კეჭნაობა, იგივე „შუღლი“, იგივე „ჭრა“ — ხევსურეთში გავრცელებული ფარიკაობა ხმლებითა და პატარა ფარებით. ფარიკაობისას გამოიყენებდნენ თითებზე წამოსაცმელ საბრძოლო რგოლებსაც, რომლებსაც „სათითენს“ ეძახდნენ. ორთაბრძოლის ხერხებს ბავშვებს 5-6 წლის ასაკიდან ასწავლიდნენ. რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიუსის (ძვ. წ. II საუკუნე) ცნობით, საქართველოში ყოფნისას პომპეუსი გასცნობია ფშავ-ხევსურულ ფარიკაობას, „თუ ვითარ ხმარობდნენ იფინი საჭურველთა საომართა და ჰყვეს მათ ვარჯიში ხმლითა და ვითარს სახითა ჯერ არს ბრძოლასა და შინა ხმარება ხმლისა და ფარისა“. მემატიანე ასევე აღნიშნავს, რომ მოფარიკავე ფშავ-ხევსურები იბერთა მეფის პირად მცველთა რიგებში შედიოდნენ.

კეჭნაობის მიზეზი უფრო ხშირად ძველი წყენა, ანუ „ჯავრი“ იყო. ერთმანეთს ებრძოდნენ შელახული თავმოყვარეობის აღსადგენად, ხალხის, ძირითადად ქალების წინაშე საკუთარი ვაჟკაცობის გამოსავლენად. მოშუღლარები ცდილობდნენ მეტოქე დაეჭრათ თავის არეში — შუბლის სამი ნაოჭის ზემოთ, ამასთან ისე მსუბუქად გაეკაწრათ, რომ ერთი წვეთის მეტი სისხლის არ გამოედინათ. გამარჯვებულად ითვლებოდა ის, ვინც მოწინააღმდეგეს მეტ ამგვარ ჭრილობას მიაყენებდა. შუბლის ნაოჭების ქვემოთ გაკაწვრის ან მძიმედ დაჭრისთვის დაზარალებულს, „სათითენით“ იქნებოდა ის დაჭრილი თუ ხმლით, „რჯულის კანონის“ თანახმად ასანაზღაურებელი ანუ „დრამა“ უნდა მიეღო. რაოდენობას განსაზღვრავდნენ შუაკაცები და „აქიმი“, ანუ დასტაქარი: ჭრილობის სიგრძე-სიგანეს ზომავდნენ ძაფით, ზომა ბრტყელ ქვაზე გადაჰქონდათ, მასზე ალაგებდნენ ქერის მარცვლებს, კიდურა მარცვლებს აკლებდნენ და დანარჩენი რაოდენობით ითვლიდნენ დრამას. ქერის თითოეული მარცვალი ერთი ძროხის საფასურს უდრიდა. თავის ქალის დაზიანების შემთხვევაში დამჭრელს დაზარალებულისთვის 12 ძროხის საბასური უნდა გადაეხადა. ისეთი ტრავმების დროს ხევსურ დასტაქრებს რთული ქირურგიული ოპერაციაც არაერთხელ გაუკეთებიათ.

XX საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ ცხოვრობდა ას წელს მიტანებული აქიმი, მგელიკა ლიქოკელი, რომელიც თავის ქალის ტრეპაციას აკეთებდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბერიშვილი ე., სპორტის ენციკლოპედია, თბ., 2006. — გვ. 236.