კირილე ლორთქიფანიძე

ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, კრიტიკოსი და მთარგმნელი

კირილე ლორთქიფანიძე (დ. 28 სექტემბერი 1839, დიხაშხო — გ. 12 მაისი 1919, ქუთაისი) — ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი. წერდა რომანტიკული ხასიათის ლექსებს. თარგმნა რუსული და ევროპული პროზისა და პოეზიის ნიმუშები.

კირილე ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი, 1839(1839-09-28)
დაბადების ადგილი დიხაშხო, იმერეთის ოლქი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 12 მაისი, 1919(1919-05-12) (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი ქუთაისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქმიანობა მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია

სხვადასხვა დროს იყო თერგდალეულთა ჯგუფის აქტიური წევრი, პეტერბურგის ქართული წიგნის გამომცემელი ამხანაგობის ერთ-ერთი დამაარსებელი, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთების, მათ შორის „დროების“, რედაქტორი, ჭიათურის შავი ქვის საზოგადოების მუდმივი წევრი, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი. ლორთქიფანიძემ შექმნა ახალი ქართული საბეჭდი შრიფტი, რომელსაც მისი სახელი ჰქვია და ამჟამადაც იხმარება.

ბიოგრაფია რედაქტირება

კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე დაიბადა 1839 წლის 28 სექტემბერს, ქუთაისის მაზრის სოფელ დიხაშხოში (ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი). 1850 წელს მშობლებმა ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარეს.

გიმნაზიაში სწავლისას კირილე დაუმეგობრდა აკაკი წერეთელს და ნიკო ნიკოლაძეს. აკაკი თავის ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში „ჩემი თავგადასავალი“ შემდეგნაირად იხსენებს სტუდენტობის პერიოდში მისი და კირილე ლორთქიფანიძის ურთიერთობას:

 
„ის ყველას საყვარელი იყო და კარგი რამაც, მაგრამ საოცარი ჟინიანი! ასე რომ მისი ჟინიანობა სიგიჟესა ჰგავდა ხოლმე. აი, ამ ორ ახალგაზრდასთან (მასთან და ნიკო ნიკოლაძესთან) მოვიბრუნებდი ხოლმე სულს სტუდენტობის დროს და სხვებს კი ყველას ჩამოვშორდი. ამ ჩამოშორებით ბევრი არა წამიგია რა. პირიქით კიდევაც მოვიგე, რომ დროს არ ვკარგავდი ლაყბობაში და კეთილად ვხმარობდი.“

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პეტერბურგში გაემგზავრა სასწავლებლად. უგამოცდოდ ჩაირიცხა უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. კირილე აქტიურად ურთიერთობდა ამ პერიოდში პეტერბურგში თავმოყრილ ქართული ახალგაზრდა ინტელიგენციის თვალსაჩინო ნაწილთან, რომლებიც საკუთარ თავს თერგდალეულებს უწოდებდნენ. მათ შორის იყვნენ კირილეს ბავშვობის მეგობრები: ნიკო ნიკოლაძე და აკაკი წერეთელი, ასევე ილია ჭავჭავაძე, გიორგი წერეთელი, ბესარიონ ღოღობერიძე და სხვები.

1861 წლის 12 ოქტომბერს მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებისთვის, დააპატიმრეს და კრონშტადტის და პეტრე-პავლეს ციხეში ჩასვეს არეულობის მონაწილე სტუდენტები. დაპატიმრებულ სტუდენტთა შორის ქართველებიც იყვნენ — გიორგი წერეთელი, ბესარიონ ღოღობერიძე, ნიკო ნიკოლაძე, კირილე ლორთქიფანიძე.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტიდან გარიცხეს, კირილე ლორთქიფანიძე საპყრობილედან გამოსვლის შემდეგ ერთხანს პეტერბურგში დარჩა, თუმცა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ მუდამ საქმის კურსში იყო. როცა „ცისკრის“ ძველ და ახალ თაობას შორის მამათა და შვილთა ბრძოლა გაჩაღდა და ამ ბრძოლაში „თავით გადაეშვა“ ილია ჭავჭავაძე, კირილე ლორთქიფანიძე „თერგდალეულის“ ფსევდონიმით პეტერბურგიდან წამოეშველა და წერილს წერილზე აგზავნიდა.

1862 წელს ილიამ ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ გამოსცა. ნიკო ნიკოლაძემ წერილით შეატყობინა პეტერბურგში მყოფ კირილე ლორთქიფანიძეს და გიორგი წერეთელს ამ ამბის შესახებ და თხოვა პეტერბურგიდან გამოეგზავნათ ჟურნალისთვის სტატიები.

ამავე პერიოდში კირილე ლორთქიფანიძემ დიდი წვლილი შეიტანა პეტერბურგის ქართული წიგნის გამომცემელი ამხანაგობის დაარსებაში.1864 წელს მისი თაოსნობით გამოიცა ქართველ ავტორთა ლექსების პირველი კრებული „ჩონგურის“ სახელწოდებით. კრებულში თავმოყრილი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის და სხვა პოეტების ლექსები. 1869 წელს პეტერბურგში კირილეს თაოსნობით გამოიცა ილიას „კაცია, ადამიანი?!“.

70-იან წლებში თერგდალეულები ორ ჯგუფად გაიყვნენ. ილია ჭავჭავაძისა და მისი მომხრეების ჯგუფს (აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვები) „პირველი დასი“ ეწოდა, ხოლო ნიკო ნიკოლაძის ირგვლივ გაერთიანებულ ჯგუფს (გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი და სხვები), რომლებიც მთავარ ყურადღებას სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პრობლემებზე ამახვილებდნენ — „მეორე დასი“. საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, კირილემ უფრო ახლო ურთიერთობა, მეტად რადიკალურ „მეორე დასის“ წევრებთან შეინარჩუნა.

რამდენიმე წელიწადში კირილე თბილისში ჩამოვიდა და გარკვეული ხნის განმავლობაში ნიკო ნიკოლაძის დაარსებულ ჟურნალ „კრებულში“ მუშაობდა, ერთხანს რედაქტორობდა კიდეც. 1873-1874 წლებში, სერგეი მესხის საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, ის რედაქტორობდა „დროებას“, შემდეგში კი „შრომას“.

1876 წელს ქუთაისში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლომდე იქაურობას არ გასცილებია. 1878 წლიდან 1907 წლამდე მას სისტემატიურად ირჩევდნენ ქუთაისის ქალაქის ხმოსნად. 1894-1904 წლებში იყო ჭიათურის შავი ქვის საზოგადოების მუდმივი წევრი, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და ქუთაისის ეთნოგრაფიული საზოგადოების წევრი. დემოკრატიული იდეებით შთაგონებულმა მამულიშვილმა სასტიკი ბრძოლა გააჩაღა ბატონყმობის წინააღმდეგ. მან, ერთ-ერთმა პირველმა გაათავისუფლა თავისი ყმები მიწიანად. როგორც ქართული ლიტერეტურისა და კულტურის დაუღალავი მუშაკი მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართველ მწერლებს. ღრმად მოხუცებულმა 1905 წელს ქუთაისში ლექსების კრებული „სანთური“ გამოსცა.

კირილე ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1919 წლის 12 მაისს ქუთაისში. დაკრძალულია მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

საზოგადოებრივი მოღვაწეობა რედაქტირება

კირილე ლორთქიფანიძე მრავალმხრივი და უანგარო მოღვაწე იყო. ათწლეულობის განმავლობაში თანაბარი წარმატებით მუშაობდა, როგორც ენათმეცნიერი, ისტორიკოსი, ბუნებისმეტყველი, ეკონომისტ-ფინანსისტი, პედაგოგი. თავის პუბლიცისტურსა და მხატვრულ ნაწარმოებში იცავდა ხალხის ინტერესებს. იგი წერდა ლექსებს, მოთხრობებს, კრიტიკული და თეორიული ხასიათის სტატიებს. მის კალამს ეკუთვნის რომანტიკული ხასიათის ლექსები. სხვადასხვა პერიოდებში წერდა ფსევდონიმებით: „თომა“, „თერგდალეული“, „კარგარეთელი“, „უცხო“ „კილოკავაძე“. მას თანამედროვეები ქართველ არისტიდეს ეძახდნენ. თარგმნიდა უცხოელი მწერლების ნაწარმოებებს თარგმნა ნიკოლაი ნეკრასოვის , ნიკოლაი დობროლუბოვის, ნიკოლაი ოგარიოვის სტატიები, ჰაინრიხ ჰაინეს, ვიქტორ ჰიუგოს, რობერტ ბერნსის და სხვათა ნაწარმოებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მან 1863 წელს თარგმნა ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“, რომელმაც ძალზე დიდი პოპულარობა მოუხვეჭა საქართველოში.

კირილე ლორთქიფანიძემ სხვა მოღვაწეებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქუთაისში ქართული გიმნაზიის დაარსებას. მან სიცოცხლეშივე გადასცა ქუთაისის საეთნოგრაფიო საზოგადოებას თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა და არქივი. ასევე მან შექმნა ახალი ქართული საბეჭდი შრიფტი, რომელსაც მისი სახელი ჰქვია.

19 საუკუნის მწერალთა შორის, ილია ჭავჭავაძის შემდეგ, კირილე ლორთქიფანიძე პირველი იყო, რომელმაც გაილაშქრა რუსთაველის მოწინააღმდეგეთა მიმართ. ცნობილია, რომ 1883 წლის „ვეფხისტყაოსნის“ მეშვიდე გამოცემა კირილე ლორთქიფანიძის მიერაა რედაქტირებული. მასვე განუზრახავს მისი გასცენიურებაც. პოემის სიუჟეტი ექვს სურათად დაყო. აღსანიშნავია მისი მატერიალური მხარდაჭერა „ვეფხისტყაოსნის“ გერმანულად თარგმნაში.

კირილე ლორთქიფანიძეს ძალიან უყვარდა ჭადრაკის თამაში და ხშირად თამაშობდა სტუდენტობის დროინდელ მეგობრებთან, აკაკი წერეთელთან და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად, უმეტესწილად ეს ნიკოსთან ჯიხაიშში შეკრებისას ხდებოდა.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება