მსახური — სოციალური ფენის წარმომადგენელი ფეოდალურ საქართველოში. მსახური პირადად არათავისუფალი იყო და გლეხობის ზედაფენაში შედიოდა (სხვა შეხედულებით, V-XIV საუკუნეებში პირადად თავისუფალი მწარმოებელი ზედაფენის ან კიდევ ფეოდალთა კლასის წევრი). მსახურს „მსახურის მამული“ ეჭირა, გასხვისების უფლება არ ჰქონდა, რადგან მესაკუთრედ მისი ბატონი ითვლებოდა. ზოგიერთ მსახურს ჰქონდა ნასყიდი მიწაც, რომლის განმკარგულებელი თავად იყო. გაქცეული გლეხის საძებრად დაწესებული 30-წლიანი ვადა მსახურზედაც ვრცელდებოდა. მსახურთა ფენის ვალდებულება მეფისა და საერო და საეკლესიო ფეოდალების მიმართ იყო: მოლაშქრეობა, მოხელეობა, სამასპინძლო და სხვა.

სამასპინძლო წარმოადგენდა ნატურალურ გამოსაღებს ჩვეულებრივ 2 წელიწადში ერთხელ. მსახურთა ფენიდან ხდებოდა აზნაურთა წოდების შევსება. ერთიანი მონარქიის არსებობის ხანაში მსახურთა ფენა ერთგვარად აღზევდა. სამეფო კარს უამრავი დაბალი მოხელე და მოსამსახურე სჭირდებოდა, გამარჯვებით დამთავრებული ომები კი მოლაშქრე - მსახურებს ქონებისა შეძენისა და ცალკეულ შემთხვევაში აზნაურული სამსახურის საშუალებას აძლევდა. გვიანდელ შუა საკუნეებში, ქვეყნის ეკონომიკური დაქვეითებისა და პოლიტიკური დაქუცმაცებულობის პერიოდში, მსახურთა ფენაც დაქვეითდა. ამ ვითარებამ გამოხატულება პოვა მსახურის სისხლის ფასის შემცირებაშიც. ბექა-აღბუღას სამართლის მიხედვით, მსახურის სისხლის ფასი 1000 თეთრია, მებეგრე გლეხისა - 400; ვახტანგ VI-ის სამართლის მიხედვით კი მსახუეის სისხლს ფასი 24 თუმანია, გლეხისა - 12. მსახურთა ფენაში, გვიანდელი შუა საუკუნეების მონაცემებით, 2 ეკონომიკური ჯგუფი გამოიყოფოდა: „მართებული მსახური“, ანუ „კაი კვამლი“, რომელიც „მთელ საკომლოს“ ფლობდა, და „დაბალი მსახური“, რომელსაც „ნახევარი საკომლო“ ჰქონდა. გარდა ამისა, წყაროებში ნახსენებია „დაბეგრილი“ და „დაუბეგრავი“ მსახურიც. მსახურთა მცირე ნაწილს საკუთარი გლეხები ჰყავდა და ამდენად გლეხის ექსპლუატაციის მონაწილე იყო. ზოგიერთ შემთხვევაში კი მსახურს თავისი ბატონი უზრუნველყოფდა ხლებისა და ლაშქრობის დროს. მებეგრე გლეხის მსახურის კატეგორიაში აღზევება მის უშუალო ბატონს შეეძლო. მსახურთა სამხედრო თუ საპოლიციო რაზმებისა და მოხელეების გარეშე არსებობა მსხვილ ფეოდალებს არ შეეძლოთ. ამ ვითარების გამო მსახურთა ფენა საკმაოდ მყარი იყო ფეოდალიზმის არსებობის მთელ მანძილზე. გვიანდელი შუა საუკუნეებში მსახურის სინონიმად ხშირად იხმარებოდა თარხანი ან აზატი (იგულისხმება მებეგრე გლეხის „თავი ბეგრისაგან“ განთავისუფლება და მსახურად დადგენა). ბატონს უფლება ჰქონდა დაესაჯა თავისი მსახური ცემით, დაბმით, დარბევით და სხვა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მთავრობამ არ ცნო მსახურთა პრივილეგიები და მებეგრე გლეხებთან ერთად დაბეგრა. მსახურები ბატონყმობის უღლისაგან განთავისუფლდნენ მთელ გლეხობასთან ერთად 1864-1871 წლებში. მსახურებს მრავალი საერთო აქვს ფეოდალურ დასავლეთ ევროპაში ცნობილ მინისტერიალებთან.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965;
  • რატიანი ზ., მსახურთა კლასობრივი ვინაობის გაგებისათვის, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1974, № 3;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;
  • იგივე ტ. 2, 4, თბ., 1973;
  • იგივე ტ. 3, თბ., 1979;
  • ჩხატარაიშვილი ქ., ნარკვევები საქმის ისტორიიდან ფეოდალურ საქართველოში, თბ., 1979;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928;
  • ჯანაშია ს., შრომები, ტ 2, თბ., 1952;
  • ჯამბურია გ., ქსე, ტ. 7, გვ. 174, თბ., 1984