კალიდასა (IV-V სს.) ინდოელი პოეტი და დრამატურგი. გადმოცემით, იგი მდაბიო წარმოშობის ბრძენი კაცი იყო. მკვლევართა ვარაუდით, მოღვაწეობდა ინდური კულტურის ე. წ. „ოქროს ხანაში“, გუპტების დინასტიის მეფის ჩანდრაგუპტა II ვიკრამადიტიას კარზე. 30–ზე მეტი თხზულებიდან, რომლებსაც კალიდასას მიაწერენ, მეცნიერული კრიტიკა მას აკუთვნებს ეპიკურ პოემებს „რაგჰუს მოდგმას“ („რაგჰუვანშა“) და „ომის ღმერთის კუმარას დაბადებას“ („კუმარასამბჰავა“), ლირიკულ პოემას „ღრუბელი მაცნე“ („მეგჰადუტა“) და დრამებს „შაკუნტალა“ (ქართულად თარგმნილია 1966 წელს), რომლის სიუჟეტი აღებულია „მაჰაბჰარატიდან“, და „ვაჟკაცობით დაბრუნებული ურვაში“ („ვიკრამორვაში“), რომლის თემა ვედებიდან მომდინარეობს, რომანტიკული, ზღაპრულ–ფანტასტიკური შინაარსისაა. „მალავიკა და აგნიმიტრა“ (ქართულად თარგმნილია 1973 წელს), რომლის თემა აღებულის ინდოელ მეფეთა ცხოვრებიდან, მოგვაგონებს რთულ ინტრიგებზე აგებულ ახალ პიესებს. ეს ერთადერთი ნაწარმოებია, რომელშიც არ მოქმედებს ღვთიური და დემონური ძალები – მისი გმირები ისტორიული პირები არიან. წინა პლანზეა წამოწეული უბრალო ხალხი. იგი ავტორის სიცოცხლეშივე დაუდგამთ ქალაქ უჯაინში.

კალიდასა
დაბადების თარიღი უცნობია
დაბადების ადგილი უცნობი
გარდაცვალების თარიღი უცნობია
გარდაცვალების ადგილი უცნობი
საქმიანობა პოეტი[1] [2] , ლირიკოსი, დრამატურგი[1] და მწერალი[3]
ენა სანსკრიტი
პერიოდი IV საუკუნე
ჟანრი ეპოსი, ლირიკა, დრამა და Sanskrit drama
Magnum opus Raghuvaṃśa, Abhigyanashakuntalam, Mālavikāgnimitram, Vikramōrvaśīyam, Kumārasaṃbhava, Meghadūta და Ṛtusaṃhāra

კალიდასას თხზულებები დაწერილია კლასიკურ სანსკრიტზე, რომელშიც ჩართულია პრაკრიტები – ხალხური სალაპარაკო ენები. კალიდასა დჰვანის ოსტატია, მისი პოეტური სახეებით აღძრული ასოციაციები და წარმოდგენები იწვევენ იდუმალ ფიქრებს, დაფარულ გრძნობებს. იგი იყენებს პოეტიკის სხვა ხერხებსაც (ალანკარა, რასა). კალიდასას შემოქმედებაში აისახა ინდური ადათები და ზნე–ჩვეულებანი. იგი აგებულია ინდურ ტრადიციულ რელიგიურ–ფილოსოფიურ მოძღვრებაზე (თეორიები მუდმივი ცხოვრებისეული ციკლისა და ცოცხალ არსებათა დაუსრულებელი გარდასახვისა, მიზეზისა და აუცილებელი შედეგისა), რომლის თანახმად, ადამიანისათვის არაფერი არ უნდა იყოს მოულოდნელი. ამიტომაც კალიდასას დრამებში ყველა განცდა წყნარი და მელანქოლიურია, არსად არ ირღვევა პოეტური ჰარმონია, არ იგრძნობა კონტრასტულობა, ბერძნული ტრაგედიისათვის დამახასიათებელი გრძნობებისა და განცდების ქარიშხალი. კალიდასას მთელი შემოქმედება მშვენიერებისა და ზომიერების გრძნობითაა გამსჭვალული. ევროპელი მკითხველი კალიდასას შემოქმედებას XVIII საუკუნეში გაეცნო.

სქოლიო რედაქტირება