ისტაქსიუატლი, ან ისტასიუატლი (ესპ. Iztaccíhuatl) (მომდინარეობს ნაუატლიდან: ისტაკი — თეთრი, ხოლო სიუატლი — ქალი, ანუ თეთრი ქალი) — მექსიკის სიდიდით მესამე მთა (ორისაბასა (5 636 მ) და პოპოკატეპეტლის (5426 მ) შემდეგ).

ისტაქსიუატლი
ვულკანი 2004 წელს
ვულკანი 2004 წელს
კოორდინატები: 19°10′45″ ჩ. გ. 98°38′36″ დ. გ. / 19.17917° ჩ. გ. 98.64333° დ. გ. / 19.17917; -98.64333
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
სიმაღლე 5230 
მთის მასივი კორდილიერები
ტიპი სტრატოვულკანი
პირველი ასვლა 1889
ბოლო ამოფრქვევა უცნობია
ისტაქსიუატლი — მექსიკა
ისტაქსიუატლი

მთას აქვს ოთხი მწვერვალი, რომლებიდანაც უმაღლესია პეჩო (ესპ. el pecho — „მკერდი“), რომელიც ზღვის დონიდან 5 230 მ სიმაღლეზე იწევა. დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ამ მწვერვალების სილუეტები წააგავს მწოლიარე ქალის ფიგურის თავს, მკერდს, ფეხებსა და ტერფებს. ისტაქტიუატლი მეხიკოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 70 კმ სიშორეზე მდებარეობს. მისი თოვლიანი მწვერვალის დანახვა ქალაქიდანვე შეიძლება. დედაქალაქთან (ჯერ აცტეკების იმპერიის, შემდეგ კი თანამედროვე მექსიკის) სიახლოვის გამო, ეს მთა მრავალ ლიტერატურულ და მხატვრულ ნაწარმოებებშია მოხსენიებული.

თანამედროვე ისტორიაში ისტაქსიუატლზე პირველად ავიდნენ 1889 წელს. თუმცა არქეოლოგიური ნიმუშები მოწმობენ, რომ აცტეკები და უფრო ადრინდელი ცივილიზაციის წარმოამდგენლებიც ადიოდნენ ამ მთაზე.

ხშირად ამბობენ, რომ მთის სიმაღლე 5 286 მეტრია, მაგრამ სპეის შატლიდან რადარული გაზომვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთის სიმაღლეა 5 230 მეტრი.

ლეგენდა პოპოკატეპეტლსა და ისტაქსიუატლზე რედაქტირება

აცტეკების მითოლოგიასა და მის წინამორბედებში არსებობდა მრავალი ლეგენდა ვულკანების, ისასა და პოპოს, წარმოქმნასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ისტაქსიუატლი იყო პრინცესა, რომელმაც მამის ერთ-ერთი მებრძოლი, პოპოკატეპეტლი, შეიყვარა. მამამ მისი შეყვარებული გაგზავნა ომში, ოახაკაში. ის დაპირდა მებრძოლს, რომ თავის ქალიშვილს გაატანდა ცოლად, როდესაც ის ბრძოლიდან დაბრუნდებოდა (მამა დარწმუნებული იყო, რომ ის არ დაბრუნდებოდა). პოპოკატეპეტლის არყოფნის დროს, ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა პრინცესას უთხრა, რომ მისი შეყვარებული ბრძოლაში მოკვდა და სიკვდილის წინ დაუბარა, რომ მის ნაცვლად მოეყვანა პრინცესა ცოლად. პოპოკატეპეტლი გამარჯვებით დაბრუნდა. ისტაქსიუატლმა, რომელიც ამ დროისთვის უკვე სხვისი ცოლი იყო, თავი მოიკლა. პოპოკატეპეტლმა ამ დანაკარგს ვერ გაუძლო და თვითონაც მოიკლა თავი. მათი სიყვარულის ძალით გაკვირვებულმა ღმერთებმა შეყვარებულები გადააქციეს ორ მთად, რომლებიც მეზობლად დგანან, რათა სამუდამოდ ერთად შეძლონ ყოფნა.

ისტაქსიუატლს უწოდებენ „თეთრ ქალს“ ან „მძინარე ქალს“, იმიტომ, რომ ის ჰგავს ქალს, რომელსაც ზურგზე სძინავს, და ამავდროულად ყოველთვის თოვლითაა დაფარული. ვულკანი პოპოკატეპეტლი მასთან ახლოს დგას, იცავს მის ძილს და ფარავს თავის მრისხანებას, რომელიც პერიოდულად ვულკანთან ერთად ამოიფრქვევა ხოლმე.

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება