მასშტაბი, ხაზთსადარი[1] (გერმ. Maßstab < Maß – ზომა და Stab – ჯოხი) — რუკაზე, გეგმაზე ან ნახაზზე მოცემული ხაზების სიგრძის შეფარდება ამ ხაზებით გამოხატულ ნამდვილ სიგრძესთან.[2] მასშტაბი ბუნებაში გაზომილი მონაკვეთების ქაღალდზე გამოხაზვის დროს შემცირების ზომაა. ცნობილია რიცხვითი, სახელდებული და ხაზვითი მასშტაბები. რიცხვითი მასშტაბი 1 : M წილადია, რომლის M მნიშვნელი გვიჩვენებს თუ რამდენჯერ უნდა შევამციროთ გაზომილი მანძილი ქაღალდზე გამოხაზვის დროს. სახელდებული ანუ განმარტებითია მასშტაბი, როდესაც მოცემული რიცხვითი მასშტაბის შესაბამისად ზომის გარკვეული სისტემისათვის სიტყვიერად მითითებულია თუ ერთ ერთეულს ქაღალდზე რამდენი ისეთივე ერთეული შეესაბამება ადგილზე. ხაზვით მასშტაბს ადგენენ მოცემული რიცხვითი მასშტაბის საფუძველზე.[3] ტერმინი „მასშტაბი“ ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება კარტოგრაფიაში, გეოდეზიასა და პროექტირებაში.

ხაზვითი მასშტაბებია: ხაზოვანი, სოლისებრი და განივი. ხაზოვანი მასშტაბი თანაბარ ნაწილებად დაყოფილი წრფის მონაკვეთია, რომელზედაც აღნიშნულია თუ რა მანძილი შეესაბამება ადგილზე ამ დანაყოფებს. სოლისებრ მასშტაბს უმთავრესად იყენებენ აეროფოტოსურათების შესაბამისი მანძილების განსასაზღვრავად. განივი მასშტაბი ხაზოვანი და სოლისებრი მასშტაბის შეერთებას წარმოადგენს.[3]

გამოსახულების მასშტაბი (ნახაზებზე არჩეულ უნდა იქნას შემდეგი რიგებიდან ერთ-ერთი):

მასშტაბის შემცირება 1:2; 1:2,5; 1:4; 1:5; 1:10; 1:15; 1:20; 1:25; 1:40; 1:50; 1:75; 1:100; 1:200; 1:400; 1:500; 1:800; 1:1 000
ბუნებრივი სიდიდე 1:1
მასშტაბის ზრდა 2:1; 2,5:1; 4:1; 5:1; 10:1; 20:1; 40:1; 50:1; 100:1
მასშტაბი რუკების მანძილი ბუნებრივი მანძილი ტიპური დანართი
1:1.000 1 სმ 10 მ ადგილის გეგმა
1:5.000 1 სმ 50 მ ბაზური რუკა
1:25.000 1 სმ 250 მ საგზაო რუკა
1:50.000 1 სმ 500 მ საველოსიპედო საგზაო რუკა
1:100.000 1 სმ 1 კმ საგზაო ატლასი
1:1.000.000 1 სმ 10 კმ მსოფლიოს საერთაშორისო რუკა
1:80.000.000 1 სმ 800 კმ მსოფლიოს რუკა

სქოლიო რედაქტირება

  1. ხაზთსადარი. იოს. ავალიშვილი თბილისი, 1917
  2. მასშტაბი - უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  3. 3.0 3.1 თევზაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 486.