მანანა კოპლატაძე (დ. 5 მარტი, 1947, თბილისი — გ. 12 აპრილი, 2015) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

ლენიგრადში გატარებული ოთხი წლის განმავლობაში იგი მაღალი დონის ენდოკრინოლოგად ჩამოყალიბდა, რაც მის პედაგოგსაც არაერთხელ აღუნიშნავს. გამოთხოვებისას აკადემიკოსმა საყვარელ მოსწავლეს საკუთარი ფოტოც კი უსახსოვრა წარწერით: „ერთად მუშაობის წლებმა ორივე გაგვამდიდრა და თითოეული ჩვენგანი, განურჩევლად ასაკისა, ახალ ადამიანად აქცია“. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1974 წელს, მანანა კოპლატაძე თბილისში დაბრუნდა და სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტი გახდა, ორი წლის შემდეგ კი ამავე კათედრაზე ასისტენტის თანამდებობა დაიკავა. ინსტიტუტის რექტორის კონსტანტინე ვირსალაძის თაოსნობით იმხანად საფუძველი ჩაეყარა ენდოკრინოლოგიის კურსს, რომელიც მოგვიანებით კათედრად გადაკეთდა. იყო ამ კათედრის ერთ–ერთი დამაარსებელი პროფესორ კონსტანტინე ვირსალაძესთან, დოცენტ ივზირა ანდღულაძესა და დოცენტ ოქროპირ გოგიბერიძესთან ერთად. ენდოკრინოლოგიის კათედრაზე მან თავიდანვე მიიპყრო ყურადღება როგორც შესანიშნავმა კლინიცისტმა, პედაგოგმა და კეთილსინდისიერმა მეცნიერმა. ენდოკრინოლოგიის კათედრაზე მიმდინარეობდა სამეცნიერო, პედაგოგიური და, რასაკვირველია, სამკურნალო საქმიანობა.

მანანა კოპლატაძე გამოირჩეოდა ინოვაციური იდეებით და უსაზღვრო ენთუზიაზმით, მიზანსწრაფულობით. 1997 წლის შემოდგომაზე სტამბოლში შავი ზღვის აუზის დიაბეტოლოგთა ფორუმში კოლეგებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. 2001 წლის გაზაფხულზე, დაარსდა პროფესორ ვაჟა ივერიელის სახელობის საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოება, რომლის ხელმძღვანელიც პროფესორი დავით ვირსალაძე გახდა, ამ საქმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი მანანა კოპლატაძე იყო. მისი ინიციატივით 5-6 ნოემბერს „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა საქართველოს ენდოკრინოლოგთა პირველი ყრილობა, რომელშიც სომხეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და რუსეთის წამყვანმა სპეციალისტებმა მიიღეს მონაწილეობა.

2005 წლის სექტემბერში კოლეგებთან ერთად გიოტებორგში გაემგზავრა, სადაც ევროპის ენდოკრინოლოგთა ყრილობაზე ქართველები ევროპის საზოგადოების წევრად მიიღეს. ქართველმა ენდოკრინოლოგებმა, დავით ვირსალაძის ხელმძღვანელობით და მანანა კოპლატაძის დიდი მონდომებით, საფუძველი ჩაუყარეს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. რეგიონებში მისმა დანერგვამ არაერთ პაციენტს გამოკვლევის ჩატარებისა და სწორი მკურნალობის მიღების შესაძლებლობა მისცა, მანანა კოპლატაძემ დიდი წვლილი შეიტანა დიაბეტური ბანაკის შექმნაში.

1992 წელს ელიოტ ჯოსლინმა დიაბეტის სწავლების ახალი კონცეფცია შეიმუშავა და მალევე, პირველად ამიერკავკასიასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, საქართველოში დაინერგა დიაბეტის ინტენსიური ინსულინოთერაპიისა და ინტენსიური სწავლების სპეციალურად შერჩეული ფორმა. ეს იყო ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურად, კულტუროლოგიურად, ფიზიკურად, ემოციურად ყველაზე მისაღები ფორმა და ისეთ დონეზე განხორციელდა, რომ ამერიკელმა ექსპერტებმა ხმამაღლა განაცხადეს, ამ ბანაკმა საქართველოს საზოგადოება შეცვალაო. ისინი გულისხმობდნენ დიაბეტიან ბავშვთა მშობლებისა და ნათესავების დამოკიდებულების შეცვლას და თვით ექიმების მიერ ამ პროცესის ახლებურად გააზრება-შეფასებას. საქართველო მოხვდა ბავშვთა დიაბეტური ბანაკების საერთაშორისო ასოციაციის დირექტორთა საბჭოში და მეცნიერების კურირება დაევალა.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ოქსიდაციური სტრესი და ენდოთელური დისფუნქცია მეტაბოლური სინდრომის დროს თბილისი, 2012 გვ. 163

ლიტერატურა რედაქტირება

  • მანანა კოპლატაძე - ქართული ენდოკრინოლოგიის პასიონარია : გახსენება / ხუტა პაჭკორია // ავერსი : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი. თბილისი, 2021. N 11 (194). გვ. 68-71

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება