მლაშე ტბა, მარილიანი ტბა, მინერალური ტბატბა, რომლის წყალი შეიცავს მარილების დიდ რაოდენობას. მლაშე ტბების კატეგორიას ზოგჯერ ისეთ ტბებსაც მიაკუთვნებენ, რომელთა წყლის მინერალიზაცია აღემატება მსოფლიო ოკეანის წყლების მარილიანობას (35‰), ზოგიერთი კლასიფიკაციით — 25‰-ზე მეტი გახსნილი ნივთიერებების შემცველობის მქონე ტბებს.[1]

მონოს ტბა
ელტონის ტბა
მლაშე ტბები

მარილების მაღალი კონცენტრაციისას მლაშე ტბების წყალი წარმოადგენს თითქმის ან მთლიანად გაჯერებულ ხსნარს, რომელშიც მიმდინარეობს მარილების კრისტალიზაცია და ფსკერზე დალექვა. ასეთ მლაშე ტბას თვითმლექი ტბა ეწოდება, ხოლო მის შემავსებელ წყალს — რაპა. მლაშე ტბები გავრცელებულია გვალვიან მხარეებში, გაუდინარ ქვაბულებში ან ზღვის სანაპიროზე. მლაშე ტბებში მარილების დაგროვება ხდება გაუდინარ ქვაბულებში მდინარეების მიერ გახსნილი მინერალური მარილების შეტანით, მიწისქვეშა წყლებით და ატმოსფერული ნალექებით მათი ზედაპირიდან ინტენსიური აორთქლებისას.[2]

მლაშე ტბა წარმოადგენს დედამიწის გაუდინარ რაიონებში მინერალური ნივთიერებების მიგრაციის საბოლოო ეტაპს და არის არიდული ლანდშაფტების დამახასიათებელი კომპონენტი. გვხვდება აზონალური მლაშე ტბებიც, რომლებიც წარმოიქმნებიან ზედაპირზე გამომავალი გახსნილი მარილების ბუდობების რაიონებში ან მაღალმინერალიზებულ მიწისქვეშა წყლებში. მლაშე ტბებში მარილების მაღალი კონცენტრაცია განსაზღვრავს მათი თერმული და დინამიკური რეჟიმის თავისებურებას.[2]

მაღალმინერალიზებული წყლების მომატებული სიბლანტის გამო სითბოს გავრცელება ზედაპირიდან სიღრმეში გაძნელებულია, ამიტომ რაპის თხელი ზედაპირული ფენა ზაფხულში შეიძლება გათბეს 40–50°C-მდე. ზამთარში რაპა ზოგიერთ ტბაში არ იყინება –20°C ტემპერატურაზე, რის გამოც ღრმა მლაშე ტბებში ზამთრის პერიოდში გადაცივებული ფსკერისპირა წყლები ზაფხულშიც ინარჩუნებს უარყოფით ტემპერატურას. გამჭვირვალე წვრილ მლაშე ტბებში ფსკერის გათბობამ მზის რადიაციის ხარჯზე შეიძლება მიაღწიოს 65°C-ს. ზოგიერთი მლაშე ტბა ზღვის ყოფილ ნაშთს წარმოადგენს.[2]

წყლის ქიმიური შედგენილობით მლაშე ტბები იყოფა 3 ძირითად ტიპად: კარბონატულ ანუ სოდიან, სულფატურ ანუ მწარე-მლაშე და ქლორიდულ ანუ მარილიან ტბებად. მლაშე ტბების ქიმიური ტიპი განისაზღვრება, პირველ ყოვლისა, ტბების მკვებავი წყლების შედგენილობით. მარილის ხარისხი, აგრეთვე რაოდენობა დამოკიდებულია აუზის გეოლოგიურ აგებულებაზე.[1]

მლაშე ტბებში შემდინარე წყლების მოცულობის თანაფარდობის ცვლილება და აორთქლება, აგრეთვე რაპის ტემპერატურული რეჟიმი იწვევს მისი მინერალიზაციისა და ქიმიური შედგენილობის პერიოდულ ცვლილებას. მლაშე ტბებიდან იღებენ სუფრის მარილს, სოდას, მირაბილიტს, ქლოროვან მაგნიუმს, ბრომის, იოდის, ბორის ნაერთებს და სხვა.[1]

ცნობილი მლაშე ტბებია: არალის ზღვა, კასპიის ზღვა, ბასკუნჩაკის ტბა, ელტონი, ბალხაში, ასალის ტბა, თუზის ტბა, ვანის ტბა, ურმია, მკვდარი ზღვა, ლაგუნა-კოლორადა, ლაგუნა-ვერდე, დიდი მლაშე ტბა, მონოს ტბა, ეირის ტბა და სხვა.

მლაშე ტბები გავრცელებულია საქართველოშიც, ამ მხრივ, აღსანიშნავია აბანოს მინერალური ტბა,[3] ქოჩების ტბა[4] ა.შ.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2014, გვ. 214–218.
  2. 2.0 2.1 2.2 Минеральное озеро | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-27. ციტირების თარიღი: 2021-06-24.
  3. საქართველოს სსრ წითელი წიგნი, „საბჭოთა საქართველო“, 1982, გვ. 231
  4. ლ. მარუაშვილი, საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბილისი, 1964, გვ. 271