ისრაფილ-ბეკ იედიგაროვი

ისრაფილ-ბეკ ჰასან-ბეკ ოღლი იედიგაროვი, ედიგარ-ბეკი (დ. 7 აგვისტო, 1888, თბილისი, — გ. 1939) — ბორჩალოელი აზნაური; რუსეთის, საქართველოს და პოლონეთის არმიების ოფიცერი.

ისრაფილ-ბეკ იედიგაროვი (ქართველ ოფიცერთა ჯგუფური ფოტოპორტრეტიდან)

ისრაფილ-ბეკი დაიბადა ბორჩალოს მაზრის ცნობილ მემამულეთა და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახში (იედიგაროვები, ედიგაროვები, ასევე იედიგარაშვილები). პაპამისი ისრაფილ-ბეკი იყო რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი. ისრაფილ-ბეკ უმცროსმა დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი (1905) და საიმპერატორო პაჟთა კორპუსი (1910). სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა 1908 წლიდან. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს ნიჟეგოროდის მე-17 დრაგუნთა პოლკის შემადგენლობაში მონაწილეობდა ბრძოლებში პოლონეთის, კავკასიის და რუმინეთის ფრონტებზე. ომის დასასრულს ჰქონდა შტაბ-როტმისტრის წოდება.

1918 წელს ისრაფილ-ბეკი შეუერთდა დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. ჰქონდა მაიორის, შემდეგ პოდპოლკოვნიკის ჩინი. ერთხანს ხელმძღვანელობდა ბორჩალოს მაზრაში სამხედრო კონტრდაზვერვის განყოფილებას, იყო ამავე მაზრის იალაღთა გამგე. მონაწილეობდა სომხეთთან (1918) და საბჭოთა რუსეთთან (1921) ომებში. ამ უკანასკნელი კონფლიქტის დროს მეთაურობდა წითელი არმიის წინააღმდეგ მოქმედ 200-კაციან მუსლიმურ ცხენოსან რაზმს. საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა ჯერ თურქეთში, შემდეგ — პოლონეთში. იედიგაროვი, როგორც ქართველი ოფიცერი, კონტრაქტით ჩაირიცხა პოლონეთის არმიაში და პოდპოლკოვნიკის წოდებას მიაღწია. გარდაიცვალა 1939 წელს. დაკრძალულია ვარშავის მუსლიმურ სასაფლაოზე. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმერის IV (ხმლებითა და ბაბთით, 1915), წმ. ანას IV (წარწერით „მამაცობისთვის“, 1915) და III (ხმლებითა და ბაბთით, 1915), წმ. სტანისლავის III (ხმლებითა და ბაბთით, 1915) და II (ხმლებით, 1916) ხარისხის ორდენებით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება