მკითხავი, მისანი, წინასწარმეტყველი, ნიშთმჭვრეტელი, მარჩიელი, გამომცნობელი, ნიშთმზმელი, ტყირპის მსტური, ქადაგი, მეენე, მუცლით მეზღაპრე, მსახვრალი, შემლოცველი და სხვ. ხალხური რწმენით მომავლის ჭვრეტის ზებუნებრივი უნარით დაჯილდოებული, ღვთაების რჩეული, მისი ნების განმცხადებელი პირი, რომელსაც ძალუძს გაიგოს მავედრებლის გაჭირვება, გამოიცნოს ავადმყოფობა, შეულოცოს, წინასწარ დაინახოს პიროვნებისა და მთელი სოციალური ჯგუფის მომავალი, იწინასწარმეტყველოს ომი თუ მშვიდობა, მოსავლიანი თუ მწირი წელი, ამოიცნოს რომელი ღვთაებაა განრისხებული და რით შეიძლება მისი გულის მოგება; მკითხავები ხშირად „საიქიოს“ არიან ნამყოფნი და ამდენად „სულეთის“ ამბების თხრობაც შეუძლიათ.

ისტორია რედაქტირება

ისტორიულად მკითხავის ინსტიტუტი სათავეს იღებს გვარის ჯადოსნისგან, შამანისაგან, რომელთაგან, ერთ მხარეს წარმოადგენენ ოფიციალური კულტის მსახურნი, ქურუმები, ორაკულები, ქადაგები და „ხატის მეენეები“, ხოლო მეორე მხარეს — არაოფიციალური „წინასწარმეტყველი“, რომელთა ასპარეზი გაუნათლებელი და სოციალურად დაბალი მასა იყო. ოფიციალურ ორაკულებს დიდი ძალა ჰქონდათ და ძველ მსოფლიოში სერიოზულ გავლენას ახდენდნენ პიროვნების, სოციალური ჯგუფისა და მთელი საზოგადოების ბედზე.

მკითხავები პრაქტიკული მოქმედებისას სხვადასხვა მეთოდებით სარგებლობდნენ; მაგ. მისანი ჯადოსნურ ძალებს „იხმობდა“, ნიშთმჭვრეტელი ფრინველთა და ცხოველთა გამოჩენით, დაძახილით მკითხველობდა და ა.შ. ტყირპის მსტური, მსგავსად რომაულ ჰარუსპიკებისა, ცხოველთა შიგნეულის განლაგებით ირკვევდა მომავალს და ა.შ. შუა საუკუნეებში მკითხავებს ეკლესია დევნიდა, როგორც ეშმაკის მსახურებს. თანამედროვეობაში მკითხავის ინსტიტუტი ცრუმორწმუნეობასთან ერთად გაქრა, გასართობად იქცა და ყოველგვარი პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ.7 გვ. 50, თბ 1984 . ირ. სურგულაძე