კაიროს კონფერენცია

კაიროს კონფერენციამეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1943 წელს, ჩატარებული ერთ-ერთი საერთაშორისო კონფერენცია. თეირანის კონფერენციის მომზადების პერიოდში კვლავ გააქტიურდა ინგლისის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ერთხელ კიდევ სცადა თავს მოეხვია მოკავშირეებისათვის მეორე ფრონტის ბალკანური ვარიანტი. ამ მიზნით მან შესთავაზა რუზველტს, შეხვედროდნენ ერთმანეთს და შეემუშავებინათ საერთო სტრატეგია თეირანში განსახილველი საკითხების გარშემო. აშშ-ს პრეზიდენტი ერთხანს უარზე იდგა, მაგრამ ჩერჩილის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ დათმო და დათანხმდა თეირანში ჩასვლამდე გზად კაიროში შეჩერებულიყო და იქ შეხვედროდა ინგლისის პრემიერს. რუზველტი კარგად ხვდებოდა ჩერჩილის განზრახვას და რადგანაც არ სურდა, მოსკოვში ჩაეთვალათ, რომ აშშ და ინგლისი საბჭოთა კავშირის ზურგს უკან რაიმე შეთანხმებაზე წავიდოდნენ, მიიწვია კაიროში მოლოტოვი და ჩან კაიში. ჩერჩილი, რომელიც საგულდაგულოდ მოემზადა ამ შეხვედრისათვის და ჩამოიტანა საგანგებო გეგმა ხმელთაშუაზღვისპირეთში მოკავშირეთა შესაძლო მოქმედებების შესახებ, ძალიან უკმაყოფილო დარჩა აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ის თვლიდა, რომ ინგლისელებს და ამერიკელებს ჰქონდათ უფლება, თვითონ განეხილათ საკუთარი შეიარაღებული ძალების ოპერაციები. გარდა ამისა, მას ეშინოდა, რომ ჩინეთის საკითხი დიდ დროს წაიღებდა და ხელს შეუშლიდა ევროპული სტრატეგიის განხილვას. ჩერჩილი იმედოვნებდა, რომ უშუალო მოლაპარაკებების დროს ის, ისევე როგორც ადრე, დაიყოლიებდა რუზველტს თავის გეგმაზე. სწორედ ამიტომ მან გადაწყვიტა მოლოტოვის ჩამოცილება მოლაპარაკებებიდან. იცოდა რომ სტალინს არ სურდა იაპონიასთან ურთიერთობების გაუარესება, რაც მოჰყვებოდა ჩან კაიშისა და მოლოტოვის ერთ შეხვედრაზე აღმოჩენას, მან მისწერა საბჭოთა ლიდერს, რომ გომინდანის ხელმძღვანელი კაიროში იქნებოდა. სტალინმაც უმალ გაავრცელა ცნობა მოლოტოვის „ავადმყოფობის“ შესახებ და კაიროში საბჭოთა კავშირის წარმომადგენლად დანიშნა ანდრეი ვიშინსკი, რომელიც სხდომების მხოლოდ ნაწილს დაესწრო. ჩერჩილის გეგმები ჩაიშალა. კონფერენციის პირველი ნაწილი 26 ნოემბრამდე გაგრძელდა, მაგრამ ევროპული სტრატეგიის განხილვა მხოლოდ 24 ნომბერს დაიწყო, პირველი დღეები კი დაიკავა ჩინეთის საკითხმა. დარჩენილ სხდომებზეც ამერიკელებმა თავი აარიდეს თეირანის შეხვედრის წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან ისინი საჭიროდ თვლიდნენ საბჭოთა თვალსაზრისის გაგებას აღნიშნულ საკითხებზე. ასე რომ, მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა და ინგლისისა და აშშ-ს დელეგაციები კაიროდან თეირანს გაემგზავრნენ.

ლიტერატურა რედაქტირება