ლუდსახარში ნატახტარი

ლუდსახარში ნატახტარი — სააქციო საზოგადოება ლომისის ლუდსახარში. სააქციო საზოგადოება „ლომისი“ ჩამოყალიბდა 1991 წელს და მდინარე ქსნის პირას, ახალგორში, ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო. მოგვიანებით, 2005 წლის სექტემბერში, სააქციო საზოგადოებამ თიბისი ბანკისა და EBRD-ის ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ააშენა და აამუშავა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში ნატახტარი. პროექტის ორგანიზატორთა განცხადებით, წარმატებული საწარმოს შექმნას ხელს უწყობდა როგორც სოფლის დედაქალაქთან სიახლოვე, ისე ნატახტრის წყლის უნიკალური თვისებები.

ლუდსახარში ნატახტარის ლოგო

2008 წელს ლუდსახარშის საქმიანობით დაინტერესდა, კომპანია „ეფესი“, რომელმაც ლუდსახარშის 100%-იანი წილი შეიძინა. „ეფესი“ მსოფლიოში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. კომპანიის განცხადებით, მენეჯმენტი დიდ ყურადღებას აქცევს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ხარისხის მართვას. ხორციელდება ინვესტიციები საწარმოო ხაზებსა და ლაბორატორიის უახლესი დანადგარებით აღჭურვისათვის.

ლუდსახარშ ნატახტარს გააჩნია უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც პროდუქციის მიკრობიოლოგიურ და ჰიგიენურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საწარმოში ტარა იონიზირებული ჰაერითა და ულტრაიისფერი სხივების საშუალებით სუფთავდება. პროდუქციის საშიში მინარევებისაგან დაცვისა და შენახვის ხანგრძლივობის მიზნით პოლიეთილენის ბოთლები დამატებით დამცავი გარსით იფარება. თავად კომპანიის განცხადებით, პროდუქციის ხარისხს უნიკალური თვისებებით გამორჩეული ნედლეული და ტექნიკური პერსონალის დახვეწილი ოსტატობა უზრუნველყოფს.

ლუდსახარში ქართული ლუდის ბაზრის 60%-ზე მეტი წილის მფლობელია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლუდის რამდენიმე ბრენდსა და შვიდი დასახელების ლიმონათს.

2008 წლიდან კომპანია „ნატახტარი“ გახდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და რაგბის კავშირის ოფიციალური სპონსორი.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ლუდსახარში ნატახტარი, ისტორია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-01. ციტირების თარიღი: 2011-05-06.