კაბელ-ამწე — ტვირთის ასაწევ-დასაწევი და ჰორიზონტალური მიმართულებით გადასაადგილებელი მოწყობილობა. იყენებენ ღია სამთო სამუშაოებსა და მშენებლობაზე.[1] შედგება ორი საყრდენისაგან, რომელთა შორის გაჭიმულია მზიდი ბაგირი. ბაგირზე გორგოლაჭებზე გადაადგილდება ურიკა ამწევი ბლოკური მოწყობილობითა და ჩამოკიდებული ციცხვით ან ვაგონეტით, რომლებსაც შეუძლიათ ზევით აწევა და ჩამოშვება. ურიკა მოძრაობაში მოჰყავს გამწევ ბაგირს, რომელიც მისგან საყრდენებზე დამაგრებული მიმმართველი შკივებით მიემართება ჯალამბარის მუშა გამწევი შკივებისაკენ. ბლოკური სისტემის თვირთთან ერთად აწევა და ჩამოშვება ხორციელდება ჯალამბარით, ამწე ბაგირის დახმარებით. საყრდენები კოშკის ტიპისაა. კოშკი, რომელზეც განლაგებულია ამძრავი ძალური მოწყობილობა და მართვის აპარატები, მანქანურია, მოპირდაპირე კოშკი — სასაყრდენე. საყრდენები არსებობს სტაციონარული და მოძრავი. სტაციონარულის შემთხვევაში კარიერის (ქვაბულის) შიგნით აუცილებელია დამატებითი ტრანსპორტი; მოძრავები ჩვეულებრივ ლიანდაგით გადაადგილდებიან. შესაძლებელია ორივე საყრდენის მოძრაობა პარალელურად ან რადიალური გადაადგილება ერთ-ერთი მათგანის მოძრაობის შემთხვევაში. საყრდენის სიმაღლე 50 მეტრს აღწევს. დანადგარის მწარმოებლურობის გაზრდის მიზნით იყენებენ ორციცხვიან კაბელ-ამწეებს, რომელთაგან თითოეულის ტევადობა 10 მ³-მდეა.[2]

კაბელ-ამწე კაშხლის მშენებლობის დროს, 1942 წ.

კაბელ-ამწეს მახასიათებლებია: ტვირთამწეობა (5–10 ), მალი (100–1500 მ), ტვირთის აწევის სიმაღლე (50 მ და მეტი), ურიკის მოძრაობის სიჩქარე (8–10 /წმ), დაშვების სიჩქარე (1,3–1,5 მ/წმ), საყრდენების გადაადგილების სიჩქარე (0,2–0,3 მ/წმ), ელექტროენერგიის ხარჯი 7–9 კვტ·სთ/ტ·კმ, ციკლთა რაოდენობა საათში 25–30-მდეა.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 292.
  2. Васильев М.В. Кабельный кран // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 11 — М., 1973.