კარლოვი-ვარი (ჩეხ. Karlovy Vary, გერმ. Karlsbad) — საკურორტო მნიშვნელობის ქალაქი ჩეხეთში. მდებარეობს დასავლეთ ბოჰემიაში, ოგრჟეს ხეობაში, მდინარე ტეპლის შესართავთან, ზღვის დონიდან 447 მ სიმაღლეზე. დედაქალაქ პრაღიდან დასავლეთით მდებარეობს დაახლოებით 130 კმ-ში. სახელი ეწოდა საღვთო რომის იმპერატორის კარლ IV-ის პატივსაცემად, რომელმაც დააარსა ქალაქი 1370 წელს. ისტორიულად არის განთქმული თავისი მრავალრიცხოვანი ცხელი წყაროებით. სულ მოიპოვება 13 ძირითადი და 300-მდე მცირე წყარო, აგრეთვე მდინარე ტეპლის თბილი წყლები.

ქალაქი
კარლოვი-ვარი
Karlovy Vary
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
შიდა დაყოფა Bohatice[1] , Cihelny[1] , Čankov[1] , Doubí[1] , Drahovice[1] , Dvory[1] , Hůrky[1] , Olšová Vrata[1] , Počerny[1] , Rosnice[1] , Rybáře[1] , Sedlec[1] , Stará Role[1] , Tašovice[1] და Karlovy Vary
კოორდინატები 50°14′00″ ჩ. გ. 12°52′00″ ა. გ. / 50.23333° ჩ. გ. 12.86667° ა. გ. / 50.23333; 12.86667
მმართველი Andrea Pfeffer Ferklová[2]
დაარსდა 1350
პირველი ხსენება 1350, 1349
ფართობი 59.10 კმ²
ცენტრის სიმაღლე 447
მოსახლეობა 53,708 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 909 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი ცენტრალური ევროპის საზაფხულო დრო, UTC+1 და UTC+2
საფოსტო ინდექსი 360 01
საავტომობილო კოდი K
ოფიციალური საიტი https://mmkv.cz/
კარლოვი-ვარი — ჩეხეთის რესპუბლიკა
კარლოვი-ვარი

კარლოვი-ვარი XIX საუკუნეში გადაიქცა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად, სადაც აშენდა მრავალი სანატორიუმი, აბაზანა და სასტუმრო. განთქმულია აგრეთვე კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალითა და ბეხეროვკას ლიქიორით. სიახლოვეს არის ფაიფურის დიდი ქარხანა. არაერთი სახელგანთქმული ადამიანი სტუმრობდა კარლოვი-ვარს როგორც სამკურნალო ბალნეოლოგიურ კურორტს, მათ შორის იყვნენ კომპოზიტორები: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ფრედერიკ შოპენი, იოჰანეს ბრამსი, ბედრჟიხ სმეტანა, პოეტები იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე, ფრიდრიხ შილერი, მეფე პეტრე I დიდი.

ჰავა ზომიერად ნოტიოა. დამახასიათებელია თბილი ზაფხული (ივლისის საშუალო ტემპერატურა 17,3°C) და ძალიან რბილი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა –2°C). ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში შეადგენს 620 მმ-ს. სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს: ნახშირმჟავა სულფატურ-ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი თერმული წყაროების წყალი, რომელთა ტემპერატურა იცვლება 41,2°C-დან 72,2°C-მდე. იყენებენ სასმელად, ჩამოსასხმელად, აბაზანებისათვის, შესასხურებლად, ინჰალაციისათვის, ნაწლავების ამოსარეცხად და სხვ. გარდა ამისა, არის ტორფის ტალახით მკურნალობა. მთავარი წყაროა ვრჟიდლო, ეგრეთ წოდებული შპრუდელი, რომლის წყლისაგან იღებენ კარლოვი-ვარის მარილს.

ძირითადი სამედიცინო ჩვენებებია: ღვიძლის, სანაღვლე გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და საშარდე გზების დაავადებანი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა.

გერმანიაში ქალაქი ცნობილია კარლსბადის სახელწოდებით. საკუთრივ „ვარი“ ნიშნავს ცხელს წყაროებს.

ქალაქ კარლოვი-ვარში იმოგზაურა ცნობილმა ქართველმა მწერალმა, მეცნიერმა და მოგზაურმა თეიმურაზ ბატონიშვილმა (1782-1846). მან აღწერა ქალაქის ბაზარი და სახელგანთქმული მინერალური წყლები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება