. 1937 წლამდე იკავებდა აზერბაიჯანის ნაციონალურ ორგანიზაციაში მდივნის თანამდებობას, რაც არაოფიციალური სტრუქტურა იყო. 1926 წლამდე ველიევი გადასახლებაში იმყოფებოდა სოლოვეცკის ბანაკში, საიდანაც დაბრუნების შემდეგ 1937 წელს დააპატიმრეს.

1937 წლის 27 ივნისს კი დახვრიტეს[1][3].

სქოლიო რედაქტირება