ტერმინს „ლიმონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლიმონი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლიმონი (Citrus limon), მრავალწლოვანი მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარე ციტრუსოვანთა გვარის ტეგანისებრთა ოჯახისა. ლიმონის ხის სიმაღლე 3—7 მ აღწევს. აქვს ეკლებიანი ტოტები, ღია მწვანე მოგრძო ლანცეტისებრი ან მოგრძო კვერცხისებრი, კიდედაკბილული, ტყავისებრი ფოთლები. ყვავილი ორსქესიანია, თეთრი, არომატული. ნაყოფი მრავალბუდიანი კენჯრაა, სიგრძე 6—7 სმ, დიამეტრი 5—6 სმ (120გ-მდე), ნაყოფის ქერქი 2—5 მმ სისქისაა, ყვითელი, გლუვი ან ამობურცულია. ზეთოვანი ჯირკვლებითაა მოფენილი, მწარე, დამახასიათებელი არომატი აქვს. რბილობი მომწვანო-მოყვითალოი, წვრილმარცვლოვანი, წვნიანი, ძალიან მჯავეა. თესლი ღია ფერისაა, გლუვი, ნაყოფში დაახლოებით 20 ცალი ან მეტია.

ლიმონი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Citrus limon

ლიმონი სითბოს და სინათლის მოყვარე მცენარეა, ციტრუსოვან მცენარეთა შორის ყველაზე უფრო უყვარს ტენი. მისი სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. ველურად არ არის შენიშნული. მოშენებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, აშშ-ის, მექსიკის, არგენტინისა და სხვა სუბტროპიკულ რაიონებში. ყოფილ სსრკ-ში 200 წელზე მეტია რაც მოჰყავთ. ღია გრუნტში ლიმონის მოშენების უმთავრესი რაიონებია კავკასიის შავი ზღვის სანაპირო, აზერბაიჯანი, შუა აზია. ლიმონი მოჰყავთ ტრანშეებში, აგრეთვე ოთახის პირობებში. ლიმონის ნაყოფი შეიცავს (%-ობით): მჟავებს (უმთავრესად ლიმონის) — 3,5—8,1, შაქრებს — 1,9—3, C ვიტამინს — 45—140 მგ 100 გ-ში, აგრეთვე P და B ვიტამინებს, პექტინოვან ნივთიერებებს, კრინის მარილებს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს. იყენებენ ნედლად, წვენების წარმოებაში, ლიმონის მჟავად და სხვა. ლიმონს ამრავლებენ მყნობითა და კალმით. ნამყენი ლიმონი მსხმოიარობს მე-3 მე-4 წელს. მოსავალი ერთი ხიდან 150-300 ნაყოფია.

საქართველოში ლიმონის ნარგაობას დაახლოებით 1000 ჰა უკავია. ყინვით დაზიანების შემთხვევაში მისი მოსავლიანობა კლებულობს. საქართველოში ლიმონის მაქსიმალური წარმოება 4 ათას ტონამდე აღწევს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ლეკვეიშვილი ი., ციტრუსოვანთა წარმოების მეცნიერული საფუძვლები, ნაწ. 1-2, თბ., 1978-1979;
  • ლეკვეიშვილი ი., ბერაია ი., სუბტროპიკული კულტურები, თბ., 1965;
  • მჭედლიძე მ., ლიმონი, თბ., 1948;