ამინდი
 
წელიწადის დროები

გაზაფხული · ზაფხული
შემოდგომა · ზამთარი

მშრალი სეზონი
ტენიანი სეზონი

შტორმი

ჭექა-ქუხილი · ტორნადო
ტროპიკული ციკლონი (ქარიშხალი)
ექსტრატროპიკული ციკლონი
ზამთრის ქარიშხალი · ქარბუქი
ყინულოვანი შტორმი

ნალექები

ნისლი · წვრილი წვიმა · წვიმა
ყინულის წვიმა · ფხვიერი ყინული
სეტყვა · თოვლი · ნალექი

თემები

მეტეოროლოგია
ამინდის პროგნოზი
კლიმატი · ჰაერის დაბინძურება

ამინდის პორტალი
      

მეტეოროლოგია (ბერძნ. metéōros – ზევით აწეული, ციური, meteōra – ატმოსფერული და ციური მოვლენები და logos – მოძღვრება) — მეცნიერება ატმოსფეროსა და მასში მიმდინარე პროცესების შესახებ. ტერმინი მეტეოროლოგია ცნობილია ანტიკური ხანიდან, როდესაც არისტოტელემ შექმნა ამ სახელწოდების ტრაქტატი. XV-XVI საუკუნეებში დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგად დაგროვდა დედამიწის სხვადასხვა კუთხის ატმოსფერულ მოვლენებზე ჩატარებულ ვიზუალურ დაკვირვებათა შედეგები და აღწერილობანი.

XVII საუკუნეში გალილეო გალილეისა და ევანჯელისტა ტორიჩელის მიერ ბარომეტრისა და თერმომეტრის შექმნის შემდეგ, ამ იარაღებით ჩატარებული დაკვირვებების შედეგად მეტეოროლოგია სწრაფად განვითარდა და XVIII საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა როგორც მეცნიერების ცალკე დარგი. პეტერბურგში 1836 წელს დაარსდა ნორმალური, ხოლო 1849 წელს – მთავარი ფიზიკური, ახლანდელი მთავარი გეოფიზიკური ობსერვატორია.

მეტეოროლოგიის ძირითადი დარგია ატმოსფეროს ფიზიკა, რომელიც იკვლევს იმ ფიზიკურ მოვლენებსა და პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ატმოსფეროს ქვედა ფენებში (ჰაერის მიწისპირა ფენის ფიზიკა); თავისუფალ ატმოსფეროში, სადაც დედამიწის ზედაპირის გავლენა უმნიშვნელოა; ატმოსფეროს ზედა ფენებში; აგრეთვე მზის რადიაციას ატმოსფეროში. ოპტიკურ მოვლენებს, ატმოსფერულ ელექტრობასა და ატმოსფერულ აკუსტიკას.

ატმოსფეროში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს შეისწავლის მეტეოროლოგიის შედარებით ახალი დარგი — ატმოსფეროს ქიმია, რომელიც სწრაფად განვითარდა. ატმოსფერულ პროცესებს ჰიდროაერომექანიკის თეორიული მეთოდებით სწავლობს დინამიკური მეტეოროლოგია, რომლის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა ამინდის პროგნოზის რიცხობრივი მეთოდების დამუშავება. მეტეოროლოგიის დარგებია აგრეთვე სინოპტიკური მეტეოროლოგია – მეცნიერება ამინდისა და მისი წინასწარმეტყველების შესახებ და კლიმატოლოგია - დედამიწის ჰავის შესახებ, რომელიც გეოგრაფიული მეცნიერების ცალკე დარგად გამოიყო.

მეტეოროლოგიური კვლევა ძირითადად ემყარება მეტეოროლოგიურ სადგურებში მოპოვებულ დაკვირვების მასალას. ეს სადგურები გაერთიანებულია სახელმწიფო მეტეოროლოგიურ ქსელში. მეტეოროლოგია ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების კანონზომიერებებს ხსნის, უპირველეს ყოვლისა, დაკვირვებათა მასალის სტატისტიკური ანალიზით; XIX საუკუნიდან იყენებენ აგრეთვე მეტეოროლოგიური დაკვირვების სინოპტიკური ანალიზის მეთოდსაც, რისთვისაც ყოველდღიურად ადგენენ დაკვირვების ვადების შესაბამის სინოპტიკურ რუკებს.

XIX საუკუნის ბოლოდან და განსაკუთრებით XX საუკუნეში, დიდი მნიშვნელობა მიეცა ატმოსფერული პროცესების ფიზიკას და მათ ანალიზს. ბოლო წლებში ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე ხელოვნური ზემოქმედების განვითარების შედეგად მეტეოროლოგიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ცდას როლი. თანამედროვე მეტეოროლოგია ატმოსფეროს მდგომარეობას შეისწავლის დედამიწის ხელოვნური მეტეოროლოგიური თანამგზავრებისა და რადიოლოკატორების საშუალებით. თეორიული კვლევის დროს ფართოდ იყენებენ ელექტრონულ გამომთვლელ მანქანებს. უკანასკნელ წლებში წარმოიშვა და სწრაფად განვითარდა თანამგზავრული მეტეოროლოგია და გამოყენებითი დისციპლინები – საავიაციო მეტეოროლოგია, აგრომეტეოროლოგია, სამშენებლო კლიმატოლოგია და სხვ.

მეტეოროლოგიაში ძირითადი ამოცანაა ამინდის სხვადასხვავადიანი პროგნოზი. სწრაფად იზრდება ატმოსფერულ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების (სეტყვასთან ბრძოლა, ზემოქმედება ღრუბლიანობასა და ნალექებზე, მცენარეთა დაცვა წაყინვებისაგან) პრაქტიკული მნიშვნელობა. დამუშავდა ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა – ატმოსფეროს გაჭუჭყიანების შესწავლა.

მეტეოროლოგია საქართველოში რედაქტირება

საქართველოში ინსტრუმენტული მეტეოროლოგიური დაკვირვებები დაიწყო თბილისში 1838 წელს, 1844 წლიდან თბილისის მაგნიტოლოგიურ-მეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

XIX საუკუნის ბოლოს მეტეოროლოგიური სადგურები გაიხსნა აგრეთვე საქართველოს სხვა პუნქტებში: ფოთში (1881), ბათუმში (1882), სოხუმში (1883), ქუთაისში (1885), გუდაურში (1887), ბორჯომში (1888), საქარაში (1892) და სხვ. მეტეოროლოგიის დარგში მუშაობდნენ გამოჩენილი ქართველი მკვლევრები: ალექსანდრე ბუხნიკაშვილი, თეოფანე დავითაია, გიორგი სულაქველიძე, ვალენტინ გიგინეიშვილი და სხვ.

სხვადასხვა ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურების მუშაობას კოორდინაციას უწევს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია და სხვა საერთაშორისო მეტეოროლოგიური ორგანიზაციები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • სულაქველიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 612.
  • Хргиан А. Х., Очерки развития метеорологии, 2 изд., т. 1, Л., 1959;
  • Хромов С. П., Метеорология и климатология для географических факультетов, Л., 1964;
  • Тверской П. Н., Курс метеорологии, Л., 1962;
  • Матвеев Л. Т., Основы общей метеорологии, физика атмосферы, Л., 1965;
  • Федоров Е. К., Часовые погоды, [Л.], 1970.
  • Пасецкий В.М. Метеорологический центр России. Л.: Гидрометеоиздат, 1978.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება