კუბური ნიანგი (ლათ. Crocodylus rhombifer) — ქვეწარმავალი ნამდვილი ნიანგების ოჯახიდან. გავრცელებულია კუბის რამდენიმე კუნძულზე.

კუბური ნიანგი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Crocodylus rhombifer
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 5670
გავრცელება

გარეგნობა რედაქტირება

ზრდასრული ნიანგის საშუალო სიგრძე 2,4 მეტრია, ხოლო ზოგიერთის სიგრძე 3,5 მეტრსაც აღწევს. მდედრები, როგორც წესი მამრებზე უფრო პატარა ზომის არიან. სახე საკმაოდ მოკლე და განიერი აქვს. კბილების რაოდენობა 60-68 ერთეულს შეადგენს. უკანა კბილები წინასთან შედარებით უფრო განიერი აქვს, რაც საშუალებას აძლევს ადვილად გატეხოს კუს ბაკანი.

კუბურ ნიანგს გააჩნია სხვა ნიანგებისაგან განმასხვავებელი რამდენიმე მახასიათებელი: უფრო ღია ფერის შეფერილობა, გრძელი და ძლიერი ფეხები, დაფარულია დიდი ზომის ქერცლით, ის გაცილებით დიდ დროს ატარებს ხმელეთზე და შეუძლია კოლექტიური მოქმედება. ყვითელი და შავი ლაქებით, სხეულის მისთვის დამახასიათებელი მოხატულობის გამო, ამ სახეობას ხშირად მარგალიტის ნიანგებს უწოდებენ.

კუბურ ნიანგს შეუძლია სიამის და ამერიკულ ნიანგებთან შეჯვარება. ჰიბრიდებმა შეიძლება მემკვიდრეობით ორივე მშობლისთვის დამახასიათებელი შეფერილობა მიიღონ. მათ ასევე შეუძლიათ გამრავლებაც.

ცხოვრების წესი რედაქტირება

კუბური ნიანგი ბუნებრივ პირობებში გვხვდება კუნძულ ხუვენტუდსა და საპატის ჭაობში. ეს გავრცელების ყველაზე მცირე არეალია ნიანგების ყველა სახეობებს შორის. ადრე გავრცელებული იყო კაიმანისა და ბაჰამის კუნძულებზეც. უპირატესობას ანიჭებს მტკნარ წყალსატევებს, თუმცა მარილიან წყალშიც შეუძლია ცხოვრება.

ამ სახეობის ნიანგები ძირითადად იკვებებიან თევზებით, კუებით, პატარა ძუძუმწოვრებით, ახალგაზრდა ასაკში აგრეთვე კიბოსნაირებით და მწერებით. ნადირობისას მათ ზოგიერთი სახეობის ალიგატორის მსგავსად საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე შეუძლიათ ახტომა.

მათი შეწყვილების პერიოდი გრძელდება მაისიდან-აგვისტომდე. მდედრი ნიანგი როგორც წესი დებს 30-40 კვერცხს. ბუნებრივ პირობებში კვერცხებისათვის თხრის ორმოს, თუმცა ტყვეობაში დაფიქსირებულა ბუდის მშენებლობის შემთხვევაც, რაც განპირობებული უნდა იყოს გარემო პირობებით.

პოპულაცია რედაქტირება

ამჟამად სახეობის პოპულაცია მოიცავს 3000-6000 ერთეულს. 1950-1960-იან წლებში გავრცელებული იყო ნიანგების მოსაშენებელი ფერმები, რომლებიც მათ ხორცისა და ტყავის მისაღებად იყენებდნენ. ამის გამო მოხდა რამდენიმე ჰიბრიდული ჯიშის გამოყვანა, რომელთა ძირითადი სახეობისაგან იზოლაციაც იგეგმება. კუბური ნიანგი შეტანილია წითელ წიგნში, როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება