მალაქია ტოროშელიძე

მალაქია ტოროშელიძე (დ. 15 მარტი, 1880 — გ. 7 სექტემბერი 1937) — ქართველი საბჭოთა პარტიული და საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა სოფელ სხვავაში (ამჟამინდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი). 1910 წელს დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, დაბრუნდა თბილისში და ჩაება რევოლუციურ მოღვაწეობაში. იყო ბოლშევიკური გაზეთების — „ბრძოლისა“ და „კავკაზსკი რაბოჩის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1921–1922 წლებში მალაქია ტოროშელიძე საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო, 1922–1924 წლებში კი — ცეკავაშირის გამგეობის თავმჯდომარე.[1]

1928 წლის სექტემბრიდან 1930 წლის სექტემბრამდე მალაქია ტოროშელიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე რექტორი, 1931–1936 წლებში — საქართველოს სსრ საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე და სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. იმავდროულად, 1934–1935 წლებში, მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი და საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, 1936 წელს — განათლების სახალხო კომისარი.[1]

მალაქია ტოროშელიძე 1936 წელს 10 სექტემბერს დააპატიმრეს. დაპატიმრების მომენტში იყო განათლების სახალხო კომისარი. 1937 წლის 7 სექტემბერს დახვრიტეს. სსრკ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1956 წლის 10 მარტის განჩინებით რეაბილიტირებულია.[2]

მალაქია ტოროშელიძის მეუღლე იყო ცნობილი მენშევიკი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი (1919-1921) მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძისა.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ბერიძე ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 25.
  2. ტოროშელიძე მალაქია გიორგის ძე — სტალინური სიები საქართველოდან