ლეკური ხმალი — ქართული ხმლის ერთ-ერთი სახეობა. ხმლის პირი დამზადებულია ფოლადისაგან, ცალლესულია, ორღარიანი, მოხრილი. აქვს 22,5 სმ-იანი შაშარი (ორლესული წვერი). პირზე ყუასთან ახლოს მოცემულია ორი - ერთი შედარებით ფართო და მეორე ძალზე ვიწრო ღარი, რომლებიც ვადიდან შაშარის შუაწელამდე მიჰყვება. პირის ერთ მხარეს შტამპით შესრულებული დამღაა. დამღას კვადრატული ფორმა აქვს, ზედა მხარეს გუმბათისებურად ბოლოვდება, გუმბათზევე სამეფო გვირგვინის ფორმის ნიშანია დასმული. დამღის გუმბათში გამოსახულია ქართული ასოები „გ“ და მის მუცელში ჩასმულია „ვ“. დამღის ინიციალები ჯერჯერობით გაშიფრული არ არის, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იგი ქართველ ოსტატს ეკუთვნის. დამღის კვადრატულ ნაწილში ორ მწკრივად რუსული წარწერაა - ზედა მწკრივში „ТИФ“, ხოლო ქვემოთ „ЛИС“.

ვინაიდან, დამღაზე რუსული წარწერაა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დამღა ქართველი ოსტატის მიერ 1801 წლის შემდეგ არის შესრულებული. ხმლის პირზე დაგებულია ფოლადის ტარი, რომლის მთლიანი ზედაპირი დაფარულია ოქროზარნიშით შექმნილი ყვავილოვანი ორნამენტებით. ასეთი ორნამენტი თბილისური სკოლისათვის არის დამახასიათებელი. ტარის ბოლოს გაფართოებული ნაწილი ჩაჭრილია სოლისებურად და ორკაპა სახე აქვს. ქარქაში დამზადებულია ხისაგან, რომელზეც გადაკრულია მოყავისფრო - მოშავო ფერის ტყავი. ქარქაშზე თავთან სამკუთხედად წაწვეტებული ოქროზარნიშით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებით., რომელიც ტარის მორთულობას იმეორებს. ქარქაშის შუა სალტეებზე მირჩილულია მართკუთხა ფორმის თასმის გასაყრელები, რომლებშიც გაყრილია ტყავის თასმები, ხოლო ამ უკანასკნელზე ოქროზარნიშით მორთული გობაკებითტყავის ვიწრო ქამარია დამაგრებული. ტყავის ქამარზე მიმაგრებულია ენიანი ბალთა, გობაკები და ხიდები, სულ 14 ნაწილი. ყველა ეს დეტალი მორთულია ოქროზარნიშით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებით. ხმალი ქარქაშში ეგება ტარის ბოლოში მოხრილ ადგილამდე. აღწერილი ნივთი ქართული შაშკა ხმლების ანუ „ლეკურის“ ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

ლეკურს ამზადებდნენ უმთავრესად ლეკი მეიარაღე-ხელოსნები. ხმლის სხვა ცნობილ სახეობებთან ერთად ლეკური გავრცელებული იყო მეტწილად ჩრდილოეთ კავკასიაში, ნაწილობრივ საქართველოში (იმერეთში). უვადო ხმალი, როგორც მკვეთელი იარაღი, თავისი საბრძოლო თვისებებით, ვადიან ხმალზე ნაკლებად ფასობდა. საფიქრებელია, რომ საქართველოში ცნობილი ხმალი „ლეკური” უნდა იყოს კავკასიაში ძალზედ გავრცელებული ხმლის სახეობა ე. წ. „შაშკა“. მისი სახელწოდება ჩერქეზულიდან მომდინარეობს და „დიდ დანას“ ნიშნავს. სავარაუდოდ, მისი სამშობლოც ჩერქეზეთია. წერილობით წყაროებში „შაშკა” პირველად 1625 წელს იტალიელ მოგზაურს ჯოვანი დე ლუკას აქვს მოხსენიებული ჩერქეზების აღწერილობაში. დაწყებული XVII საუკუნიდან თითქმის მთელ კავკასიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა შაშკა. ხან გირეი აღნიშნავდა, რომ „შაშკებს ატარებენ ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, ვისაც ჰქონდა იარაღი, მას აუცილებლად ჰქონდა შაშკაც...“ აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ შაშკა კავკასიელი მეომრის აკაზმულობის უცილობელ ატრიბუტად იქცა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქაფიანიძე მ., ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, N 1, 2010
  • ყეინაშვილი ი., რაინდულო საქართველოვ, აღსდექ! ქართველთა საბრძოლო სისტემები, ტრადიციები და ისტორია, თბ., 2002