კლიმატოლოგია (სიტყვა კლიმატოლოგია  ბერძნული წარმოშიბისაა, klima - ნიშნავს დახრილობას, ხოლო logos - მეცნიერებას.  იგულისხმება, რომ სხვადსხვა კუთხით დაცემული მზის სხივები სხვადასხვაგვარად ათბობს დედამიწას და განსხვავებულ ჰავას (კლიმატს) წარმოქმნის.

კლიმატოლოგია შეისწავლის ატმოსფეროს სტატისტიკური მდგომარეობის რეჟიმს და ცვალებადობას სივრცესა და დროში მრავალწლიური პერიოდის განმავლობაში. მარტივად რომ ვთქვათ, კლიმატოლოგია შეისწავლის მოცემული ადგილისათვის დამახასიათებელი ამინდების მრავალწლიურ რეჟიმს და მის ცვალებადობას სივრცესა და დროში, რომელიც ყალიბდება დამახასიათებელი რადიაციული, ატმოსფეროს ცირკულაციური პროცესების და ქვეფენილი ზედაპირის გავლენით. კლიმატოლოგია, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, ჩამოყალიბდა XVIII საუკუნეში, მანამდე ის ვითარდებოდა მეტეოროლოგიის შემადგენლობაში. კლიმატოლოგია მიეკუთვნება გეოგრაფიულ მეცნიერებათა ციკლს, მაგრამ ის არა მხოლოდ აღწერს კლიმატს, არამედ იკვლევს მის ფიზიკურ საფუძვლებს. კლიმატოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული ასტრონომიასთან, გეოლოგიასთან, გეოფიზიკასთან, ოკეანოლოგიასთან, ბიოლოგიასთან, მედიცინასთან და მეცნიერების სხვა დარგებთან.

კლიმატოლოგიის დარგებია: ზოგადი კლიმატოლოგია; კლიმატოგრაფია - დედამიწის სხვადასხვა რეგიონების კლიმატური აღწერა; დინამიკური კლიმატოლოგია (შეისწავლის კლიმატის განმსაზღვრელ ფიზიკურ კანონებს); მეტეოროლოგიური დაკვირვებების კლიმატოლოგიური დამუშავების მეთოდები; სტატისტიკური (სტოქასტიკური) კლიმატოლოგია; გამოყენებითი კლიმატოლოგია (აგროკლიმატოლოგია, სამშენებლო კლიმატოლოგია, საკურორტო კლიმატოლოგია, სამედიცინო კლიმატოლოგია, ბიოკლიმატოლოგია, თანამგზავრული კლიმატოლოგია).

კვლევის მასშტაბის თვალსაზრისით განასხვავებენ : მაკროკლიმატოლოგიას (პლანეტარული მასშტაბი); მეზოკლიმატოლოგიას (რეგიონალური მასშტაბი); მიკროკლიმატოლოგიას (ადგილობრივი მასშტაბი).

კლიმატოლოგიური კვლევის მეთოდები რედაქტირება

კლიმატოლოგიაში გამოიყენება კვლევის შემდეგი მეთოდები: 1. დაკვირვებები, ანუ ბუნებრივ გარემოში მიმდინარე პროცესების გაზომვა და ხარისხობრივი შეფასება; 2. ექსპერიმენტი, მაგალითად ნისლის გაბნევა, ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედება და სხვა; 3. სტატისტიკური ანალიზი, ის ფართოდ გამოიყენება მეტეოროლოგიური ელემენტების რიგების ანალიზის დროს, კლიმატური ნორმების თუ სხვადასხვა სტატისტიკური მახასიათებლების გამოანგარიშებისას; 4. ფიზიკო-სტატისტიკური ანალიზი, ატმოსფერული პროცესების აღწერა დიფერენციალური განტოლებებით; 5. მოდელირება, მაგალითად კლიმატური მოდელები, ატმოსფეროს ზოგადი ცირკულაციის მოდელი და სხვ; 6. კლიმატური და სინოპტიკური რუკების შედგენა და ანალიზი.

მეტეოროლოგიური დაკვირვებები წარმოებს მეტეოროლოგიურ სადგურებზე ერთიანი სისტემით ყოველ 3 საათში ერთხელ ანუ დღე-ღამეში 8-ჯერ. ნალექების რაოდენობა იზომება დღე-ღამეში 4-ჯერ, თოვლის საფარის სიმაღლე - ერთხელ, ხოლო თოვლის სიმკვრივე - 5 დღეში ერთხელ.

კლიმატოლოგიის განვითარების ისტორია რედაქტირება

ჯერ კიდევ ანტიკური დროის მეცნიერები დაინტერესდნენ ამინდით და ატმოსფეროს მოვლენებით. რეგულარული მეტეოროლოგიური დაკვირვებათა ცდები იყო ძველ ჩინეთში, ინდოეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთში. პირველ სამეცნიერო ტრაქტატად ამ სფეროში უნდა მივიჩნიოთ არისტოტელეს „მეტეოროლოგიკა“, რომელიც მან შექმნა 2300 წლის უკან. ეს ნაწარმოები დღესაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ის ახასიათებს ანტიკური მეცნიერების მდგომარეობას მისი რენესანსის პირობებში.  

მეტეოროლოგიის განვითარების თანამედროვე ეტაპი დაიწყო XVII საუკუნიდან, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ფიზიკურ მეცნიერებას. იმ დროს მეტეოროლოგია ფიზიკის ნაწილი იყო. 1600 წელს ცნობილმა მათემატიკოსმა და ასტრონომმა გალილეო გალილეიმ შექმნა პირველი თერმომეტრი, ხოლო 40 წლის შემდეგ ევანჯელისტა ტორიჩელიმ შექმნა ატმოსფეროს წნევის გამზომი ხელსაწყო — ბარომეტრი. XVII საუკუნის შუა პერიოდში ფლორენციაში ჰერცოგ ფერდინანდ II-ეს მფარველობით შეიქმნა ექსპერიმენტების აკადემია, სადაც ჩატარდა მრავალი მეტეოროლოგიური ექსპერიმენტი და ამით საფუძველი დაედო მეტეოროლოგიას. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში და XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ევროპის რამდენიმე წერტილში დაიწყო მეტეოროლოგიური დაკვირვებები. 1654 წელს პირველი პარალელური დაკვირვებები ჩატარდა იტალიაში 10 სადგურისაგან შექმნილ მეტეოროლოგიურ ქსელში. 1668 წელს გრინვიჩის ობსერვატორიაში შეიქმნა ქარების პირველი რუკა. ამ პერიოდს მიეკუთვნება ჩატარებული დაკვირვებების საფუძველზე შექმნილი პირველი მეტეოროლოგიური თეორიები.

XVIII საუკუნის შუა წლებში მეტეოროლოგია ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ მეცნიერებად. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში ევროპაში შეიქმნა მეტეოროლოგიურ სადგურთა საერთაშორისო კერძო ქსელი, რომელმაც იარსება 12 წელი. პირველი სახელმწიფო მეტეოროლოგიური სადგურები დაარსდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში, მათ შორის კავკასიაში პირველი ფიზიკური ობსერვატორია შეიქმნა თბილისში 1844 წელს.

თანამედროვე კლიმატოლოგიას საფუძვლები ჩაეყარა გერმანელი მეცნიერების ალექსანდერ ჰუმბოლდტის და ჰაინრიხ დოვეს ნაშრომებში. ჰუმბოლტმა თავის ნაშრომში „კოსმოსი“ წარმოადგინა კლიმატის ახალი განმარტება, რომელიც მზის სხივების დახრილობის გარდა ითვალისწინებს სხვა ფაქტორებსაც — ოკეანისა და მისი დინებების, აგრეთვე ქვეფენილი ზედაპირის თვესებების გავლენას. 1826 წელს გერმანელმა მეცნიერმა გეორგ ბრანდესმა შეადგინა პირველი სინოპტიკური რუკები. ატმოსფერული პროცესების კვლევის სინოპტიკური მეთოდი სწრაფად დაინერგა ინგლისში ტელეგრაფის გამოგონების შემდეგ (1837 წ). ამავე პერიოდში ალექსანდრე ვოეიკოვმა დაასაბუთა კლიმატის გეოგრაფიული კანონზომიერებები და მისი ფიზიკური ბუნება.

გერმანელმა მეცნიერმა ვლადიმერ კიოპენმა 1900-1920 წლებში შეიმუშავა დედამიწის კლიმატების კლასიფიკაცია. მან ჰაერის ტემპერატურის და ნელექების რეჟიმი გამოსახა ფორმულის სახით და თითოეულ კლიმატის ტიპს შეუსაბამა ფორმულა. კიოპენმა აგრეთვე საფუძველი ჩაუყარა კლიმატური ცვლილებების შესწავლას მზის აქტივობისგან დამოკიდებულებით. ავსტრიელმა კლიმატოლოგმა იულიუს ჰანმა შეადგინა სამტომეული მონოგრაფია „კლიმატოლოგიის სახელმძღვანელო“.

XX საუკუნის განმავლობაში კლიმატოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჰელმუტ ლანდსბერგმა, დევიდ მილერმა, სიუკურო მანაბემ, როჯერ გრეჰემ ბარიმ (აშშ) და სხვა, ფერდინანდ შტაინჰაუზერმა (ავსტრია), მ. კონჩეკმა, მილუტინ მილანკოვიჩმა (ჩეხოსლოვაკია), ჰანს ფლონმა (გერმანია), პიერ პედელაბორდმა (საფრანგეთი), ბორის ალისოვმა, მიხეილ ბუდიკომ, ოლეგ დროზდოვმა, ხორენ პოღოსიანმა, მიხეილ პეტროსიანცმა, სერგეი ხრომოვმა, ნინა კობიშევამ (საბჭოთა კავშირი) და სხვა.

კლიმატოლოგიის განვითარება საქართველოში რედაქტირება

საქართველოს პირველი კლიმატური აღწერები გვხვდება ანტიკური დროის ფილოსოფოსების (ჰეროდოტე, ჰიპოკრატე (ძვ. წ. V ს), სტრაბონი (ძვ. წ. I ს) და სხვა) ნაწარმოებებში. საქართველოს ცალკეული რეგიონების კლიმატური თავისებურებები მოიხსენიება შუა საუკუნეების ისტორიკოსების ნაწარმოებებშიც – გიორგი მერჩულე, იაკობ ხუცესი, გრიგოლ ხანძთელი და სხვა. 1631 წელს საქართველოში ჩამოვიდა იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომელმაც რამდენიმე წელი დაჰყო გორში, ხოლო შემდეგ, 16 წლის განმავლობაში სამეგრელოში იცხოვრა. იტალიაში დაბრუნების შემდეგ მან გამოსცა ნაშრომი „სამეგრელოს აღწერა“.

ცნობილმა ქართველმა გეოგრაფმა, ისტორიკოსმა და მოგზაურმა ვახუშტი ბაგრატიონმა თავის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა-ში“ განსაკუთრებული ყურადრება გაამახვილა საქართველოს ცალკეული კუთხეების კლიმატურ თავისებურებებზე. 

1844 წელს თბილისში დაარსდა ფიზიკური ობსერვატორია. იმ დროიდან თბილისის და საქართველოს კლიმატის შესახებ შეიძლება მსჯელობა ინსტრუმენტული დაკვირვებების საფუძველზე. 1850 წელს ა. ფილადელფინმა გამოაქვეყნა თბილისის პირველი კლიმატური დახასიათება. საქართველოს პირველ კლიმატურ გამოკვლევებს შორის აღსანიშნავია გ. ვილდის (1884), ა. ვოეიკოვის (1885), ნ. სალაცკის (1862) და ვ. ვოზნესენსკის (1895) ნაშრომები. ო. დროზდოვმა (1948) ახლებურად გააშუქა ნალექების კლიმატოლოგიური დამუშავების მთელი რიგი საკითხები და შეადგინა კავკასიის ნალექების წლიური ჯამების რუკა.

კლიმატოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვანია აკადემიკოს თეოფანე დავითაიას როლი. მისი ძირითადი სამეცნიერო გამოკვლევები ეხება ზოგად და სასოფლო-სამეურნეო კლიმატოლოგიას, სარწყავი მელიორაციის თეორიას, კლიმატისა და ამინდის არასასურველ ფაქტორებთან ბრძოლის მეთოდების დასაბუთებას, ბუნების გარდაქმნასა და დაცვის პრობლემებს და სხვა.

შემდგომში, საქართველოს კლიმატს და მის ცალკეულ ელემენტებს მიეძღვნა გამოკვლევათა დიდი რაოდენობა. 1961 წელს გამოიცა მ. კორძახიას ცნობილი მონოგრაფია საქართველოს ჰავა, რომელშიც, მან  პ.კიოპენის კლასიფიკაციის გამოყენებით საქართველოს პირველი კლიმატური დარაიონება წარმოადგინა. 1971 წელს რუსულ ენაზე გამოიცა კოლექტიური მონოგრაფია საქართველოს კლიმატისა და კლიმატური რესურსების შესახებ, რომელიც მომზადდა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ (Климат и климатические ресурсы Грузии. Под ред. В.П. Ломинадзе и Г.И.Чиракадзе. Л., Гидрометеоиздат, 1971). შემდგომ წლებში გამოიცა რიგი მონოგრაფიები, რომლებიც განაზოგადებდა საქართველოს ტერიტორიაზე კლიმატის ცალკეული ელემენტების განაწილების ხასიათსა და რეჟიმს. მათ მიეკუთვნება ი. კვარაცხელიას (1971) და კ. გოგიშვილის (1974) მონოგრაფიები, რომლებშიც განზოგადებულია თავისუფალი ატმოსფეროს კლიმატისა და კლიმატის ცირკულაციური ფაქტორების კვლევის შედეგები. ი. ცუცქირიძის (1967), ნ. გვასალიას (1986), რ სამუკაშვილის (2015, 2016) და მ. ელიზბარაშვილის (1999) მონოგრაფიებში განზოგადებულია რადიაციული, თერმული და სითბური რეჟიმები, განხილულია ბიომეტეოროლოგიის საკითხების ფართო სპექტრი, შეფასებულია ჰელიოენერგეტიკული რესურსები და გამოვლენილია ჰელიოსისტემების ეფექტური ექსპლოატაციის რაიონები. შ. ჯავახიშვილის (1981), ჟ. ალიბეგოვას, ე. ელიზბარაშვილის, ზ. ჭავჭანიძის (1980, 1992) მონოგრაფიებში განხილულია ატმოსფერული ნალექების მოსვლის პირობები, ტერიტორიული განაწილება, რეჟიმი და სტრუქტურა. ე. ელიზბარაშვილის მონოგრაფიები (2007, 2017) ეძღვნება საქართველოს კლიმატსა და კლიმატურ რესურსებს. საქართველოს კურორტების და საკურორტო რესურსების ატლასი, ე. ელიზბარაშვილი და ნ. გონგლაძის (1980), ლ. ქართველიშვილის (2016, 2018), გ. მელაძის და მ. მელაძის (2016, 2020) და სხვათა მონოგრაფიები ეხება გამოყენებითი კლიმატოლოგიის, მათ შორის საკურორტო-სამედიცინო კლიმატოლოგიის, აგროკლიმატოლოგიის და სამშენებლო კლიმატოლოგიის პრობლემებს. აღსანიშნავია საქართველოში ჩატარებული მიკროკლიმატური გამოკვლევები, რომლებიც მიზნად ისახავდა საკურორტო ადგილების საკურორტო ფაქტორების და რესურსების გამოკვლევებს, და კურორტების სამედიცინო მომსახურებას (ბ. ჯანაშია, რ. კავკასიძე, ნ. გონგლაძე, ე. ელიზბარაშვილი და სხვ). 2018 წელს გამოქვეყნებულ ზ. ხვედელიძის მონოგრაფიაში საქართველოს პირობებისათვის განხილულია რეგიონალური მიკროცირკულაციური ატმოსფერული პროცესების დინამიკა მთა-გორიან ტერიტორიაზე.

ქართველი კლიმატოლოგებისთვის ყოველთვის აქტუალური იყო კლიმატის ცვლილების პრობლემა. თბილისის ტემპერატურის რიგების პირველი სტატისტიკური ანალიზი ჩაატარეს ი. ქურდიანმა (Курдиани И.Г., 1956) და გ. ჭირაქაძემ (Чиракадзе Г.И., 1959). დ. მუმლაძემ (1991) დაადგინა, რომ იმ პერიოდისათვის ტემპერატურის ზრდამ საქართველოში მაქსიმუმს 1966-1975 წლებში მიაღწია.     

90 მეტეოროლოგიური სადგურისათვის შექმნილი 1906-1996 წწ პერიოდის მონაცემთა ბაზის საფუძველზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგად (კ. თავართქილაძე, ე. ელიზბარაშვილი,  დ. მუმლაძე, ჯ. ვაჩნაძე, 1999) დადგინდა, რომ თანამედროვე გლობალური დათბობის საერთო ფონზე აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარეობდა  ტემპერატურის ზრდა, ხოლო დასავლეთში - უმთავრესად კლება. ლოკალური კლიმატების ასეთი მოზაიკური ცვლილების ძირითადი მიზეზი ბუნებრივ ლანდშაფტური პირობების თავისებურებაშია. ჰუმიდურ ლანდშაფტებში სითბოს დიდი რაოდენობა აორთქლებაზე იხარჯება, მთებში კი თოვლის დნობაზე, ამიტომაც მათი რეაქცია გლობალური დათბობის მიმართ გაცილებით სუსტია, ვიდრე არაჰუმიდური ლანდშაფტებისა. აკადემიკოსების ანდრია გრიგორიევისა და მიხეილ ბუდიკოს გეოგრაფიული ზონალურობის პერიოდული კანონის საფუძველზე შეაფასა საქართველოს სტეპური და ნახევრადუდაბნოს ლანდშაფტების გაუდაბნოების ალბათობა. ეს გამოკვლევები საფუძვლად დაედო ახალი მეცნიერული მიმართულების — ლანდშაფტების კლიმატოლოგიის განვითარებას (ე. ელიზბარაშვილი, მ. ელიზბარაშვილი., 2006).                                       

საქართველოს კლიმატის ცვლილების თანამედროვე მდგომარეობა წარმოდგენილია კოლექტიურ მონიგრაფიაში (ელიზბარაშვილი ე., ტატიშვილი მ., ელიზბარაშვილი მ., მესხია რ., ელიზბარაშვილი შ.,2013). შექმნილია 25 კმ-იანი ბიჯის ბადური მონაცემთა უნიკალური ბაზა და შედგენილია ტემპერატურის და ნალექების ცვლილების გეოინფორმაციული რუკები.

საქართველოსათვის დამახასიათებელია საშიში და სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენები-გვალვა, წაყინვა, სეტყვა, გრიგალური ქარი, ქარბუქი, ნისლი, თავსხმა, ელჭექი, ლიპყინული.  1883 წლის შემდეგ (Опасные гидрометеорологические явления на Кавказе.,1983) სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების კვლევები, ბუნებრივი კატასტროფების კვლევების ფარგლებში ჩატარდა, და გამოიცა მონოგრაფიის სახით (Элизбарашвили Э.Ш., Элизбарашвили М.Э.,2012).

საქართველოს კლიმატოლოგიური გამოკვლევების განვითარებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს კლიმატური და აგროკლიმატური ატლასის (2011) გამოქვეყნება. ატლასი წარმოადგენს ქართველი კლიმატოლოგების და აგრომეტეოროლოგების მრავალწლიური კვლევების შეჯამების შედეგს, მასში  წარმოდგენილია 112 თემატური რუკა საქართველოს კლიმატის, კლიმატური და აგროკლიმატური რესურსების შესახებ.                                                                                                                                

ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის  განყოფილებაში მიმდინარეობს  საქართველოს ადმინისტრაციული რეგიონების კლიმატისა და კლიმატური რესურსების კვლევა. დაწყებული 2000 წლიდან შესრულებულია რამდენიმე რეგიონის კლიმატური გამოკვლევა და გამოცემულია სერიით „საქართველოს ჰავა“ (საქართველოს ჰავა. ტომი. 1, აჭარა, 2003; საქართველოს ჰავა. ტომი. 2, აფხაზეთი, 2006; საქართველოს ჰავა. ტომი. 3, სამეგრელო-ზემო სვანეთი, 2010; საქართველოს ჰავა. ტომი. 4, გურია, 2011; საქართველოს ჰავა. ტომი. 5, შიდა ქართლი, 2016; საქართველოს ჰავა. ტომი. 6, იმერეთი, 2019; საქართველოს ჰავა. ტომი 7, კახეთი, 2020).

მრავალი წლის მანძილზე საქართველოს კლიმატოლოგიის პრობლემებზე  წარმატებით მუშაობდნენ და მუშაობენ აგრეთვე ა. ბალაბუევი, ვ. გიგინეიშვილი, შ. მოსიძე, გ. სულაქველიძე, შ. გავაშელი, ს. გუნია, ა. კოტარია, ლ. პაპინაშვილი, ე. სუხიშვილი, რ. კორძახია, ვ. გაგუა,  ნ. ასლანიკაშვილი, მ. ხვიჩია,  ჯ. ვაჩნაძე, შ. ცერცვაძე, თ. თურმანიძე, გ. გაგუა, ი. შენგელია, ნ. ჭელიძე, ც. დიასამიძე, ა. ამირანაშვილი, ნ. ბეგალიშვილი, მ. ფიფია და სხვ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ე. ელიზბარაშვილი. კლიმატოლოგია. სოხუმის უნივერსიტეტი, 2020, https://elibrary.sou.edu.ge/ge/books/klimatologia/828
  • ე. ელიზბარაშვილი. საქართველოს კლიმატური რესურსები, თბილისი, 2007, 277გვ.
  • ე. ელიზბარაშვილი. საქართველოს ჰავა, თბილისი, 2017, 360 გვ.
  • ე. ელიზბარაშვილი, მ. ტატიშვილი, მ. ელიზბარაშვილი, რ. მესხია, შ. ელიზბარაშვილი. საქართველოს კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობის პირობებში. თბილისი, 2013.
  • მ. კორძახია. საქართველოს ჰავა. თბილისი, 1961.
  • ა. კოტარია. ზოგადი მეტეოროლოგია და კლიმატოლოგია. ნაწ. 2. თბილისი, 1973, 289 გვ.
  • საქართველოს კლიმატური და აგროკლიმატური ატლასი. თბილისი, 2011
  • ზ. ხვედელიძე. რეგიონალური მიკროცირკულაციური ატმოსფერული პროცესების დინამიკა მთა-გორიან ტერიტორიაზე. თბილისი, 2018, 103 გვ.
  •  შ. ჯავახიშვილი.  საქართველოს კლიმატოგრაფია.  თსუ-ს გამომც.,  თბილისი, 1988. -  246 გვ.
  • Элизбарашвили Э.Ш.,Элизбарашвили М.Э. Основные проблемы    климатологии ландшафтов. Зеон. Тбилиси, 2006, 118 с.
  •  Элизбарашвили Э.Ш., Элизбарашвили М.Э. Стихийные метеоро­логические явления на территории Грузии. Зеон. Тбилиси,2012, 104 с.