მეტისები — ტერმინი ტრადიციულად იხმარება ლათინურ ამერიკასა და ესპანეთში ევროპელი და ამერიკის ადგილობრივ ხალხთა შერევით წარმოშობილი ადამიანების აღსანიშნავად. ტერმინი ჩამოყალიბდა როგორც რასისტული კატეგორია იმ კასტური სისტემისა, რომელიც მოქმედებდა ესპანეთის იმპერიის ამერიკულ კოლონიებში. გამოიყენებოდა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ერთი მშობელი ევროპული წარმოშობის ჰყავდა, მაგრამ ამერიკის ადგილობრივ ინდიელთა წარმომადგენელი იყო. მეტისს ბევრად ნაკლები უფლებები გააჩნდა, ვიდრე კრეოლს, ახალ სამყაროში დაბადებულ ორივე მშობლით ევროპელ ადამიანს, მაგრამ გააჩნდა მეტი უფლებები, ვიდრე ინდიელს ან ზანგს.

მეტისი მამაკაცი და მისი ინდიელი ცოლი, 1763, მიგელ კაბრერა

კოლონიალიზმის პერიოდში, მეტისები სულ მალე გახდნენ ლათინური ამერიკის ძირითადი ეთნიკური ჯგუფი, ხოლო უკვე კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, მეტისები ხშირად დომინანტ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდნენ.

ესპანური სიტყვა მეტისი (Mestizo) მოდის ლათინური სიტყვიდან mixticius, რაც შერეულს ნიშნავს.[1][2]

მეტისები მექსიკაში რედაქტირება

იუკატანის ნახევარკუნძულზე მცხოვრები მაიას ტომელები იგივე მაიერო (Mayero), მასეუალა (Masehual). ადგილობრივები მათ მეტისებს (mestizos) უწოდებენ.

საცხოვრებელი არეალი რედაქტირება

მეტისების ძირითადი გავრცელების არეალია მექსიკის ტერიტორია, კამპეჩეს, იუკატანის და კინტანა როოს შტაები. მიუხედავად დაბალი სოციალურ-ეკონომიკური დონისა ისინი წარმოადგენენ კულტურულ და დემოგრაფიულ უმრავლესობას, თუ არ ჩავთვლით ქალაქ კანკუნს. ისეთ დიდ ქალაქებშიც კი, როგორებიცაა: მერიდა, ჩეტუმალი კამპეჩე და ვალადოლიდი, მრავალი ადამიანი საუბრობს მაიას ენაზე.

კულტურა რედაქტირება

მეტისების კულტურა ძალიან ძველი და ენდემურია ნახევარკუნძულისთვის. რეგიონში არსებობს ათასობით ისტორიული დასახლება, რომელშიც ოდესღაც მაიას ტომელები ცხოვრობდნენ, ზოგი მათგანი ტურისტულ ღირშესანიშნაობად იქცა, თუმცა უმეტესობა დღემდე აღმოსაჩენია და ნაყარი მიწის სქელი ფენითაა დაფარული. მრავალი სამეციერო კვლევა შეისწავლიდა ამ უძველეს კულტურას, მასთან ასოცირებულ იეროგლიფურ დამწერლობას, მათ კალენდარს და მონუმენტალურ არქიტექტურას, რის შედეგადაც წარმოგივსახავს დიდებულ, ლეგენდარულ ტომს, თუმცა ესპანელთა მიერ კოლონიზაციამ და დამონებამ გამოიწვია წყვეტა ახლანდელ და მათ დიდებულ წინაპართა ცხოვრების წესს შორის. ადრეულ 1500-იან წლებში დაწყებულმა საზოგადიებრივმა ცვლილებებმა გააქრო მანამდე არსებული ადგილობრივი სოციალური სტუქტურები. ტომი ამას შეეგუა სასოფლო-სამეურნეო ცხოვრებაზე ფოკუსირებით, რის რეგულირებაშიც წინაპართა კოსმოლოგიურ ცოდნას იყენებდნენ. ნახევარკუნძულის გარშემო არის გარკვეული ვარიაციები ამ სასოფლო ცხოვრების წესისა, გამომდინარე ტურიზმისა და უბანიზაციის დონის ზრდიდან. ყველაზე კარგად, ხელუხლებლად და კონსერვატიულად ეგრეთ წოდებულ „მაიას ზონაშია“ კუინტანა როოს პრეფექტურაშია შემონახული მათი კულტურა. ბუნებრივად იზოლირებულმა საცხოვრებელმა გარემომ, დამოუკიდებელმა ენამ და კლიმატზე კარგად მორგებულმა აგროკულტურამ მეტისებს თვითმყოფადობა დღემდე შემოინახა, მიუხედავად იმისა რომ თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა მოუწოდებს ახალგაზრდებს წინაპრებისგან განსხვავებული აგროკულტურული ცხოვრება აიჩიონ. უკვე არსებობენ მაია ექიმები, ადვოკატები პოლიტიკოსები, სკოლის მასწავლებლები, ჟურნალისტები და დღიური მუშები, რომლებიც ხშირად დეღემდე მისდევენ მათ კულტურულ ნორმებს, თუმცა არსებობენ გამნაკლისებიც. ისინი კი ვინც მაინც ოჯახური მოვალეობას აღსასრულებს და სოფელში მიდის ხშირად ამას სულიერი მოტივით აკეთებს. განსაკუთრებით კანკუნში, ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებული მიმტანები, დამლაგებლები, მშენებლები და მეძავები ცდილობენ ცხოვრება რაღაცთ მიამსგასვსონ საკუთარ სოეფლს, თუნდაც ტრადიციული მკურნალების და ბებიაქალების მოყვანით საკუთარ სახლში.[3]

საზოგადოება რედაქტირება

1898 წელს ჯონ ტომფსონი წერს წიგნს მეტისების ეთნოლოგიის შესახებ (“Ethnology of the Mayas of southern and central British Honduras). როგორც ყველა საზოგადოებაში მცხოვრებ ინდივიდებს, მეტისების ტომსაც ჰყავდათ ხელმძღვანელი, რომელიც ერთგვარად, დემოკრატიული წესით იყო არჩეული. ავტორის თანახმად, თითოეულ მნიშვნელოვან სოფელს საკუთარი მაგისტრატი (ესპ. Alcade) ჰყავდა, რომელსაც ყოველი წლის იანვარში ირჩევდნენ კენჭისყრის გზით. ტომფსონი არჩევნებს შემდეგნაირად აღწერს: სოფლის ყველა მამაკაცი იკრიბებოდა ერთ ქოხში, სადაც ტარდებოდა ღია კენჭისყრა. უხუცესი წარადგენდა კანდიდატებს, რომელსაც მოსახლეობა ხელის აწევით აძლევდა ხმას. შესაბამისად, იმარჯვებდა ის კანდიდატი, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა ექნებოდა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ მამაკაცებს 17 წლის ზემოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად არსებული დემოკრატიისა, იყო შემთხვევები, როდესაც უხუცესი მხოლოდ ერთ კანდიდატს ასახელებდა არჩევნებზე კენჭისსაყრელად. არჩეული მაგისტრატის მოვალეობას წარმოადგენდა სამართლებრივი წესის აღსრულება, სოციალური საკითხების მოგვარება და წესრიგის შენარჩუნება. მის ხელფასი შეადგენდა ოთხ დოლარს. ჰყავდა ვიცე-მაგისტრატი და რვა პოლიციელი. მათ ხელფასი არ ენიშნებოდათ, პოლიციელების შემოსავალი წარმოადგენდა 25 ცენტს ყოველ დაჭერილ და დამნაშავეზე. მაგისტრატი ითავსებდა მსაჯულის როლსაც. მას ჰქონდა უფლება, გაესამართლებინა დამნაშავე, დაეკისრებინა მისთვის ჯარიმა (არაუმეტეს 25 დოლარისა) და ასევე აღეკვეთა მისთვის თავისუფლება 7 დღის ვადით.[4]

მეტისების საზოგადოებაში არსებულ დემოკრატიის ერთგვარი სახის არსებობას ხაზს უსვამს პატიმრის უფლება, მიმართოს პუნტა გორდას სასამართლოს განაჩენის გასასაჩივრებლად. ამ სასამართლოს მიმართავდა თავად მსაჯულიც, როდესაც მისთვის მინიჭებული სასჯელის უფლება არ შეესაბამებოდა დანაშაულის სიმძიმეს.

მეტისების საზოგადოების მმართველი წრე მხოლოდ მამაკაცებისაგან შედგებოდა. მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ უფლება საჯარო შეკრებებზე დასწრებისა, მხოლოდ მამაკაცები ხდებოდნენ ოფიცრები, ადგილობრივებიდან მხოლოდ მამაკაცები იყვნენ მასწავლებლები, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ადგილობრივთაგან განსხვავებით, უცხოეთიდან ჩამოსული ზოგიერთი ქალიც ითავსებდა ამ პროფესიას.[4]

ქალის სოციალური სტატუსი საზოგადოებაში რედაქტირება

ისტორიკოსები და ანთროპოლოგები დიდი ხნის განმავლობაში დაობდნენ მეტისების საზოგადოებაში ქალის სოციალურ სტატუსზე. ქალებს არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება.

მაგალითად, ბიშოპ ლანდა აღწერს მაიას ტომის დიდ შეკრებებსა და ნადიმებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მხოლოდ მამაკაცები იყვნენ დაპატიჟებულნი, სვამდნენ და მიირთმევდნენ ნადიმზე, ხოლო ქალები გარეთ ელოდებოდნენ მათ, იმისათვის რომ მთვრალ ქმრებს დახმარებოდნენ სახლში მისვლაში და მათზე ეზრუნათ.

შვედი ანთროპოლოგი ანნა-ბრიტტა ჰელბორნი კი თავის წიგნში „ანტიკური მაიას ქალები“ (1967) წერს, რომ ქალის როლი საზოგადოებაში მეცნიერების მიერ განიხილება ცოლობისა და დედობის კონტექსტიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ქალების პორტრეტები იხატებოდა სიუჟეტით, რომელიც სახლისა და ოჯახურ გარემოში ვითარდებოდა. შესაბამისად, რთულდებოდა იმაზე თავისუფლად მსჯელობა, თუ რას მოვალეობები ეკისრებოდა ქალს სახლის გარეთ.[5]

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გამიო და ლეონ-პორტილლა თვლიდნენ, რომ ქალები დიდი პრესტიჟით სარგებლობდნენ საზოგადოებაში, და რომ მათ მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდათ.

ქალებისადმი დამოკიდებულება ნათლად ჩანს ქორწინების ტრადიციასა და ოჯახის კულტის განხილვის დროს.

ქორწინების ტრადიცია რედაქტირება

ჯონ ტომფსონის წიგნის მიხედვით, მამაკაცები 20 წლის ასაკამდე ქორწინდებიან, გოგონები კი - 16 წლამდე უკვე გათხოვილები არიან. ეკლესია 14 წლის ქვემოთ ბავშვებსაც არ უკრძალავს ჯვრისწერას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 15 წლის ასაკში ახალგაზრდები უკვე მომწიფებულ ინდივიდებად ითვლებიან („ცხრა მაიას ქალი“).[4][5]

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეტისების საზოგადოებაში გავრცელებული იყო ქორწილის გარეთ სექსუალური ურთიერთობები ქალსა და ვაჟს შორის. ხშირად ასეთი სახის ურთიერთობა ქორწილით სრულდებოდა, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ გოგონა დაორსულდებოდა. „ცხრა მაიას ქალის“ წიგნში შემდეგ უცნაურ ფაქტს ვაწყდებით, რომლის მიხედვითაც, თუ მამაკაცს სურდა ექორწინა არაქალიშვილ გოგონაზე, ქალის მდგომარეობის შესახებ საქმროს აფრთხილებდა ის კაცი, რომელთანაც მას სექსუალური კავშირი ჰქონდა.[5]

მეტისებს საინტერესო ქორწინებისა და ხელი თხოვნის ტრადიცია ჰქონდათ. თუ ყმაწვილი კაცი გოგონას ცოლად შერთვას გადაწყვეტდა, იგი ქალის მშობლებთან გზავნიდა კაცს ხელის სათხოვნელად. ეს ადამიანი ხშირ შემთხვევაში სასიძოს ნათესავი ან დაოჯახებული უფროსი ძმა იყო. მშობლები წყვეტდნენ ქალის გათხოვების საკითხს. როდესაც ისინი სასიძოს პასუხს ეუბნებოდნენ, არ ითვალისწინებდნენ გოგონას აზრს. შესაბამისად, ქალი იძულებული იყო დათანხმებოდა ქორწინებას.

XVI საუკუნეში 12 ან 14 წლის გოგონებს უკვე აქორწინებდნენ. გოგონები არ ეწინააღმდეგებოდნენ მამების ნებას. ასეთ პატარა ასაკში გათხოვებას თავისი მიზეზები ჰქონდა. სასიძოებისათვის მნიშვნელოვანი იყო ხარისხი, რომელსაც ისინი ქალში აფასებდნენ, ეს იყო ახალგაზრდობა, კარგი ჯანმრთელობა და სერიოზული დისპოზიცია. ის ქალები, რომლებიც ბევრს იცინოდნენ ან ლაპარაკობდნენ, ითვლებოდა რომ სიზარმაცისკენ იყვნენ მიდრეკილნი. ასევე მამაკაცებისათვის ქალში სასურველ თვისებას სიბეჯითე წარმოადგენდა.

ძირითადად მამები არჩევდნენ გოგონებს, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ქალის არჩევა ბიჭის მიერ ხდებოდა და შემდეგ თხოვდნენ მამებს ნებართვას. მამები დიდ ყურადღებას აქცევდნენ იმას, რომ ეპოვათ შესაბამისი ცოლები თავიანთი ვაჟებისათვის. სასურველი იყო გოგონების მოძებნა, რომლებიც იმავე საზოგადოებრივი კლასიდან იქნებოდნენ, რომელიდანაც სასიძოს ოჯახი იყო და ასევე იმავე სოფლიდან.[6]

არსებობდა გარკვეული სექსუალური ტაბუებიც. აკრძალული იყო გოგონაზე ქორწინება, რომელიც იმავე გვარს ატარებდა, რომელსაც სასიძოს ოჯახი. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ ბიძაშვილებს შორის ქორწინება არ იყო აკრძალული.

მეტისების საზოგადოებაში მიღებული იყო მზითევის ტრადიციაც, რომელსაც სასიძოს ოჯახი გადასცემდა საცოლეს. ქალს საჩუქრად ტანისამოსსა და თმის ზეთს ართმევდნენ. ქორწინებაზე თანხმობის განცხადების შემდეგ, ვაჟს ეკისრებოდა ვალდებულება, ეზრუნა საცოლეს ოჯახზე, მოემარაგებინა საკვებით, შეშით, სხვადასხვა პროდუქტით. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ვაჟი საკუთარ სახლში ცხოვრობდა და არა საცოლესთან. ამ მიზეზით, ნიშნობა ხანმოკლე იყო მოცემულ საზოგადოებაში.

ქორწილის ხარჯებს სასიძოს ოჯახი ფარავდა. დედამთილი უკერავდა ტანისამოსს თავის ვაჟსა და მომავალ რძალს. თუ გოგონა თავისი ქმრის ოჯახთან ცხოვრობდა ქორწინების შემდეგ, მას უწოდებდნენ ilibtzil, ხოლო თუ ვაჟი მიდიოდა ცოლის ოჯახში საცხოვრებლად მას უწოდებდნენ hauncabzil. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეტისების ადრეულ საზოგადოებაში, კერძოდ კი პრეკოლუმბიურ პერიოდში მიუღებელი იყო განქორწინების ტრადიცია. ამის მაგივრად ხდებოდა ოჯახის მიტოვება, რაც გულისხმობს იმას, რომ წყვილი ერთმანეთ შორდებოდა, შეიძლება ცალ-ცალკეც ეცხოვრათ, თუმცა ეს არ იყო განქორწინება. ჯეინ ფიშბურნი გამოკვლევებზე დაკვირვების შედეგად ამბობს, რომ „ქალებისათვის ბევრად მარტივია ქმრის გარეშე ცხოვრება, ვიდრე კაცისათვის ცოლის გარეშე ცხოვრება.“ (1971)[5]

30-იან წლებში ჩნდება პოლიგამიური ოჯახები, რომლებშიც მამაკაცებს მეორე ცოლიც ჰყავდათ. ცოლებს არ მოეთხოვებოდათ ქალიშვილობა. დონ ტრინი ამბობს, რომ მის ვაჟს, მიუხედავად იმისა, რომ ცოლიანია, ჰყავს 7 შვილი სხვა ქალისგან, და ხანდახან კიდევ აკითხავს ხოლმე.

ასევე არსებობდა ისეთი ტრადიცია, რომ ერთ ქალთან სხვადასხვა ცოლიანი კაცი დადიოდა. ამის შესახებ განნი ამბობს, ეს ძალიან ამორალური საქციელი იყო ცოლიანი კაცისათვის. ასეთი ქცევის შედეგად, ყოველწლიურად მისი სულიდან ამომავალი საყვირი გაიზრდება და მისი სული ვეღარ შეძლებს სამოთხეში ვიწრო ფანჯრიდან შესვლას, რის გამოც იძულებული იქნება დაბრუნდეს დედამიწაზე როგორც ქარი, რომელიც ყანებზე გვალვის დროს ქრის.

იმის გათვალისწინებით, რომ ქალებს საკუთარი ნება-სურვილის გარეშე ათხოვებდნენ, მაინც გასაკვირია მოსახლეობის დამოკიდებულება მოცემული საკითხის მიმართ. წიგნში „ცხრა მაიას ტომის ქალი“ არის ერთი საინტერესო მონაკვეთი, როდესაც ერიკ ფომანი ეკითხებოდა მეტისების საზოგადოებაში მცხოვრებ ქალებს ბედნიერნი იყვნენ თუ არა ისინი, ქალების პასუხი დადებითი იყო და ისინი ამბობდნენ, რომ კმაყოფილნი იყვნენ მისით.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახები სიყვარულის გარეშე იქმნებოდა, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მეტისების საზოგადოებაში ოჯახის კულტი ძალიან მყარი იყო და შეუღლებული წყვილი თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ.

ქალების მამებს მიაჩნდათ, რომ გათხოვილი ქალიშვილები ყველაზე ბედნიერები იყვნენ. მიუხედავად „ძალადობრივი“ გათხოვებისა, გოგონები ამბობდნენ, რომ სიყვარული არსებობდა მაიას ტომში იმავე სიდიდით, როგორითაც გავრცელებული იყო ევროპის მოსახლეობაში. ბიჭი, რომელიც ქორწინებამდე ქალისთვის უცნობი იყო, შემდეგ მისი საყვარელი ხდებოდა.[5]

სქესთა შორის შრომითი განაწილება რედაქტირება

სქესებს შორის შრომითი მოვალეობები ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავებული იყო. მამაკაცები ოჯახში დომინანტურ პოზიციას ფლობენ. ეუფლებიან ისეთ პროფესიებს, როგორიც არის მცხობელისა და დალაქის, თუმცა ეს მათ ნახევარგანაკვეთიან სამუშაოს შეადგენს, რომელსაც უთავსებენ ნადირობასა და აგრარულ საქმიანობას. მეტისების საზოგადოების ეკონომიკური მოწყობა ძალიან მარტივი იყო, მათი არსებობის წყაროს აგრარული სექტორი და მონადირე-შემგროვებლობა წარმოადგენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობა არ იყო კომერციული სპეციალისტებისგან შემდგარი, შესაბამისად მეტისებში ვაჭრობა არ სარგებლობდა პოპულარობით.[6]

მამაკაცები მუშაობდნენ ტყეში, ყანაში, შესაბამისად, ისინი ძირითადად აგრარულ სექტორში იყვნენ დასაქმებულნი. ამ სქესის წარმომადგენლები უვლიდნენ პირუტყვს, ფუტკრების კოლონიებს - უშენებდნენ სკებს, იღებდნენ თაფლს. თუმცა მიღებული პროდუქტის სახლში შეტანისთანავე იგი ქალი განკარგულებაში გადადიოდა. ქალები ადუღებდნენ თაფლს, ასუფთავებდნენ მინარევებისაგან. მათ მოვალეობაში შედიოდა სახლის მოვლა და ბავშვების აღზრდა. ისინი უვლიდნენ სახლის პატარა ბაღებს, ბაღჩებს, ნარგავებს. მათ მოვალეობაში შედიოდა შინაური ფრინველის მოვლა. მაშინ როდესაც მამაკაცების სამუშაო საჯარო სექტორთან იყო კავშირში, ქალების საქმიანობა ძირითადად საშინაო საქმეებს შეეხებოდა.[6]

ოჯახის კულტი რედაქტირება

ოჯახში ერთგვარი ჰარმონია სუფევდა. ძლიერი მამაკაცი პატივისცემით ეპყრობოდა ცოლს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე ცოლიც და ქმარიც შეთანხმებულნი იყვნენ - უფრო მნიშვნელოვანი იყო ქალის სიყვარული, ვიდრე სახლის დალაგება და დასუფთავება. თუმცა ამის საპირისპიროდ, დონა ვიქტორია ამბობს, რომ ქალის სიყვარული გამოიხატება იმაში, თუ როგორ უვლის და ასუფთავებს ის სახლს.

ბავშვებისადმი მშობლებს ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ. მათი ურთიერთობა ასხივებდა ბედნიერებასა და სიმშვიდეს. აღსანიშნავია, რომ მშობლების მხრიდან სასჯელებისადმი და აღზრდისადმი ნაკლები ყურადღება არსებობდა. მათი მიდგომა შემდეგ აზრს ემყარებოდა, რომ ბავშვის აღზრდა არ არის მნიშვნელოვანი, მან თვითონ უნდა გაიგოს რა როგორ უნდა აკეთოს. ამის შესახებ არსებობდა სიმღერა, რომლის მიხედვითაც: პატარა თაგვი იწვავს ხელს, დედამ ურჩენს მას იარას, თუმცა შვილს არც არაფერს უკრძალავს და არც აფრთხილებს, რადგან პატარა თაგვმა უკვე იცოდა, რომ ცეცხლი საშიშია. მეტისის საზოგადოების წევრთათვის დასმულ კითხვაზე - მშობლებისადმი დაუმორჩილებლობა? პასუხი ყველას იდენტური ჰქონდა - არასდროს. ადრეული ასაკიდანვე ბავშვები პატივს სცემდნენ დედების სურვილებსა და უფლებებს. დედებსაც უყვარდათ თავიანთი ბავშვები. მათთვის მიუღებელი იყო აბორტი, ან შვილის მკვლელობა.

შვილზე ზრუნვა ქალების მოვალეობა იყო, თუმცა ხანდახან უფროსი და-ძმებიც უვლიდნენ პატარებს. სქესებს შორის განსხვავების მოსასპობად, მათ შორის განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად კარგი საშუალება იყო ის რომ, ხშირად დები უვლიდნენ პატარა ძმებს, ხოლო ძმები - დებს. ამ ფორმით, სქესთა შორის ყალიბდებოდა ურთიერთობა, რომელიც პატივისცემით იყო განმსჭვალული..[6]

ეთნოლოგების ინფორმაციაზე დაყრდნობით, პატარა ასაკის შემდეგ გოგონები და ბიჭები ცალ-ცალკე თამაშობდნენ. მეტისებისათვის მიუღებელი იყო მომწიფების ასაკში მყოფი სხვადასხვა სქესის ახალგაზრდების ერთად თამაში.

საინტერესოა ის, რომ ქალები გოგონებს არ აფრთხილებდნენ მენსტრუაციის შესახებ. ისინი თვლიდნენ, რომ ამის შესახებ წინასწარ საუბარი არ იყო აუცილებელი. ასევე მათ უკრძალავდნენ 12 წლის შემდეგ სკოლაში სიარულს, რადგან ამბობდნენ, რომ არ იყო კარგი იმ ასაკის გოგონების ბიჭებთან ერთად ერთ სკოლაში ყოფნა, რა ასაკშიც მათ უკვე მენსტრუაცია ჰქონდათ. ამ პერიოდიდან უკვე მკაფიოდ ჩანს გაყოფა სქესებს შორის თამაშის დროს. მათ ეს უფრო მაგალითის მიხედვით იციან, ვიდრე ინსტრუქციით. მიუხედავად იმისა, რომ ქალები ავტორთან თავისუფლად ლაპარაკობდნენ მენსტრუაციის შესახებ, სექსი და შობადობის კონტროლი ტაბუდადებულ თემას წარმოადგენს, რის მიზეზადაც ლინგვისტური პრობლემები შეიძლება ჩაითვალოს. ავტორი მიიჩნევს, რომ მან არ იცოდა მაიას ენის სპეციფიკური ტერმინოლოგია, რომელიც ამ საკითხებს შეეხებოდა და რომლებსაც მხოლოდ მაიას ხალხი იყენებდა ამ თემის გარჩევის დროს.[5]

მეტისების ენა რედაქტირება

ძველი მეტისების ენა სხვა კოლუმბამდელი პერიოდის ენებისგან განსხვავებით ყველაზე დეტალურადაა შემონახული, რაც აიხსნება ათასობით მონუმენტური თუ საყოფაცხოვრებო წარწერის არსებობით. დღეისათვის ძველი მასიას ენის გრამატიკული თუ ფონეტიკური კონსტრუქციები საკმაოდ ნაცნობია, გამომდინარე ათწლეულების განმავლობაში გაშიფრული წარწერებიდან. მათი ძველი ენა თავის თავში აერთიანებდა რამდენიმე განშტოებას მათ შორის იუკატეკურს ( Yukatekan), ენას რომის მოდიფიცირებულ ვერსიასაც იყენებენ თანამედროვე მაიას შთამომავლები.[7]

ესპანური კულტუის გავლენა აქტიურად XVII-XVIII საუკუნეებში გავრცელდა, აქედან გამომიდანე მეტისებში სწორედ ამ პერიოდში მოხდა ლექსიკური ცვლილებების დიდი ნაწილი, თუმცა გასათველისწინებელია ისიც, რომ ეს პროცესი ცენტრალურ მექსიკაში უფრო ადრე დაიწყო. ესპანელებთან კონტაქტის დამყარების პირველი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ადგილობრივებმა მრავალი ახალი ნივთი და ცხოველი აღმოაჩინეს, რამაც მათ ლექსიკონში დიდი რაოდენობის ნეოლოგიზმები შეიტანა, მაგრამ მაიას ტომს გეოგრაფიული დაშორების გამო ნაკლებად შეეხო ეს პროცესი. საფეხურობრივად ენამ შეითვისა ახალი სიტყვები, თუმცა ტომმა ნეოლოგიზმების როგორც ფონეტიკური ასევე ორთოგრაფიული მხარე შეცვალა. ადრეულ კოლონიურ პერიოდში მეტისებმა მიიღეს ნეოლოგიზმები, თუმცა ესპანური გავლენის ქვეში მოხვედრილი ცენტრალური მექსიკის ტომებისგან გასხვავებით ფაქტობრივად დღემდე შეინარჩუნეს ენის თვითმყოფადობა. გრამატიკული ცვლილებები კოლონიურ ერაში ფაქტობრივად არ მომხდარა, იუკატეკურიდან ამ პერიოდში გაქრა რამდენიმე გრამატიკული თვისება, თუმცა ეს ძალიან ადრეულ პერიოდში მოხდა. მათ ესპანურიდან ძალიან ცოტა ზმნა აიღეს და მიღებულ ზმნებსაც კი იშვიათად იყენებდნენ. ასევე არ გვხვდება ესპანურიდან გადმოსული ნაწილაკები, საერთოდ კოლონიური პეროდის მაიას წარწერებში სინტაქსური გავლენა საერთოდ არ შეინიშნება. მართლწერის ცლილება შემოსულ სიტყვებში ამტკიცებს მათ მიერ ესპანური სიტყვების მორგებას, სასაუბრო ენაშიც ესპანური სიტყვა გამოყენების შემთხვევაშიც შეცვლილია გამოთქმა მეტისების ფონეტიკით. მოსაუბრეებმა მოახერხეს ესპანურის ასიმილაცია და ნასესხები სიტყვები სრულიად აქციეს საკუთარი ენის ნაწილად. ესპანურის „მაიანიზაციის“ პროცესს შეუწყო ხელი იმანაც, რომ ენების ფონოლოგიური და ორთოგრაფიული სისტემები სრულიად განსხვავდება და ესპანურიდან მიღებული სიტყვები რიგ შემთხვევაში იმდენად შეიცვალა, რომ ამოცნობაც კი რთული ხდება. მართლწერაც მორგებულია ენაზე და მეთვრამეტე საუკუნეშიც კი არ ხდება ლ/რ დიფერენციაცია, თუმცა ამ პერიოდში ქრისტიანული სახელები გავრცელდა მეტისებში და მათ სწორად წერენ. არის სიტყვები, რომლებიც ენაში არსებობის მიუხედავად, მაინც შემოვიდა, თუმცა მათ იყენებენ, როგორც სინონიმებსა, ხოლო ზოგ ასეთ შემთხვევაში შემოსული სიტყვა უკვე სხვა მნიშვნელობის გახდა. ასეთი ტერმინების გამოყენება და გამოყენების სიხშირე საუბარში დამოკიდებულია სახცოვრებელ რეგიონზე და სოციალურ დონეზე. ჩვეულებრივ ბიკულტურული შერწყმისას როგორც ეს იუკატანის მაიას მოუვიდა ერთი ტერმინი რჩება დომინანტად, თუმცა ამ ენაში ასე არ მოხდა, რამაც ენა კიდევ უფრო გამძლე და თვითმყოფადი გახადა. ამის წყალობით მეცხრამეტე საუკუნსთვისაც კი როცა თითქმის ყველა ადგილობრივი ტომი ასიმილირებულია ენობრივად ესპანურში ტომის უმეტესობისთვის ესპანური მეორე ენაა.[8]

ამ დროისთვის იუკატანელი მაიას ენა იუკატეკური გრამატიკულად და ლექსიკურად სრულიად ფუნქციონალური ენაა. მორფოლოგიური თვალსაზრისით ენა მსუბუქად პოლისინთეტიკურია აჩვენებს რა ზმნისა და არსებითი სახელის შეერთების ტენდენციას. ზმნისა და არსებითი სახელის ჯვარედინი მიმართება ქმნის წინადადებას. ზოგადი მორფოლოგიური სტრატეგია არის შეერთება შერწყმულ ზმნათა კომპლექსთან გარკვეული მსგავსებით. ნომინალური მორფოლოგია საკმაოდ მარტივია. შედარებით რთულია ნომინალური სინტაქსი. ენას გააჩნია რაოდენობითი და ბრუნებითი აფიქსები. გრამატიკის გამოყენებითი ნაწილი კარგადაა განვითარებული, ჩანს რა მორფოლოგიურ-სინტაქსური განსხვავება არსებით სახელების კლასების მიხედვით. ზმნის მორფოლოგია ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე ნომინალური. ასპექტი აუცილებლად არის გამოკვეთილი ზმნაში. არსებობს მდიდარი სახეები ზმნის ფორმაცვლილებისა, რომელიც უცვლის ასპექტურ მნიშვნელობას.[9]

შამანიზმი რედაქტირება

შამანი არის პიროვნება რომელსაც აქვს კავშირი და გავლენა კეთილ და ბოროტ სულებთან, განსაკუთრებით ჩრდილოეთ აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკიის ხალხებში. ტიპურად ასეთი ადამიანები შედიან ტრანსის მდგომარეობაში რიტუალის დროს. ისინი ატარებენ განწმენდასა და მკურნალობას.

შამანური მკურნალობა ათასობით წლებს ითვლის და კიდევ ათასობით წელი იარსებებს. ევროცენტრული ხანის დროს, ემპირიციზმისა და მატერიალიზმის დაბადებასთან ერთად, ადამიანები დაშორდნენ უხილავისა და გაუგონარის რწმენას. ამ რეალობამ თავისი გზა იპოვა ამერიკაშიც, დაახლოებით 500 წლის წინ ესპანური ინკვიზიციის შეიარაღებული ძალების, უცხო ვირუსების ძალით ამ დამოკიდებულებამ გაანადგურა კულტურები, დააკნინა მათი მედიცინა და წაართვა მათ ღმერთები. მიუხედავად ამისა, დარჩნენ ისეთი გამბედავი სულები, რომლებიც კონკისტადორებისგან მალულად აგრძელებდნენ თავიანთ მაგიურ რიტუალებს.[10]

ვეგეტალიზმო რედაქტირება

პერუს ამაზონიურ პროვინციებში ადგილობრივი შამანური ტრადიციები დღემდე შემორჩენილია მეტისების მოსახლეობაში. მის პრაქტიკოსებს, რომლებიც საკუთარ თავებს ვეგეტალისტებს ეძახიან (ტერმინიდან ვეგეტალიზმო). სჯერათ, რომ ზოგ მცენარეს აქვს სული, საიდანაც ამ და სხვა მსოფლიოების შესახებ ინფორმაციის შეგროვება შეიძლება, იმ შემთხვევაში, თუ ეს მცენარეები მოხმარებულია კონკრეტული პირობებში. ეს პირობებია სქესობრივი სეგრეგაცია და დიეტა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 6 თვიდან რამდენიმე წლამდე. ზოგ ასეთ მცენარეს აქვს ფსიქოდელიური თვისებები, ან შეიცავს მნიშვნელოვან ბიოდინამიურ შენაერთებს. კომპონენტები Banisteriopsis caapi და Psycgotria viridis არის გამოყენებული აიაჰუასკას დამზადებისთვის, ეს არის ფსიქოტროპული ხსნარი, რომლის მეშვეობითაც ვეგეტალისტები უკავშირდებიან სულების სამყაროს, რათა დასვან დიაგნოზი და უმკურნალონ დაავადებს. აიაჰუასკას ხსნარის მომზადებისთვის გამოყენებული შეიძლება იყოს დამატებით სხვა მცენარეებიც. შამანმა შეიძლება აიაჰჰუასკას მიღებასთან ერთად, იმღეროს შელოცვის სიტყვები. სიმღერა გრძელდება ხოლმე მთელი ღამის განმავლობაში, როცა შამანის და პაციენტის გარდა ყველას ძინავს.[11][12]

მესტიზოს მოსახლეობაში რამდენიმე ტიპის შამანი არსებობს. ვეგეტალისტა, როგორც უკვე ვთქვით თავის ცოდნას იღებს მცენარეებისგან, რომელსაც შემდგომ დიაგნოზის დასმასა და მკურნალობაში იყენებს. ვეგეტალისტებს შორის არსებობს რამდენიმე სპეციალიზაცია: Camalonguero არის პიროვნება რომელიც იყენებს camalonga-ს; Tabaquero, ვინც ძირითადად იყენებს თამბაქოს; Palero, რომელიც იყენებს ძლიერ ფსიქოტროპულ მცენარეს palos-ს და ayahuasqero რომელიც იყენებს ayahuasca-ს (ayahuasca); რა თქმა უნდა, შესაძლებელია ერთი პიროვნება რემდენიმე მცენარის ექსპერტიც იყოს. ვეგეტალისტებს ხშირად ეძახიან შემდეგ სახელებსა: mastero, doctoro, medico ან მარტივად viejito.[11]

ვეგეტალისტების მეთოდები, დიეტა და სექსუალური სეგრეგაცია რედაქტირება

ვეგეტალისტები პირდაპირ სულებისგან „სწავლობენ“. უფროსი შამანის ფუნქციაა, დაიცვას დამწყებუ ვეგეტალისტი ბოროტი სულებისგან, მათი ჯადოებისგან. ასევე მან უნდა ასწავლოს დიეტის და წესების შესახებ. თუმცა ახალბედა შელოცვების და სიმღერების შესახებ უშუალოდ მცენარეებისგან სწავლობს.

ყველა, ვინც „დაუფლებულია“ შამანიზმს, ხაზს უსვამს დიეტის და სექსუალური ცხოვრებისგან თავშეკავების მნიშვნელობას სწავლის პერიოდში, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოააშკარევებნ თავიანთ თავებს მცენარეები, რის შემდეგაც მოსწავლე მათგან მიიღებს საჭირო ინფორმაციას. ეს დეტალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეტისების ყოველდღიურ ცხოვრებაში.[11]

ხშირია ისეთი შემთხვევები, რომ ნეოფიტს სული თავისით ეცხადება და ისე უწესებს დიეტის ხანგრძლივობას ან ხასიათს. ამ დიეტის მინიმალური ხანგრძლივობაა 6 თვე, თუმცა არსებობენ ისეთი ვეგეტალისტებიც, რომლებიც კვების წესებს 12 წელი იცავდნენ.

იდეალურ შემთხვევაში, ეს დიეტა შედგება გარკვეული შებოლილი მცენარეებისგან, შებოლილი თევზისგან და ხანდახან ზოგიერთი ჯუნგლების ბინადრის ხორცისგან. არ შეიძლება გამაგრილებელი სასმლის, ხილის, შაქრიანი პროდუქტების, ალკოჰოლის, ტკბილეულის მიღება. გარკვეულ ცხოველებზე კი არსებობს ტაბუები.

სულიერი სამყარო რედაქტირება

ვეგეტალისტების სულიერი სამყარო არანაკლებ რთული და ჰეტეროგენურია, ვიდრე მათი სოციუმი რომელშიც ცხოვრობენ, თავისი სხვადასხვა კულტურული ტრადიციებით.

მომდევნო პარაგრაფებში განხილულ იქნება ადგილობრივი კოსმოლოგიისთვის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი არსება, როლებსაც ვეგეტალისტები უკავშირდებიან თავიანთი სულიერი შესწავლის დასაწყისისას და მოგვიანებით პრაქტიკაშიც, თავიანთ ხილვებში და სიზმრებში.[11]

მაგიური ქვები რედაქტირება

მაგიურ ქვებს, piedras encantadas-ს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ vegetalismo-ში. გარეგნულად ისინი რამდენიმე სახისაა, ზოგიერთს თვალშისაცემი შესახედაობა აქვს, რაც მიანიშნებს რომ encantada-ა, მაგალითად, ადამიანის ან ცხოველის ფორმა აქვს, ან უჩვეულო ფერისაა, ან უბრალოდ იშვიათია. კრისტალები ყოველთვის piedras encantadas-ად არის კლასიფიცირებული, რადგან ზეციური წარმოშობისად ითვლება. მაგიური ქვები, ძირითადად, გამოიყენება ჯადოქრობის მსხვერპლების დასახმარებლად. შამანი დებს ქვას სხეულის იმ ადგილას, რომელიც მოჯადოებულია და რამდენიმე საათის განმავლობაში ქვა შეიწოვს ნებისმიერი სახის ზიანს, რაც ჯადოქარმა მიაყენა მსხვერპლს. იმისთვის, რომ მაგიური ქვების გამოყენებაში დაოსტატდეს, შამანმა უნდა „დალიოს“ ისინი. ამისთვის მან ქვა ერთი დღით წყალში უნდა დატოვოს, თამბაქოს კვამლი შეუბეროს წყალს და უთხრას ქვას რისი ცოდნა უნდა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოეცხადება მას ამ ქვის სული სიზმარში.

ჩულაჩაკი რედაქტირება

ჯუნგლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სულს, რომელიც ყველა მეტისისთვისაა ცნობილი და უამრავი ისტორიის გმირია, ჰქვია ჩულაჩაკი. ხშირად ის აღწერილია, როგორც ბოროტი სული, რომელიც ხშირად ჩულაჩაკი-კასპის, მძლავრ ფესვიანი ხეების მიდამოებში ცხოვრობს. ასევე ამბობენ, რომ ის ცხოვრობს უღრანი ტყის გულში, სადაც ალიგატორის კანისგან დამზადებულ ჰამაკში ძინავს, რომელიც გველებისგან დამზადებული წნულებით არის მიმაგრებული ხეებთან.

ამ არსებას ერთი ან ორივე ფეხი სხეულის საპირისპირო მიმართულებით აქვს შებრუნებული, რომელიც ხშირად თხის, ძაღლის, ირმის ან სხვა მსგავსი ცხოველის მსგავს ქვედა კიდურებს წააგავს. (სიტყვა ჩულაჩაკი არეულ ფეხს ნიშნავს)

მას კონტროლი აქვს მეტეოროლოგიურ ფენომენზე. თუ პიროვნება შეურაცხყოფას მიაყენებს ჩულაჩაკის, რამდენიმე საათში შტორმის ღრუბელი შეიკვრება, რომელიც საფრთხეში ჩააგდებს დაუფიქრებელ პიროვნებას. ამ არსებასთან შეხვედრამ შეიძლება ასევე სიგიჟეც გამოიწვიოს. დონ ემილიოს მიხედვით icaro del flautero pischcu-ს მაგიური მელოდიის ღიღინი, რომელიც შთაგონებულია ჩიტის ჭიკჭიკის მიერ მძმე წვიმებისას, საუკეთესო თავდაცვის გზაა სულის წინააღმდეგ.

დიეტის წესიერად დაცვის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩულაჩაკისთან დამეგობრება, რამაც შეუძლია პიროვნებას მიანიჭოს „მონადირის იღბალი“, მაგრამ ტყის სული დასჯის მათ, ვინც ზედმეტად ბევრ ცხოველს მოინადირებს.[11]

იაკუმამა რედაქტირება

იაკუმამა არის გიგანტური წყლის ბოა (სული), რომელიც ცხოვრობს მდინარეების და ტბების ფსკერზე. მას აქვს დიდი, ტრეილერის ფარების ხელა თვალება. როცა მოძრაობს, წამოიქმნება უზარმაზარი მორევები, რომლებსაც შეუძლიათ წრე შემოარტყან ნავებს. ის თავს ესხმის მათ, ვინც მოწყვეტილ ადგილებში ცურავს. მეტისებს სჯერათ, რომ იაკუმამას შეუძლია დიდი ორთქლმავალი გემის ფორმის მიღება, რომელზეც თითქოს ხალხი მღერის ან ყვირის. ხალხს ეს რეალური ჰგონია ხოლმე, მაგრამ მიახლოებისას გემი ქრება. მას ასევე შეუძლია მეტეოროლოგიური ელემენტების, წვიმის და ნალექის კონტროლი.[11]

იაკურუნა (Yakuruna) რედაქტირება

იაკურუნა წყლის ბინადრები არიან, ხანდახან აღწერილები როგორც თმიანი ხალხი რომლებიც ადამიანებს იტაცებენ და თავიანთ წყალქვეშა სამყაროში მიჰყავთ. სხვები კი ამბობენ რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანებივით გამოიყურებიან, იმ განსხვავებით რომ სახეები ზურგისკენ აქვთ შეტრიალებული.

წყალქვეშ გარჩენა დღეების განმავლობაში ითვლება როგორც ერთ-ერთი თვისება კარგი შამანის. ბევრი ვეგეტალისტა ამბობს რომ მათ წყალქვეშა სამყაროში შეუძლიათ მოგზაურობა. ასევე ნათქვამია რომ მათ იაკურუნას მიერ გატაცებული ხალხის უკან დაბრუნება შეუძლიათ. ოღონდ ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, წყლის სამეფოში აღმოჩენილი პიროვნება ნელ-ნელა იაკურუნად გარდაიქმნება.[11]

ქალთევზები (La sirena) რედაქტირება

მაშინ, როდესაც ესპანელები და პორტუგალიელები ამაზონში ჩავიდნენ XVII-XVIII საუკუნის ბოლოს, უამრავ მითოლოგიურ არსებასთან ერთად თან წაიყოლეს წყალქვეშ მცხოვრები ლამაზი ქალების მითიც, ნახევარ-ქალი, ნახევრად-თევზი, რომელიც ტკბილი სიმღერებით აჯადოებდა კაცებს. ეს მითი დღემდე შემორჩა მეტისების დღევანდელ მოსახლეობაში და განვითარდა კიდეც. წყალქვეშ მცხოვრებ ქალებს ჩვეულებრივი ადამიანი შეიძლება შეუყვარდეთ და სექსის სურვილიც გაუჩნდეთ მათთან, ამიტომ მათ ჩვეულებრივ ქალებად შეუძლიათ ტრანსფორმირება, მაგრამ ღამით ისევ თავიანთ ფორმას უბრუნდებიან და ასე ამჟღავნებენ თავიანთ ბუნებას.

ზემოთ ხსენებული ყველა სული საერთო თვისებებს იზიარებს, ძალიან აშკარაა, რომ ისინი არ არიან სრულად განსხვავებულები. ხშირად მათი გარჩევა დამაბნეველიც კი შეიძლება იყოს. ტრანფორმაციის თემა საკმაოდ ხშირია. ყველა მათგანს შეუძლია მეტამორფოზი და ადამიანის ფორმის მიღება სურვილისამებრ. ასევე ყველა მათგანს ხშირად აქვს შებრუნებული კიდურები და სულების მიერ გატაცებული ადამიანი დროთა განმავლობაში შეიძლება ერთ-ერთი მათგანი გახდეს.[11]

მეტისების რელიგია რედაქტირება

მეტისების რელიგია საკმაოდ საინტერესოა. იგი არაა უბრალოდ მაიას ხალხის რწმენა-წარმოდგენები. ისაა ერთგვარი მიქსი ორი განსხვავებული რელიგიისა. მაიას ხალხმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო კათოლიკეობა, მაგრამ მათში უკვე მრავალი პროტესტანტული სექტა არსებობს. კათოლიკების / პროტესტანტების ხაზი მეტისების რელიგიაში ერთგვარი განხეთქილებაა, რომელიც შეიქმნა პროტესტანტი მისიონერების გამოისობით. ისინი მუდმივად ცდილობდნენ მაიას ხალხი დაერწმუნებინათ, რომ მათი კულტურის ზოგიერთი ელემენტი გარყვნილებისაკენ იყო მიმართული და მათ აკრძავლა სჭირდებოდა.[13]

ესპანელებმა დიდი არეულობა შეიტანეს მაიას ხალხის ცხოვრებაში. დამპყობლებს ჰქონდათ განსხვავებული რელიგია და სურდათ იგი გაევრცელებინათ და დაპყრობილი ხალხი „ჭეშმარიტებას“ ეზიარებინათ. იყო ერთი ისეთი შემთხვევაც, როდესაც ესპანელებმა მთავარი მმართველი მონათლეს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ დაპირისპირება არ იყო გამოწვეული მხოლოდ რელიგიური განსხვავებით. ეს იყო კულტურების ერთმანეთთან დაჯახება, რომლებიც ასწლეულები ვითარდებოდნენ ერთნმანეთისაგან დამოუკიდებლად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ესპანელები არ ყოფილან ახალი რელიგიის შემომტანები. ფრანგი მონაზვნები ამ ხალხში ავრცელებდნენ ახალ რელიგიურ იდეოლოგიებს. ესპანელები აგებდნენ ქრისტიანულ ტაძრებს. ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებდნენ დაენგრიათ თავიანთი ეკლესიები, რათა ახლები აეშენებინათ. იქაური ქალაქები გახდა ესპანური კულტურის ცენტრები, მაგრამ ამ ქალაქებისაგან მოშორებით ცხოვრება გრძელდებოდა ისე, როგორც ეს ათასი წლის განმავლობაში ხდებოდა ესპანელების შემოსევამდე.[14]

ესპანელი მღვდლების სასტიკი ჯვაროსნული ლაშქრობების საპასუხოდ, მაიას შამანები ჩადიოდნენ „მიწისქვეშ“ და იქ აგრძელებდნენ მკურნავის, მრჩევლისა და წინასწარმეტყველის საქმიანობებს.

ამ რელიგიების ერთმანეთთან დაკავშირებას დიდი დრო დასჭირდა. მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ისინი ერთმანეთს შეეთავსა ისე, როგორც ეს მაიას ცხოვრების სტილს ესაჭიროებოდა. მაგალითად, მაიას ხალხის პოლოთეისტური რწმენა-წარმოდგენები კარგად შეეწყო კათოლიკური წმინდანების მრავალფეროვნებას.

მაია გადარჩა, როგორც „მცირე/პატარა ტრადიცია“, მას მხოლოდ სოფელი ასაზრდოებდა და მხოლოდ სოფლის წინაშე იყო პასუხისმგებელი. კათოლიციზმისგან განსხვავებით, მაიას ადგილობრივი ტრადიცია არ არის დამოკიდებული რაიმე გარე წყაროზე ტრადიციის დაკანონებისთვის ან რიტუალის გაგრძელების სტიმულაციისთვის. მან აქამდე მოაღწია, არა როგორც კათოლიციზმზე მოქცევის დასაწყისში გამოვლენილ ძალადობაზე რეაქციამ, არამედ როგორც იუკატანელი გლეხის ეკონომიკური მდგომარეობის შედეგმა..[15]

ადგილობრივი კათოლიციზმის „პატარა ტრადიციას“ ნაკლები ავტონომია აქვს. მას არაგლეხებისგან შემდგარი იერარქია ზედამხედველობს, რომელიც მისგან ტრადიციის სტანდარტის აბსოლუტურ მორჩილებას ითხოვს. ისინი მოითხოვენ, რომ ტრადიციის მთავარი ელემენტი, მასა, იყოს სპეციალურად დანიშნული სპეციალისტის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც, როგორც წესი, გლეხების სოფელში არ ცხოვრობს. თუმცა ეს სტანდარტები ადგილობრივი კონტროლის გარკვეულ საშუალებს იძლევა. მანამდე სანამ რიტუალი ოფიციალურ სტანდარტს ემორჩილება და მასში მასის გარდა სხვა რამ მონაწილეობს, ის არ საჭიროებს იმას, რომ მასში მონაწილეობა ვინმე სხვამ, გარედან მოსულმა მიიღოს. მღდვლის მიერ მოქცეული ყოველი მასის საპირისპიროდ არის უამრავი ინდივიდუალურად თუ ლოკალურად მოწყობილი რიტუალი.[14]

მაიას რწმენა და მათი ცერემონიები მიჩნეულია, როგორც მიქსი ევროპული და თანდაყოლილი სიმბოლოებისა, მაგრამ მაიას ხალხი ამ განსხვავებას ვერ გრძნობს, რადგან ისინი თავიანთ რიტუალებს აღასრულებენ ისე, თითქოს მათი რელიგია ერთი მთლიანი კომპლექსი იყოს, რომლის დანაწევრებაც შეუძლებელია. მაგალითისათვის, განვიხილოთ შემდეგი: ბევრი პრე-კოლუმბიური ტერმინები ზებუნებრივის ძალების აღსაწერად დღესაც გამოიყენება, თუმცა მათი მრავალი ვარიაცია გვხვდება მთლიან პოპულაციაში. დღეს „ჰაჰალ დიოს“ ანუ „ნამდვილი ღმერთი“ შეიცავს კომბინირებულ სიმბოლურ დატვირთვას, რომელიც შედგება იესო ქრისტესა და მზისაგან. მისი ასისტენტები არიან Càak - წვიმის ღმერთი და báalam - მცველები. მათ შეუძლიათ დასაჯონ ადამიანები ან განკურნონ. მათი რწმენით, ღმერთების სასჯელი დედამიწაზე მოდის დაავადებების სახით. ისინი კი ამის პრევენციას რიტუალების საშუალებით ცდილობენ.[13]

სიმინდის კულტი რედაქტირება

Chan kom-ში ხალხის ცხოვრება და საქმიანობები გადანაწილებულია. მამაკაცებსა და ქალებს ისეთი მოვალეობები აქვთ, რომლებიც ძირითადად ერთმანეთზეა დამოკიდებული. ეს ურთიერთდამოკიდებულება კი დაკავშირებულია სიმინდის კულტურასთან. ამ რეგიონში სიმინდს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც იგი აუცილებელია სიცოცხლისათვის. იგი იმდენად დიდ ადგილს იკავებს მათ ცხოვრებაში, რომ უძველესი ცერემონიები, რომლებიც დაკავშირებულია სიმინდისა და წვიმის ღმერთებთან, დღემდე ტარდება. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად კი, ღმერთმა პირველი ადამიანები სწორედ სიმინდისაგან შექმნა.

ოჯახებს აქვთ თავიანთი საკურთხეველი, რომელიც ზოგ შემთხვევაში ისინი გრძელი ლენტითა და სანთლებითაა შემკული, აქვთ ამოქარგული კაბები და საკურთხევლის ტანსაცმელი. ზოგ შემთხვევაში კი ეს საკურთხევლები უბრალოდ მაგიდებია მაიას ჯვრით გამოსახული. იგი დაფარულია რაიმე ნაჭრით და მორთულია სხვადასხვა დეკორატიული ნივთით. ზოგჯერ კი ასეთი საკურთხევლების ცენტრში შევამჩნევთ კათოლიკე წმინდანის სურათსაც. იქვე შეგვიძლია შევნიშნოთ ღმერთებისათვის შეწირული საჭმელიც.[16]

საქმიანობები, რომლებიც გადანაწილებულია გოგონებსა და ბიჭებში, ძირითადად დაკავშირებულია სიმინდის კულტურასთან. მაგალითისათვის ავიღოთ hetzmek-ის ცერემონია, რომელიც მაიას ტრადიციული რიტუალია. მას ხშირად ატარებენ ჩან კომის ბევრ ოჯახში. ამ რიტუალს მაშინ მართავენ, როდესაც პატარა ბავშვს უკვე შეუძლია ცხენზე გადაჯდომა. ეს ერთგვარად ჯანმრთელობის მიმანიშნებელია, რადგან თუკი ბავშვს შეუძლია ამხელაზე გაშალოს ფეხები იგი ძლიერი იქნება და გრძელ მგზავრობებსაც გაუძლებს. ეს ცერემონია ტარდება მაშინ, როდესაც გოგონები არინ 3 თვის, ხოლო ბიჭები 4 თვის. ამგავრი ასაკობრივი განსხვავება კი აიხსნება ასე: ქალების საქმიანობის სიმბოლოა კერიის სამი ქვა, ხოლო კაცების საქმიანობისა - სიმინდის ყანის ოთხი კუთხე.[5]

ცერემონიები რედაქტირება

მთავარი ცერემონია ყოველთვის იყო წვიმის ცერემონა, რომელსაც დღეს უწოდებენ C'a Càak. იგი ძირითადად ტარდება ზაფხულის პერიოდში, როდესაც სიმინდის ყანებს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ წყალი. ყველა ცერემონია, რაც კი იმართება, ტარდება ოთხი კუთხის პრინციპით. რიტუალი სადაც არ უნდა შეასრულონ, ადამიანები სხდებიან ისე, რომ შექმნან ოთხკუთხედი, რაც თავის მხრივ, ერთგვარად კოსმოსის მოდელი ხდება. კოსმოსი კი მათთვის ძლაიან მნიშვნელოვანი არის. მეტისებს სჯერათ, რომ სიკვდილის მერე მათი სულები კოსმოსში გადაინაცვლებენ საცხოვრებლად.

როდესაც რაიმე რიტუალი ტარდება ეკლესიაში, ქალები მიწაზე დამხობით ლოცულობენ, კაცები კი ფეხზე დგომით.

აქ ღმერთებს პატივს სცემენ და მხოლოდ თაყვანისცემით არ შემოიფარგლებიან. მათ სჯერათ ღმერთების და მათი გადაწყვეტილებების. თუკი ვინმე წასასვლელია და იმ დღეს დიდი შტორმი ამოვარდება, მეტისებს მიაჩნიათ, რომ ეს წყლის ღმერთის, ჩა-ჩააკის გადაწყვეტილებაა და მას არ სურს ამ ადამიანმა დატოვოს ის ადგილი. მაგრამ თუკი მაინც წასვლას გადაწყვეტს, მას აუცილებლად საფრთხე დაემუქრება.[13]

ჯვრების მნიშვნელობა მეტისების ცხოვრებაში რედაქტირება

ჯვარი ყველაზე წმინდა სიმბოლოა მეტისებისათვის. იგი თამაშობს შუამავალს კაცსა და ღმერთს შორის. იქ, სადაც ჯვარია დასმული, ღმერთის თვალებია. ჯვარი ღმერთთან არ არის ურთიერთობის პირდაპირი საშუალება. იგი გვაკავშირებს ღმერთის ძესთან, ქრისტესთან, რომელსაც ასევე უწოდებენ „ჯვრის ჯონს“ (John of the Cross).

ზოგადად, ჯვრებს აკეთებენ კედრის ხისაგან. მისი დამზადება შეუძლია ყველას, ვინც კი ამას მოისურვებს. მათ აქვთ ასეთი რწმენა, რომ თუკი ჯვარს „კარგ პარასკევს“ გააკეთებენ, იგი უფრო სასწაულებრივი იქნება. ასევე მათ სჯერათ, რომ უკეთესი იქნება, თუკი ჯვარს მოხუცი კაცი გააკეთებს, რომელიც უფრო გამოცდილია. მას შემდეგ, რაც ჯვარი დასრულებულ სახეს მიიღებს, იგი მიაქვთ ეკლესიაში, რათა დალოცონ და წმინდა წყალი აპკურონ. ამის მერე, ჯვარს რაღაც ნაჭერს ახვევენ და წითელ ბაფთებს უკეთებენ. ზოგს კი დამატებით სარკეებითა და მინის ორნამენტებით რთავენ.

ჯვრებს მეტისებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯვარს შეუძლია ბოროტის გადევნა, ამიტომ ისინი მას მნიშნელოვან და სახიფათო შემთხვევებში იყენებენ.სულებსა და ჯადოქრობას დევნიან შემდეგი მეთოდით - ნაკურთხი პალმის ფოთლისაგან გაკეთებულ პატარა ჯვრებს დებენ სახლის კარს უკან ან მიწაზე აკეთებენ ჯვრებს მარილითა და ტეგანის ფოთლებით. ბოროტი ძალებისაგან თავდასაცავად ბავშებს ყელზე ჰკიდებენ ერთ ან რამდენიმე ჯვარს..[17]

ამ ხალხისთვის ზებუნებრივი სამყარო არამარტო ნამდვილი, მათთვის ახლოც არის. ღმერთები, სულები და ჯვრები, მათი განსაკუთრებული ატრიბუტები, ფუნქციები რომლებსაც ისინი ასრულებენ და ის მოთხოვნილებები, რომლებსაც ისინი ადამიანების ცხოვრებაში აკმაყოფილებენ, ეს ყველაფერი ადგილობრივის სიცოცხლის ყველა ასპექტში აღწევს. შესაბამისად, რელიგიურ აქტებსა და რიტუალებს კულტურაში უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, გარდა მათი სოციალური დატვირთვისა, როგორც ღმერთებსა და ადამიანის შორის ურთიერთობის შენარჩუნების ტრადიციული ხერხები. კარგად ჩანს განსხვავებები კათოლიკურსა და წარმართულ ღმერთებს შორის, მათ, შესაბამისად, განხვავებული რიტუალებიც ახასიათებთ, თუმცა ადგილობრივები ამ განხვავებების ისტორიულ მიზეზებს არ უკვირდებიან.[17]

ტურიზმის გავლენა მეტისების კულტურაზე რედაქტირება

ეთნოგრაფულ დაკვირვება აჩვენებს, რომ ტურისტული ინტერესის გაჩენასთან ერთად ისეთ ადგილებშიც კი, სადაც მათი საზოგადოება ნაკლებად მისდევდა ტრადიციულ ცხოვრების წესს, კერძოდ ბელიზის ძველ ნანგრევებთან, რომელიც ძალიან პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, მიმდებარე ყოფილ მაიას სოფელში გაჩნდა ძველი კულტურის სავაჭრო საქონელად გამოყენების პრეცედენტები. გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მაცხოვრებლებს არ შეეძლოთ ძველებური გზებით შეესწავლათ საკუთარი მივიწყებული ტრადიციები, მათ გამოიყენეს არქეოლოგთა კვლევები რომ შეესწავლათ ეს ტომი. როცა სოფლელებმა საკმარისი რაოდენობის ცოდნა დააგროვეს უკვე რთული გასარჩევი გახდა იქცა თუ არა ეს ხალხი თავისი წინაპრების მსგავს ჭეშმარიტ მაიას ტომელად.

ძველი კვლევები გვიჩვენებს, რომ ტურისტებისთვის ფულის სანაცვლოდ კულტურული პროდუქტის შეთავზებამ ტრადიცია შეცვალა, რადგან ის გახდა გაყალბებული და იქცა გასაყიდ პროდუქციად. ტურისტები ჩვეულებრივ მოტივირებულნი არიან ჭეშმარიტი კულტურული განსხვავებები იპოვონ, რადგან ისინი ამ განსხვავებებს აღიქვამენ ისე, როგორც კაპიტალისტური სამყაროს ნაკლები გავლენის შედეგს და თვლიან რომ, რასაც ხედავენ მეტისების ხალხისა და გარემოს ჭეშმარიტი ურთიერთობაა, თუმცა ტურისტები ვერ ამჩნევენ იმას, რაც ამ «წარმოდგენის» «კულისებში» ხდება. ტურისტების გამოჩენსათან ერთად მოსახლეობამ საკუთარი კულტურული ცხოვრება ორ ნაწილად გაყო: შედარებით დიდი მნიშვნელობის მქონე ტრადიციები გაარიდა უცხო თვალს, შეიძლება ითქვას, ამ ტრადიციებმა «სცენის» მიღმა გადაინაცვლა, ხოლო წინა პლანზე წამოიწია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის აქტვობებმა, რომლებსაც ტურისტების დასანახად თამაშობენ. ასეთი ქმედებით მეტისები ახერხებენ შედარებით მნიშვნელოვანი ტრადიციები გადაარჩინონ სავაჭრო პროდუქტად ქცევას.[18]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. mestizo. Merriam-Webster's Online Dictionary. Merriam-Webster, Incorporated (2008). ციტატა: „a person of mixed blood; specifically: a person of mixed European and American Indian ancestry“
  2. http://dictionary.reference.com/browse/mestizo
  3. Sosa, John R., Brian Montes, Melissa Ann Yeager, and Emilio Paqcha Benites. "Maya of the Yucatán Peninsula."
  4. 4.0 4.1 4.2 Thompson, J. E. S., & Laufer, B. (-). (1930). Ethnology Of The Mayas Of Southern And Central British Honduras. Anthropological Series. Chicago: [s.n.]. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nv10-007
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 Elmendorf, M. L. (Mary L. (1976). Nine Mayan Women: A Village Faces Change. Cambridge, Mass.: Schenkman Pub. Co. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nv10-017
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Goldkind, V. (1965). Social Stratification In The Peasant Community: Redfield’S Chan Kom Reinterpreted. American Anthropologist, 67, 863–884. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nv10-009
  7. Huston, Stephen, John Robertson, and David Stuart. "The Language of Classic Maya Inscriptions."
  8. Restall, Matthew. The Maya World: Yucatec Culture and Society, 1550-1850. Stanford, CA: Stanford University Press, 1997.
  9. Verhoeven, Elisabeth. Experiential Constructionsin Yucatec Maya.
  10. შუმერიკი (გვერდი 20)
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 11.6 11.7 Vegetalismo, shamanism among the mestizo population of the Peruvian amazon
  12. Abelove, Joan M. Pre-verbal learning of kinship behavior among Shipibo infants of eastern Peru (გვერდი 26)
  13. 13.0 13.1 13.2 Sosa, J. R., & Skoggard, I. (2001). Culture Summary: Maya (Yucatán Peninsula). New Haven, Conn.: HRAF. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nv10-000
  14. 14.0 14.1 Press, I. (1975). Tradition And Adaptation: Life In A Modern Yucatan Maya Village. Westport, Conn.: Greenwood Press. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nv10-019
  15. Re Cruz, A. (1996). Two Milpas Of Chan Kom: Scenarios Of A Maya Village Life. Suny Series In Anthropology Of Work. Albany: State University of New York Press. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nv10-015
  16. Shattuck, G. C., Bequaert, J. C. (Joseph C., & Yucatan Medical Expeditions, -. (1933). Peninsula Of Yucatan: Medical, Biological, Meteorological And Sociological Studies. Washington: Carnegie Institution of Washington. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nv10-005
  17. 17.0 17.1 Villa Rojas, A. (1945). Maya Of East Central Quintana Roo. Publication. Washington, D.C.: Carnegie Institution of Washington. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nv10-004
  18. Medina, Laurie Kroshus. "Commoditizing Culture." Annals of Tourism Research 30, no. 2 (2003): 353-68. doi:10.1016/s0160-7383(02)00099-3.