მარგინალური კულტურა


მარგინალობის (ლათ. margin) ცნებით, ჩვეულებრივ, აღინიშნება ის ინდივიდები თუ ჯგუფები, რომელთა ფასეულობები და ქცევის მოდელები ზუსტად და მკაფიოდ არ თავსდება რომელიმე კულტურულ სივრცეში, არამედ ქმნის გარდამავალ საფეხურს ამ სივრცეებს შორის.

კულტურული მარგინალობის პრობლემის შესწავლა დაიწყო ამერიკულ სოციოლოგიაში XX საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენლის რობერტ ე. პარკის მიერ შემოთავაზებულ იქნა ტერმინი „მარგინალური პიროვნება“ - იმიგრანტთა კულტურული სტატუსისა და თვითშეგნების აღსანიშნავად. 30-იან წლებში ე. სთოუნკვისტმა საგანგებო გამოკვლევები მიუძღვნა კულტურული მარგინალობის საკითხებს ეთნიკურ უმცირესობათა მაგალითზე, რომლებიც მარგინალურ მდგომარეობაში არიან როგორც დომინირებად კულტურასთან (რომელშიც სრულად არ არიან ჩართული), ისე მათთვის მშობლიურ, საწყის კულტურასთან მიმართებაში. შემდგომში დიდი ყურადღება ექცეოდა მარგინალური სუბკულტურების (ეთნიკური, კონფესიური და სხვ.) შესწავლას.

ევროპულ ლიტერატურაში ტერმინ „მარგინალურის“ გამოყენება XX სს. 60-70-იანი წლებიდან იწყება. აქ იგი რამდენადმე სხვა დატვირთვას იძენს, მისი სემანტიკა ლათინურ სიტყვას მარგინალის (განაპირა, კიდეზე მდებარე) უკავშირდება, რომელიც აღნიშნავდა შენიშვნებს ან ნახატებს წიგნის მინდვრებზე. თანდათან ტერმინი გასცდა სოციოლოგიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ფარგლებს და კულტუროლოგიური მნიშვნელობა შეიძინა.

დღეისათვის სამეცნიერო ლიტერატურაში აქტიურად გამოიყენება „მარგინალური კულტურის“ ცნება, თუმცა მისი შინაარსი მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. ხშირად მას განიხილავენ მარგინალური ინდივიდის ან სუბკულტურის ანალოგიით. ასეთ შემთხვევაში ტერმინი ნეგატიურ დატვირთვას იძენს; აქცენტი კეთდება მარგინალური კულტურის „გაორებულ“, „კულტურათშორის“ ხასიათზე, კულტურული თვითიდენტიფიკაციის პროცესის სირთულეზე, თვითშემეცნების მთლიანობის დარღვევაზე, აქედან გამომდინარე შინაგან დისკომფორტსა და მის შესაბამის ქცევის ფორმებზე, ფასეულობით და ნორმატულ ამბივალენტურობაზე, სტრუქტურულ მახასიათებელთა ეკლექტურობაზე. მარგინალურობა მიიჩნევა გარდამავალ მდგომარეობად კულტურისათვის, რომელიც მთავრდება კულტურული სახის გამოკვეთითა და კულტურული თვითიდენტიფიკაციის პრობლემის გადაჭრით, თუმცა არსებობს სხვაგვარი თვალსაზრისიც. მარგინალობა გაიაზრება არა ამა თუ იმ ჯგუფის „ფიქსირებულ“ მახასიათებლად, არამედ ურთიერთობათა გარკვეულ ტიპად, რომელიც გულისხმობს განსაზღვრულ დამოკიდებულებას ამა თუ იმ კულტურის ფასეულობებისადმი.

„მარგინალური კულტურის“ ცნება განსაკუთრებით საინტერესოა ცივილიზაციათა მიჯნებზე მცხოვრები ხალხებისა და ქვეყნებისათვის, რომლებიც ცალსახად ვერ განსაზღვრავენ თავიანთ ცივილიზაციურ კუთვნილებას და რომელთა კულტურის სახის აღსანიშნავად გამოიყენება აგრეთვე „განაპირულობის“, „პერიფერიულობისა“ და სხვა ცნებები.

მარგინალური ზონის ნიმუშად დასახელებულია, მაგალითად, მაღრიბის ქვეყნები. ამ რეგიონში ძველთაგანვე იკვეთებოდა მრავალი კონფესიური, პოლიტიკური და კულტურული სამყარო. იგი კულტურათა დიალოგში ხიდის როლს ასრულებდა. მრავალი საწყისის თანაარსებობამ ჩამოაყალიბა მაღრიბელთა თავისებური მენტალობა, „ღიაობა“, მრავალი საწყისისაკენ სწრაფვა და მათი ორგანული ათვისების უნარი.