ისიდორე ქიქოძე

ქართველი პოლიტიკოსი

ისიდორე გიორგის ძე ქიქოძე (დ. იანვარი, 1855, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1916) — ქართველი რევოლუციონერ-ხალხოსანი.

ისიდორე ქიქოძე
დაბადების თარიღი იანვარი, 1855[1]
დაბადების ადგილი ოზურგეთის მაზრა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1916
საქმიანობა რევოლუციონერი, ხალხოსანი

ბიოგრაფია რედაქტირება

ისიდორე ქიქოძე დაიბადა მღვდლის ოჯახში. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1871 წელს შევიდა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. 1873 წლის მაისში გადავიდა სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში. 1875 წელს „კანონის საწინააღმდეგო პროპაგანდაში მონაწილეობისათვის“ აკადემიიდან გარიცხეს. სტუდენტობის პერიოდში ისიდორე ქიქოძე აქტიურად მონაწილეობდა „კავკასიელთა“ რევოლუციური წრისა და „სრულიად რუსეთის სოციალ-რევოლუციური ორგანიზაციის“ საქმიანობაში. მისი რევოლუციური მეტსახელი იყო „კიკი“.

ისიდორე ქიქოძე იყო საქართველოში ხალხოსნური ორგანიზაციის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ლიდერი. 1876 წლის თებერვალში მონაწილეობდა საპატიმროდან რევოლუციონერი ამხანაგების გაქცევის ორგანიზებაში. სტეპანოვის გვარით აწარმოებდა მოლაპარაკებას ჟანდარმერიის უნტეროფიცერ ბულანოვთან. შეთქმულება ჩაიშალა, ბულანოვი დააპატიმრეს, ქიქოძე მიიმალა. მონაწილეობდა ხალხოსანთა ორგანიზაციის ოდესის „ობშჩინის“ საქმიანობაში.

1875 წლის 13 ივლისს ალექსანდრე ციციშვილის საბუთებით ისიდორე ქიქოძე ფიქტიურად დაქორწინდა ოდესის „ობშჩინის“ წევრ ალექსანდრა ხორჟევსკაიაზე. ქორწინების მიზანი იყო ქალის მიერ მზითვად აღებული ფულის გამოყენება პროპაგანდისტული საქმისათვის.

„მოსკოველთა“ ორგანიზაციაში დაპატიმრების დაწყების შემდეგ ისიდორე ქიქოძე სამშობლოში ჩამოვიდა და არალეგალურად განაგრძო ცხოვრება დასავლეთ საქართველოში. აქ იგი ხალხოსნური წრეების გაფართოებაზე ზრუნავდა და ხელმძღვანელობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული ხალხოსნური ჯგუფების პრაქტიკულ-რევოლუციურ მუშაობას.

1875 წელს, გაზაფხულზე, საქართველოში იმყოფებოდა, როცა მოსკოვის ხალხოსნური ორგანიზაციციის საქმესთან დაკავშირებით გაიჩხრიკა მისი ბინა ქუთაისში. ისიდორე ქიქოძე აიყვანეს პოლიციის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და ქალაქიდან გასვლა აუკრძალეს. ამავე წლის ნოემბერში გაიცა ისიდორე ქიქოძის დაპატიმრების ბრძანება. ისდორემ მიმალვა მოახერხა და გადავიდა არალეგალურ ცხოვრებაზე. 1875-77 წლებში იმალებოდა ქვემო გურიაში, რომელიც იმ დროს ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა და იქედან ხელმძღვანელობდა ხალხოსნურ მოძრაობას გურიასა და სამეგრელოში. ისიდორე უმეტესად თურქეთს აფარებდა თავს, თუმცა ხშირად მალულად გადმოდიოდა გურიაში. რადგან ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ისიდორე ქიქოძის დაპატიმრება, 1878 წლის 26 ივლისს მის მიმართ აღძრული საქმის მსვლელობა შეჩერდა.

ერთხანს იგი კვლავ განაგრძობდა რევოლუციურ საქმიანობას. დაახლოებით 1889 წელს პოლიტიკას თავი საბოლოოდ დაანება, დაბრუნდა საქართველოში და შევიდა სახელმწიფო სამსახურში. მსახურობდა გურიაში აქციზის უწყების მოხელედ. გარდაიცვალა 1916 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება