ლიტერატურათმცოდნეობა

ლიტერატურათმცოდნეობამეცნიერება, რომელიც სწავლობს მხატვრულ ლიტერატურას, მის წარმოშობას, არსსა და განვითარებას.

თავდაპირველად ამ ტერმინმა პოპულარობა გერმანიაში მოიპოვა (მანამდე ფართოდ იყო გავრცელებული „ლიტერატურის ისტორია“). ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევა შეიძლება განხორციელდეს ოთხი ძირითადი მიმართულებით: ლიტერატურის თეორია, ლიტერატურული ტექსტის ანალიზი და ინტერპრეტაცია, წყაროთმცოდნეობა (მ. შ. არქივთმცოდნეობა) და ტექსტოლოგია. ლიტერატურათმცოდნეობა, როგორც მეცნიერება, სამ ძირითად დარგად იყოფა: ლიტერატურის ისტორია, ლიტერატურის თეორია და სალიტერატურო კრიტიკა.

ლიტერატურის ისტორია აკადემიური დისციპლინაა, რომელიც შეისწავლის ლიტერატურის განვითარების ისტორიულ კანონზომიერებას, წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, რაც დასაბამიდან შექმნილა ლიტერატურაში.

ლიტერატურის თეორია (პოეტოლოგია) შეისწავლის ზოგად ლიტ. კანონზომიერებებს, ლიტ-რას, როგორც ფენომენს. იკვლევს ტექსტის სტრუქტურას, ადგენს მის ჟანრულ კუთვნილებას, განიხილავს ლიტ. მიმართულებებსა და მიმდინარეობებს. ლიტერატურის თეორია ეფუძნება ხელოვნების თეორიასა და ფილოსოფიას, მჭიდრო კავშირი აქვს რელიგიასთან, ლინგვისტიკასთან, ესთეტიკასთან, კულტუროლოგიასთან, ანთროპოლოგიასთან, ფსიქოლოგიასთან და ა.შ. მას თეორიულ პოეტიკასაც უწოდებენ.

სალიტერატურო კრიტიკა XVIII საუკუნეში წარმოიქმნა. ის არის ლიტერატურის ნაწარმოებზე მიმართული დისკურსი, ერთგვარი მედიატორი მკითხველსა და ავტორს შორის. მისი ინტერესების სფეროა მიმდინარე ლიტერატურული პროცესი. იგი გვევლინება შემფასებლად, მხატვრული ქმნილების ავ-კარგის განმსაზღვრელად.

მართალია, ქართული ლიტერატურის მეცნნიერული კვლევა და სისტემატიზაცია XIX საუკუნიდან იწყება, მაგრამ წარსულში, ეკლესია-მონასტრების სალიტერატურო სკოლებსა და ცენტრებში, მუშავდებოდა პალეოგრაფიის, თარგმანის თეორიის, ბიბლიოგრაფიის, ტექსტოლოგიის საკითხები, ჰაგიოგრაფიული ტერმინოლოგია; დაზუსტდა ჰაგიოგრაფთა ბიოგრ. დეტალები და სხვ. ეკლესიამ თავის წიაღში შექმნა და შემოინახა ქართული სულიერი კულტურის ძეგლები.

ძველი ქართული საზღვარგარეთულ კერათა შორის განუზომელია ათონის ლიტერატურული-საღვთისმეტყველო სკოლის მნიშვნელობა. X საუკუნის 70-იანი წლებიდან, იოანე მთაწმიდელისა და თორნიკე ერისთავის ინიციატივით, ფართოდ გაიშალა მუშაობა ხელნაწერთა გამრავლებისა და ნუსხების დამზადების მიზნით. ათონის ლიტერატურულ სკოლაში გაჩაღდა დიდი მთარგმნელობითი მუშაობა.

შემორჩენილია X საუკუნის სინას მთის ქართველი მოღვაწეების ლიტერატურული საგანძურის კატალოგი; საინტერესოა ასევე მელქისედეკ კათოლიკოსის მცხეთის გუჯარი (1040), რომელშიც ჩამოთვლილია სია იმ 25 წიგნისა, რომლებიც მოუპოვებია მის მიერვე განახლებული და შემკობილი სვეტიცხოვლის ტაძრისათვის; მნიშვნელოვანია გრიგოლ ბაკურიანისძის მიერ (XI ს.) პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონში მოყვანილი სია წიგნებისა, რომლებიც იქვე ინახებოდა; XVI საუკუნეში ბაგრატ ბატონიშვილმა დაწერა ტრაქტატი ისლამის წინააღმდეგ — „მოთხრობაჲ სჯულთა უღმრთოთა თათრისათა გამოკრებილი და სიტყვის გებაჲ ქრისტიანეთა მიერ“, რომელშიც ასახელებს ზოგიერთ ქართველ მწერალს.

1712 წელს ვახტანგ VI-მ, თავისივე კომენტარებით, დაბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“, რომლითაც სათავე დაუდო რუსთველოლოგიას.

საინტერესოა ანტონ კათოლიკოსის „წყობილსიტყვაობა“, რომლის მე-7 ნაწილში მოცემულია ძველი ქართული მწერლობის მოკლე მიმოხილვა.

1731 წელს მ. ბარათაშვილმა დაწერა პოეტური ტრაქტატი „სწავლა ლექსთა თქმისა“ („ჭაშნიკი“) — ქართული ლექსის შესწავლის პირველი მცდელობა, რომელშიც განხილულია მხატვრული ნაწარმოების ფორმისა და შინაარსის ურთიერთობა, ქართული ლექსის აგებულება, პოეზიის დიდაქტიკური ფუნქცია, განსაზღვრულია მისი თემატიკა.

ვენის უნივერსიტეტის პროფესორ ფ. კ. ალტერის ნაშრომი ქართული ლიტერატურის შესახებ (Über Georgianische Literatur, 1798) შეიცავს იმ დროს რომსა და ვენაში შეკრებილი ქართულ ხელნაწერებისა და წიგნების ნუსხას. 1802 წელს ე. ბოლხოვიტინოვმა თავის წიგნში «Историческое изображение Грузии в политическом, церковном и учебном ее состоянии» მიმოიხილა ძველი ქართული მწერლობა. 1810 წელს თელავის სემინარიის ყოფილ რექტორს, დავით მესხიშვილს შეუდგენია სამასამდე თხზულებისა და ავტორის კატალოგი. 1813-1828 წლებში იოანე ბატონიშვილმა „კალმასობაში“ შეიტანა ცნობები ქართველ მოღვაწეთა და მწერალთა შესახებ („მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის“).

ფრანგმა ქართველოლოგმა მ. ბროსემ გამოკვლევებში: „ქართული ლიტერატურის თანამედროვე მდგომარეობა“ (1828, პარიზი), „ხელოვნება აზნაურობითი გინა ქართულისა ენისა თჳთმასწავლებელი“ (1834, პარიზი) და „ქართული ენის გრამატიკა“ (1837, პარიზი) წარმოადგინა ქართული ლიტერატურის თავისებურებები. მან ქართული ლიტერატურა განიხილა ევროპული ლიტერატურის განვითარების პერსპექტივიდან. გერმანელმა მწერალმა ფ. ფ. ბოდენშტედტმა საქართველოში ხანგრძლივი მოგზაურობის შედეგად გამოაქვეყნა „ათას ერთი დღე აღმოსავლეთში“ (1850), რომელშიც გამოყოფილია ფოლკლორი, საერო და სასულიერო თხზულებები.

ს. დოდაშვილი პირველი ქართველი მოაზროვნეა, რომლის სახელთან მჭიდროდაა დაკავშირებული XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის კრიტიკისა და ესთეტიკური აზროვნების ახალი ეტაპი. მას ეკუთვნის ქართულ ენაზე დაწერილი ნაშრომი „რიტორიკა“, რომელშიც განხილულია „აღმკობილის პროზის“¨ ზოგადი კანონები. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს მის ნარკვევს „მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა, ანუ სიტყვიერებისა“, რომელშიც მოცემულია ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის პერიოდიზაციის პირველი ცდა.

საინტერესოა თეიმურაზ ბატონიშვილის ქართული ხელნაწერებისა და ძველად დაბეჭდილი წიგნების კოლექცია, რომელიც მისი გარდაცვალების (1846) შემდეგ გადაეცა მეცნიერებათა აკადემიის სააზიო მუზეუმს.

XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან თერგდალეულთა დიდი ღვაწლი ლიტერატურათმცოდნეობასაც დაეტყო. მრავალმხრივი განხილვის საგანი გახდა ლიტერატურის ისტორიის, თეორიისა და კრიტიკის პრობლემები (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, გ. წერეთელი, ს. მესხი, კ. ლორთქიფანიძე, დ. ბაქრაძე და სხვ.). უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო რუსთაველის პოემის ტექსტის შემსწავლელი კომისიის შექმნა (თავჯდომარე გ. ორბელიანი).

1880-1894 წლებში ა. ცაგარელმა გამოსცა „ცნობები ქართული მწერლობის ძეგლებზე“ (რუს. ენაზე სამ ნაკვეთად), ხოლო 1888 წელს – „ქართულ სიძველეთა ძეგლები წმინდა მიწაზე და სინაზე“ (რუს. ენაზე). მანვე პირველმა გამოაქვეყნა იოანე ზოსიმეს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ და პირველმა აღწერა „სინური მრავალთავი“.

1895-1907 წლებში ა. ხახანაშვილმა შექმნა ქართ. ლიტერატურის პირველი სისტემური კურსი ნაშრომით „ქართული სიტყვიერების ისტორია“ (ტ. 1–4). მისი ინიციატივითა და ფინანსური დახმარებით 1911 მოსკოვში ჩამოყალიბდა „ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოება“.

1911-1912 წლებში ქუთაისში გამოვიდა კ. აბაშიძის „ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ“, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურის კრიტიკული აზროვნების განვითარებაში და, ამასთანავე, დაიწყო XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის მეცნიერული შესწავლა. ქართული ლიტერატურის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით პ. იოსელიანს, დ. ჩუბინიშვილს, ე. თაყაიშვილს, მ. ჯანაშვილს, ზ. ჭიჭინაძეს. XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის განვითარებაში სრულიად გამორჩეულია კ. კეკელიძის ღვაწლი. 1923-1924 წლებში გამოიცა მისი ფუნდამენტური ნაშრომი „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია“ ორ ტომად და, ფაქტობრივად, ამით დაიწყო ლიტერატურის ისტორიის კვლევა-ძიების ახალი ერა. ასევე, საეტაპო მნიშვნელობის იყო მისივე „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“ (14 ტომად).

ლიტერატურათმცოდნეობის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ლიტერატურის მუზეუმს, რომელიც 1940 გამოსცემდა „ლიტერატურის მატიანეს“. მის ფონდებში თავმოყრილია ასი ათასზე მეტი ხელნაწერი, იკონოგრაფიული ძეგლები, მემორიალური ნივთები და უნიკალური წიგნები.

სამეცნ. კვლევა-ძიების რთულ გზაზე სრულიად განსაკუთრებული ეტაპი იყო ქართული ლიტერატურის ინ-ტის დაარსება (1942). ამავე წლიდან დაიწყო სოლიდური ბეჭდვითი ორგანოს, „ლიტერატურული ძიებანის“ გამოცემა. 1951 წელს ინსტიტუტს დაევალა „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის მომზადება. საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა იყო „ქართული ლიტერატურის ისტორიის“ ექვსტომეულის მომზადება (დაიბეჭდა ხუთი ტომი). ინსტიტუტი გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალებს ფოლკლორში, კრიტიკაში, რუსთველო-ლოგიაში, გალაკტიონოლოგიაში, ლიტერატურის თეორიასა და კომპარატივისტიკაში („სჯანი“).

1958 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე შეიქმნა მეცნიერებათა აკადემიას დაქვემდებარებული კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი (დამაარსებელი ი. აბულაძე, 2007 წლიდან – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), რომლის ორი უმთავრესი მიმართულებაა ხელნაწერების დაცვა-აღრიცხვა და მათი მეცნიერული კვლევა.

ლიტერატურათმცოდნეობის განვითარებისათვის სერიოზულ სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა თსუ-ის რუსთაველის, ილიას, აკაკის, ვაჟას, კ. გამსახურდიას კაბინეტები.

1962 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან დაარსდა „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისია, 1966 წელს კი რუსთაველის დაბადების 800 წლისთავის საიუბილეო დღეებში დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემა (ტექსტი ძირითადი ვარიანტებით, კომენტარებითა და ლექსიკონითურთ ორ ტომად, ა. შანიძისა და ა. ბარამიძის რედაქციით.

ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის კვლევასა და განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს პ. ინგოროყვამ, ა. ბარამიძემ, ს. კაკაბაძემ, ი. აბულაძემ, ვუკ. ბერიძემ, მ. გოგიბერიძემ, გ. იმედაშვილმა, ს. იორდანიშვილმა, ი. მეგრელიძემ, ი. გიგინეიშვილმა, გ. ჯაკობიამ, ს. ყუბანეიშვილმა, ლ. მენაბდემ, ი. ლოლაშვილმა, ს. ცაიშვილმა, ნ. ნათაძემ, მ. უჯმაჯურიძემ, მ. გუგუშვილმა, შ. ონიანმა, რ. ბარამიძემ, რ. თვარაძემ, ბ. დარჩიამ, რ. ფირცხალაიშვილმა, მ. კარბელაშვილმა, ზ. გამსახურდიამ, ე. ხინთიბიძემ, მ. ქავთარიამ. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ახალ ეტაპზე გადავიდა მედიევალური და რუსთველოლოგიური ძიებანი. სამეცნ. ასპარეზზე გამოსულმა 60-იანელთა თაობამ (რ. სირაძე, ლ. გრიგოლაშვილი, მ. გიგინეიშვილი, გრ. ფარულავა) კვლევები განაგრძო ახ. მეთოდოლოგიით – მხატვრულ-ესთეტიკურის გვერდით წინა პლანზე წამოსწია რელიგიურ-მისტიკური, სახისმეტყველებითი საკითხები. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან გაძლიერდა ინტერდისციპლინური მიმართულება. ძველი ქართული მწერლობის შესწავლის საქმეში ჩაერთო ძვ. და ახ. თაობა: ნ. სულავა, ლ. ხაჩიძე, ხ. ზარიძე, ე. კოჭლამაზაშვილი, ე. ჭელიძე, ქ. ბეზარაშვილი, დ. მენაბდე, ს. მახარაშვილი, ე. კალანდარიშვილი, გ. კუჭუხიძე, გ. ალიბეგაშვილი, ვ. ამირხანაშვილი, ს. მეტრეველი, რ. ხალვაში და სხვ.

XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის კვლევისას ქართველმა მეცნიერებმა შეისწავლეს ეპოქა, ავტორთა ბიოგრაფიები, მათი შემოქმედების თავისებურებანი კოლონიზატორული დისკურსის მიმართ; გააანალიზეს რომანტიზმისა და რეალიზმის კარდინალური საკითხები. დაიწერა უაღრესად მნიშვნელოვანი მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები. ამ პერიოდის ქართულ ლიტერატურას იკვლევდნენ: ვ. კოტეტიშვილი, ს. ხუნდაძე, მ. ზანდუკელი, გ. ქიქოძე, ს. დანელია, ლ. ასათიანი, ს. ხუციშვილი, გ. კიკნაძე, გ. ჯიბლაძე, ა. გაწერელია, დ. ბენაშვილი, დ. გამეზარდაშვილი, გ. აბზიანიძე, გ. ასათიანი, გ. აბაშიძე, ვ. ვახანია, პ. კეკელიძე, ა. გაჩეჩილაძე, ა. მახარაძე, ჯ. ჭუმბურიძე, ს. ყუბანეიშვილი, თ. კიკაჩეიშვილი, გ. შარაძე, ი. ევგენიძე; ამ დარგში დღესაც იღვწიან: გ. კალანდარიშვილი, მ. კაკაბაძე, ლ. მინაშვილი, მ. ნინიძე, მ. შარაშენიძე, ე. ზარდიაშვილი, ნ. ფრუიძე, ჯ. გაბოძე და სხვ.

XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის შესწავლა (ისევე, როგორც ზოგადად, ქართული ლიტერატურა) შეაფერხა საბჭოთა ტოტალიტარულმა სახელმწიფომ. საქართველოს ანექსიის (1921) შემდეგ როგორც ქართული მწერლობა, ისე ლიტერატურათმცოდნეობა მკვეთრად იდეოლოგიზებული გახდა. 30-იანი წლებიდან ყველაფერი დაუქვემდებარეს სოციალურ რეალიზმის დისკურსსა და მკაცრ ცენზურას. მხოლოდ პოსტსაბჭოთა პერიოდიდან (1991-ის შემდეგ) მოხერხდა ლიტერატურული პროცესების ხელახალი შეფასება, თუმცა საბჭოთა რეჟიმის დროსაც ბევრი რამ გაკეთდა კვლევის მიმართულებით. ამ რთული საუკუნის მწერლობის შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ს. ჭილაიამ, გ. მერკვილაძემ, გ. ციციშვილმა, გ. ასათიანმა, მ. კვესელავამ, გ. ბენაშვილმა, ტ. კვანჭილაშვილმა, ს. სიგუამ, ა. ბაქრაძემ, ვ. ცისკარიშვილმა, ა. ხინთიბიძემ, დ. თევზაძემ, გ. ხერხეულიძემ, ა. თოფურიამ, გ. გვერდწითელმა, ი. კენჭოშვილმა, ა. ნიკოლეიშვილმა, ლ. ავალიანმა, მ. კვაჭანტირაძემ, თ. დოიაშვილმა, ლ. ბრეგაძემ, ზ. ცხადაიამ, ზ. აბზიანიძემ, ნ. კუპრეიშვილმა, ი. მილორავამ. მ. ჯალიაშვილმა, ბ. წიფურიამ, ა. გომართელმა, ნ. გრიგალაშვილმა და სხვ.

ქართული სალიტერატურო კრიტიკის ჩანასახს ჯერ კიდევ არჩილ II-ის „გაბაასებაში“ ვხვდებით. კრიტიკის პრინციპების ჩამოყალიბება დაკავშირებულია XIX საუკუნის 60-იან წლებთან, კერძოდ, თერგდალეულების სახელებთან (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე). ამ სფეროში აქტიურად იყვნენ ჩაბმული ს. მესხი, ა. ფურცელაძე, ი. მაჩაბელი, ვ. ბოსლეველი (ე. მჭედლიძე), რ. ხომლელი (რ. ფანცხავა), ი. გომართელი. ლიტ. კრიტიკაში ეტაპი შექმნა კ. აბაშიძის წერილებმა. XX ს. 10-იანი წლებიდან ამ სფეროს შემოემატა ახალი ძალები (ა. ჯორჯაძე, ი. ვართაგავა, გ. ქიქოძე, ვ. კოტეტიშვილი და სხვ.). საქართვ. გასაბჭოების შემდეგ კი უკუსვლა დაიწყო სალიტ. კრიტიკამ – იმძლავრა სოც. ლიტერატურის შეფასების მეთოდმა – სოც. რეალიზმმა. ამ პერიოდის კრიტიკოსთა შორის აღსანიშნავი არიან: პ. ქიქოძე, ფ. ნაროუშვილი, ფ. მახარაძე, ბ. ბუაჩიძე, კ. ლორთქიფანიძე, შ. რადიანი, გ. მუშიშვილი, ბ. ჟღენტი და სხვ. მომდევნო წლებში სალიტ. კრიტიკაში გამოჩდნენ ახალი სახეები: ლ. კალანდაძე, დ. ბენაშვილი, ს. ჭილაია, გ. ნატროშვილი, ვ. წულუკიძე, ე. ქარელიშვილი, შ. ჩიჩუა, გ. მარგველაშვილი, დ. თევზაძე, გ. ბარნოვი, გ. კანკავა, ზ. აბზიანიძე, ჯ. ღვინჯილია და სხვ.; ახ. ეტაპი კრიტიკულ აზროვნებაში დაიწყო XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ო. პაჭკორიას, გ. ბენაშვილის, რ. თვარაძის, მოგვიანებით გ. გვერდწითელის, გ. გაჩეჩილაძის, ს. სიგუას, თ. დოიაშვილის, ლ. ბრეგაძის, კ. იმედაშვილის წერილებით. კრიტიკის ხარისხისა და პრესტიჟის ამაღლებაში, პატრიოტული სულისკვეთების, ეროვნ. ღირსების გამძაფრებაში განსაკუთრებულია ა. ბაქრაძის დამსახურება.

ლიტერატურის თეორია ლიტერატურათმცოდნეობის უაღრესად მნიშვნელოვანი დარგია. ჯერ კიდევ „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგშია განსაზღვრული პოეზიის არსი და მისი დანიშნულება. მოცემულია ლირიკულ-ეპიკური ჟანრების კლასიფიკაციის ცდა. ამ მიმართულებით თეორიული ცოდნა განვითარდა ბაროკოს ხანის ქართ. მწერლობაში, კერძოდ, არჩილისა და ვახტანგ VI-ის ნააზრევში. დაიწერა მ. ბარათაშვილის „ჭაშნიკი“, თეიმურაზ ბატონიშვილის „გვარნი ანუ საზომნი ქართულისა ენისა სტიხთა“, გაძლიერდა ინტერესი პოეტიკის საკითხებისადმი (ლ. ისარლოვი, გ. ყიფშიძე, მ. კელენჯერიძე, დ. ჩუბინაშვილი და სხვ.). 1912 წელს დაიბეჭდა ს. გორგაძის „წყობილსიტყვაობა“. XX საუკუნის 30-40-იან წლებში გამოქვეყნდა დ. ბენაშვილის, გ. ჯიბლაძის, ს. გაჩეჩილაძის, კ. კაპანელის, მ. დუდუჩავას, ს. იორდანიშვილისა და სხვათა ნაშრომები. ქართული ლექსის კვლევას დიდი ამაგი დასდეს ა. გაწერელიამ, ა. ხინთიბიძემ, გ. მიქაძემ, ა. სილაგაძემ და სხვ.

ლიტერატურის თეორიის კვლევის ახალი ეტაპი დაკავშირებულია ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ლიტერატურის თეორიის განყოფილების ჩამოყალიბებასთან (1954). გამოიცა „ლიტერატურის თეორიის საფუძვლები“, „ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი“. დარგის განვითარებას ხელს უწყობდა ა. და რ. ჭილაიების, თ. კიკაჩეიშვილის, ნ. ჭოლოკავას, გ. ლომიძის, გ. ზაუტაშვილის, ბ. დობორჯგინიძის საინტერესო ნაშრომები. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მკვეთრად განვითარდა ლიტერატურის თეორიის კვლევის ასპექტები, შემოვიდა ახალი თეორიები და მეთოდოლოგიები, განახლდა სამეცნიერო ლექსიკური არსენალიც. ამ მხრივ საეტაპო მნიშვნელობის გამოდგა XXI ს. – დაიბეჭდა „ჟანრის თეორია“, „მეტაფორა“, „ლირიკული ჟანრები“, გამოვიდა „ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი“, „ლიტერატურის თეორიის“ სამი ტომი (ქრესტომათია). ლიტერატურის თეორიაში საინტერესო გამოკვლევების ავტორები არიან: თ. ბარბაქაძე, ვ. კავთიაშვილი, ლ. ცაგარელი, თ. ლომიძე, ნ. გაფრინდაშვილი, ი. რატიანი, გ. ლომიძე, კ. ბრეგაძე და სხვ.

XIX საუკუნეში საფუძველი ჩაეყარა ქართულ ფოლკლორისტიკას, რომლის მომიჯნავე დისციპლინებია ეთნოლოგია-ეთნოგრაფია, კულტურული ანთროპოლოგია, რელიგიათმცოდნეობა, რელიგიის ისტორია. ქართულ ფოლკლორისტიკის სათავეებთან დგანან პ. იოსელიანი, თეიმურაზ ბატონიშვილი და ა. ჯამბაკურ-ორბელიანი. „აკაკის კრებულში“ (1897-1900) საგანგებო რუბრიკა ჰქონდა დათმობილი ფოლკლორულ ტექსტებს. ქართული ფოლკლორისტიკის განვითარებას დიდი ამაგი დასდეს პ. უმიკაშვილმა და თ. რაზიკაშვილმა. 1904 წელს ქართული ფოლკლორის შესახებ თეორიული აზრი პირველმა გამოთქვა ა. ხახანაშვილმა ნაშრომში „ქართული სიტყვიერების ისტორია“; 1919 წელს ვ. ბარნოვმა გამოაქვეყნა „ქართული სიტყვიერების ისტორიის გაკვეთილები“; 1924 წელს გამოვიდა ა. შანიძის „ქართული ხალხური პოეზია, I, ხევსურული“. XX საუკუნის 30-იან წლებში ვ. კოტეტიშვილმა ფოლკლორისტიკა ახ. ეტაპზე გადაიყვანა. ამავე პერიოდში გამოიცა პ. უმიკაშვილის „ხალხური სიტყვიერება“, „ხალხური შემოქმედების საუნჯე“ (სამ ტომად). XX ს. 40-იანი წლების ბოლოდან დაიწყო ქართ. ფოლკლორის მონოგრაფიული შესწავლა, რომელიც დიდი წვლილი მიუძღვის მ. ჩიქოვანს, ე. ვირსალაძეს, ქ. სიხარულიძეს, თ. ოქროშიძეს, ა. ღლონტს. ქართ. ფოლკლორის შემდგომ კვლევა-ძიებაში საეტაპო მნიშვნელობა ენიჭება „ქართული ხალხური პოეზიის“ 12-ტომეულის (1972-1982) გამოცემას.

1979 წლის 14 აპრილს ვ. კოტეტიშვილისა და ა. ჭინჭარაულის თაოსნობით გაიმართა ხალხური პოეზიის საღამო, რომელიც 1983 წლიდან ყოველ წელს ტარდებოდა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართ. ფოლკლორის პოპულარიზაციასა და განვითარებაში.

2005 წლიდან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში დაარსდა ზეპირსიტყვიერების მიმართულება, რომლის საქმიანობა მოიცავს ქართული მითოლოგიის, ზღაპრების, ლეგენდების, გადმოცემების, თქმულებების, ეპოსის, ანდაზებისა და ზეპირსიტყვიერების სხვა ნიმუშების შემკრებლობით საქმიანობას, სამეცნიერო კვლევას, გამოცემასა და პოპულარიზაციას.

ხალხური ზეპირსიტყვიერების კვლევის საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს: ფ. ზანდუკელმა, ჯ. ბარდაველიძემ, ო. ონიანმა, ა. ცანავამ, გ. ბარნოვმა, თ. ქურდოვანიძემ, თ. ჯაგოდნიშვილმა, რ. ჩოლოყაშვილმა, ა. არაბულმა, ტ. მახაურმა, ხ. მამისიმედაშვილმა, ქ. სიხარულიძემ, რ. ჩხეიძემ, დ. ბედიანიძემ, ე. ჩხეიძემ, მ. ხუხუნაიშვილმა, გ. ჭელიძემ, ი. ყველაშვილმა, ნ. რატიანმა, რ. ხაჭაპურიძემ, ე. ინწკირველმა, ნ. ბალანჩივაძემ, მ. ტურაშვილმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზ. კიკნაძის საეტაპო მნიშვნელობის კვლევები.

ქართული ლიტერატურათმცოდნეობის განვითარებაში დიდია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველოლოგთა წვლილი. XIX საუკუნის 20-იან წლებში, კერძოდ 1822 წელს, პარიზში ჩამოყალიბდა „პარიზის სააზიო საზოგადოება“, რომელმაც დაიწყო „სააზიო ჟურნალის“ გამოქვეყნება. მასში დაიბეჭდა სტატიები საქართველოს შესახებ. 1825 წელს ამ საზოგადოების წევრად აირჩიეს მ. ბროსე, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ქართველოლოგიის დასაწყისი ევროპასა და რუსეთში. 1837 წლიდან, მ. ბროსეს პეტერბურგში გადასვლის შემდეგ დაიწყო ქართველოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი ჰუმანიტარული მეცნიერების ისტორია. XIX საუკუნის II ნახევარში ჩვენს ლიტერატურასა და კულტურას მჭიდროდ დაუკავშირდნენ: მ. უორდროპი, ჯ. უორდროპი, ა. ლაისტი.

XX საუკუნის დასაწყისში ქართული ლიტერატურის შესწავლას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთში (ხელმძღვანელი ნ. მარი). მისი ნაშრომების შემდეგ დაინტერესებამ ევროპაშიც იჩინა თავი, ერთ-ერთი პირველი იყო ა. ჰარნაკი; ქართ. საეკლესიო მწერლობის განხილვის ცდაა მოცემული ფ. ფრინკის ნარკვევში „ქართული ლიტერატურა“; გერმანიაში გამოქვეყნდა ა. ბაუმშტარკის ნაშრომი; ქართული სასულიერო მწერლობის მეცნიერულ კვლევას შეუდგა ინგლისელი არმენისტი ფ. კ. კონიბირი; ბელგიაში – აღმოსავლეთმოცოდნე პ. პეეტერსი, რ-მაც ლათინურად თარგმნა ქართ. ჰაგიოგრაფიის ძეგლები; 1932 ლონდონში დაისტამბა უ. ე. ალენის მონოგრაფია – „ქართველი ხალხის ისტორია“. მისი საქმე გააგრძელა დ. ლანგმა. ქართველოლოგიის ახალი ეტაპია ბელგიელი ჟ. გარიტის ნაშრომები; წარმატებით იკვლევს ბიბლიურ ტექსტებს ჯ. ნევილი; „ვეფხისტყაოსნით“ დაინტერესდა გერმ. გ. დე პეეტერსი. უცხოელი ქართველოლოგები ყოველთვის დიდი ინტერესითა და მონდომებით იკვლევდნენ ქართ. ლიტერატურის საკითხებს. მ. შ. არიან: ი. ასფალგი, ჰ. ფენრიხი, ფ. ფინკი (გერმანია); დ. რეიფილდი (დიდი ბრიტანეთი); რ. ბლეიკი, პ. და ბ. ბეინენები (აშშ); ლ. მაგაროტო (იტალია); ი. კოჯიმა (იაპონია); ე. ჰონიგმანი, ჟ. გარიტი, მ. ვ. ესბროკი – ბელგია; ჟ. კარსტი, ა. უზუნიანი (საფრანგეთი); ლ. გრიციკი (უკრაინა) და სხვ.

1978 წელს გერმანიაში გამოვიდა სამეცნ. ქართველოლოგიური ჟურნ. „გეორგიკა“ (დამაარსებელი და მთ. რედაქტორი ჰ. ფენრიხი). 1993 წლიდან თბილისში დაარსდა ორენოვანი (ქართ. და ინგლ.), რეცენზირებული, პროფესიული და აკად. ჟურნ. „ქართველოლოგი“ (მთ. რედ. ე. ხინთიბიძე), რ-შიც ლიტერატურათმცოდნეობით პრობლემებზე პუბლიკაციებს აქვეყნებენ ს. ნიუველი (აშშ), კ. ჰორნი ( საფრ.), რ. სტივენსონი (დიდი ბრიტანეთი), რ. ლ. ლარსონი (შვედეთი), ჰ. პაპროცკი (პოლონეთი), ი. კოჯიმა (იაპონია).

ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციასა და შესწავლაში დიდი წვლილი მიუძღვით ემიგრანტ ქართველოლოგებს, მ. შ.: მ. თამარაშვილს, მ. წერეთელს, გ. რობაქიძეს, მ. თარხნიშვილს, გ. ფერაძეს, შ. ბერიძეს, კ. სალიას, გ. შურღაიას და დ. კიზირიას. რუსთველოლოგიის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ვ. ნოზაძემ.

XXI საუკუნის 10-იან წლებში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართული ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევების უცხო ენებზე გამოცემა: 2012 წელს კემბრიჯში ინგლ. ენაზე გამოვიდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის კრებული „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი: მეოცე საუკუნის გამოცდილება“; ასევე 2016 წელს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, „მოკლე შესავალი ქართულ ლიტერატურაში“ (გერმ. ენაზე).

ლიტერატურა რედაქტირება

  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ორ ტომად, თბ., 1980–81;
  • კიკნაძე ზ., ქართული ფოლკლორი, თბ., 2007;
  • ლიტერატურის თეორია, XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები, რედ. თ. დოიაშვილი, ი. რატიანი), თბ., 2008;
  • მეტრეველი ს., ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა – პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე, თბ., 2022;
  • XVI–XIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა, აღმოსავლური და დასავლური კულტურულ-ლიტერატურული პროცესების გზაშესაყარზე, რედ. ი. რატიანი), თბ., 2012;
  • XX საუკუნის ქართული ლიტერატურა, ნაწ. 1–2, რედ. მ. კვაჭანტირაძე, ი. რატიანი, თბ., 2016–20;
  • ქართული ლიტერატურა – ისტორია საერთაშორისო ლიტერატურული პროცესების ჭრილში, ნაწ. 1–2 (შუა საუკუნეებიდან პოსტსაბჭოთა ეპოქამდე), რედ. ი. რატიანი, თბ., 2015–16;
  • ქართული რეალიზმის სათავეებთან, რედ. ი. რატიანი, თ. შარაბიძე, თბ., 2015;
  • ქართული რომანტიზმი – ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები, რედ. ზ. აბზიანიძე, თბ., 2012.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება