მიკოლა ივანეს ძე გულაკი (უკრ. Мико́ла Іва́нович Гула́к, რუს. Никола́й Ива́нович Гула́к; დ. 25 მაისი, 1822, ვარშავა, — გ. 27 მაისი, 1899, ელიზავეტპოლი, ახლანდ. განჯა) — უკრაინელი მეცნიერი, პედაგოგი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე.

მიკოლა გულაკი

დაამთავრა დერპტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1843). 1845 წლიდან იყო რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სამსახურში. იყო საიდუმლო პოლიტიკური ორგანიზაცია „კირილე და მეთოდეს საძმოს“ ერთ-ერთი ფუძემდებელი და ხელმძღვანელი. ორგანიზაცია მიზნად ისახავდა ბატონყმობის დამხობას, სლავი ხალხების განთავისუფლებას ჩაგვრისა და დესპოტიზმისაგან, სლავური დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკის შექმნას. 1847 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს პერმში. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქში. 1863 წელს მასწავლებლად გადმოიყვანეს ქუთაისის, ხოლო 1867 წელს — თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. გაზეთებში: „კავკაზი", „ნოვოე ობოზრენიე", „ობზორი" და სხვ. აქვეყნებდა წერილებს ქართველოლოგიის საკითხებზე. მას ეკუთვნის რეცენზიები ფრანც კარლ ალტერის წიგნზე — „ქართული ლიტერატურის შესახებ" (1798) (გაზეთი „კავკაზი", 1882, №271–272), ილია ჭავჭავაძისა და პეტრე უმიკაშვილის „ვისრამიანის" ქართული გამოცემის (გაზეთი „კავკაზი", 1885, №216), „ვეფხისტყაოსნის“ არტურ ლაისტისეული გერმანული თარგმანის თაობაზე (გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე", 1891, 2. V). გულაკს დაწერილი აქვს ნაშრომი „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ. ამ გამოკვლევაში ორიგინალურად არის გაშუქებული პოემის იდეები და სახეები, განსაზღვრულია მისი ადგილი მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში და მოცემულია საინტერესო მსჯელობა ქართული ლექსის ბუნების შესახებ. გულაკი ავტორია ლინგვისტური გამოკვლევისა „ქართული ენის ადგილი ინდოევროპულ ენათა ოჯახში“.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Древнейшие авторы ( греческие и римские) о Грузии и грузинских племенах (1876), საქართვ. მეცნ. აკადემიის კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტი. ე. ვეიდენბაუმის არქივი, საქმე 490, ფ. 1–20;
  • Древнейшее свидетельство о грузинском языке (1882), იქვე, საქმე 506, ფ. 1–90;
  • О "Барсовой коже Руставели“, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», 1884, в. 4;
  • О месте, занимаемом грузинским языком в семье индоевропейских языков, იქვე, 1899, в. 26.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Баканидзе О. А., Из грузино-украинских связей, Тб., 1968; Из истории украинско-грузинских связей, К., 1971; Радужными мостами, К., 1968, с. 18–32.