ირინე მელიქიშვილი

ირინე მელიქიშვილი (დ. 29 მაისი, 1943, თბილისი — გ. 2 დეკემბერი, 2013)[1][2]ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი.

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება.

1965-1968 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების უფროსი ლაბორანტი, 1968-1986 წლებში უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-2005 წლებში სულხან საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართულ ენათა კვლევის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-2006 წლებში გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ზოგადი ფონეტიკისა და აღმოსავლურ ენათა ტიპოლოგიის განყოფილების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო; 2000 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერებისა და ფონეტიკის ინსტიტუტის პროფესორი, 2005-2006 წლებში კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 2006 წლიდან ამავე ინსტიტუტის სრული პროფესორი. არის ავტორი 65 სტატიისა და 2 მონოგრაფიის: „მარკირების მიმართება ფონოლოგიაში“ (თბილისი, 1976); „ძირის სტრუქტურათა ტიპოლოგია და საერთო–ქართველური ძირი“ (თბილისი, 2009).

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მარკირების მიმართება ფონოლოგიაში“, დაიცვა 1972 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „საერთო ქართველური ძირი სტრუქტურული და ტიპოლოგიური თვალსაზრისით“, დაიცვა 1997 წელს.

2009 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი და ტიპოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ვინფრიდ ბოედერი, ირინე მელიქიშვილი (1943-2013), ნეკროლოგი, ტიპოლოგიური ძიებანი, VII, თბ., 2015, გვ. 14,
  2. ენათმეცნიერების საკითხები, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014, გვ. 3.