იოსები (იაკობის ძე)

(გადამისამართდა გვერდიდან იოსები (ბიბლია))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოსები (მრავალმნიშვნელოვანი).

იოსები (ებრ. יוֹסֵף, იოსეფ) — ებრაული ბიბლიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონაჟი, მისი ისტორია ბიბლიური პატრიარქების ციკლს განეკუთვნება და ებრაელთა ისტორიაში მომხდარი მიგრაციების უმნიშვნელოვანესი ეტაპს, მათ ეგვიპტეში გადასახლებას ეხება.

იოსების მოსასხამის იაკობისთვის მიტანა, ჯოვანი ანდრი დე ფერარი, 1640 წ.

ბიბლიის თანახმად იოსები იაკობისა და რაქელის ძე იყო. შურიანმა ძმებმა იოსები მონად მიჰყიდეს ვაჭრებს, რომლებმაც იგი ეგვიპტეში წაიყვანეს. აქ იოსები ჯერ საპყრობილეში მოხვდა, მაგრამ ბოლოს ფარაონის კარზე აღზევდა და მამა და ძმები ეგვიპტეში მიიწვია (დაბადება, 37—50). იოსების სიკვდილის შემდეგ ებრაელები ეგვიპტეში მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდნენ და მონობისაგან თავის დასაღწევად მოსეს წინამძღოლობით ქანაანში დაბრუნდნენ.

იოსების თქმულების ცალკეული სიუჟეტები მხატვრულ ლიტერატურაში დამუშავებული აქვთ ფირდოუსის, ჯამის, თომას მანს. ქართულ ლიტერატურაში აღსანიშნავია „იოსებზილიხანიანის“ ანონიმური ვერსია და თეიმურაზ I-ის ამავე სახელწოდების პოემა.

იოსების ისტორია ბიბლიის და ყურანის თანახმად რედაქტირება

ძმების შეთქმულება რედაქტირება

იოსები იყო იაკობის და რახილის ძე, ცხოვრობდა ქანაანში ათ ნახევარ ძმასთან, ერთ ღვიძლ ძმასთან და ერთ ნახევარ დასთან ერთად. ის იაკობის მეთერთმეტე და რახელის პირველი ვაჟი იყო. იაკობს ვაჟიშვილებს შორის ყველაზე მეტად მეტად იოსები უყვარდა, რადგან იგი მართალი, მშვიდი და მორჩილი ყმაწვილი იყო. იაკობი არ ფარავდა თავის სიყვარულს იოსებისადმი: როცა დანარჩენი შვილები მთელ თვეებს სამწყემსურში ატარებდნენ, იოსები მამას მუდამ შინ ჰყავდა და ჭრელი ტანისამოსით მოსავდა. ძმებმა იოსების შური ჩაიდეს გულში. ეს შური მალე სიძულვილად ექცათ, როცა იოსებმა ძმებს სიზმრები უამბო.

„მე სიზმრად ვნახე, — უთხრა იოსებმა ძმებს, — რომ ჩვენ ყველანი პურის სამკალში ვიყავით და ძნებს ვკონავდით. ჩემი ძნა შუაში ჩადგა, თქვენი ძნები და გარშემო ეხვივნენ და თაყვანს სცემდენო; და კიდევ: მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მე მცემდნენ თაყვანსო“. ეს სიზმრები იაკობმა და მისმა შვილებმა ისე ახსნეს, ვითომ იოსები დიდი კაცი უნდა გამხარიყო და მათ მისთვის თაყვანი უნდა ეცათ. ამის შემდეგ ძმებმა სიკვდილიც კი დაუპირეს იოსებს, მხოლოდ მარჯვე დროს ელოდებოდნენ. ეს დროც მალე დაუდგათ. ერთხელ ძმებმა ცხვრის ფარა შორს გარეკეს საძოვრად და დიდხანს შინ არ დაბრუნებულან, არც ამბავი შეუტყობინებიათ მამისათვის. შეწუხდა იაკობი და ამბის გასაგებად იოსები გაგზავნა. მისვლისთანავე ძმებმა შეიპყრეს იოსები, ჯერ სიკვდილი დაუპირეს, მერე ტანისამოსი გახადეს და ორმოში ჩააგდეს, სადაც შიმშილით უნდა მომკვდარიყო. ამ დროს, შემთხვევით, ისმაიტელმა ვაჭრებმა გამოიარეს და იოსები ოც ოქროდ იყიდეს. მამის რისხვას რომ გადარჩენილიყვნენ, ძმებმა იოსების ტანისამოსი თიკნის სისხლში ამოსვარეს და მამას შეუთვალეს, იოსები ნადირს დაუგლეჯიაო. იაკობმა დაიჯერა და დიდხანს იგლოვა თავისი საყვარელი შვილი.

იოსების გაყიდვა ეგვიპტეში რედაქტირება

 
იოსები და პეტეფრეს ცოლი, ბარტოლომე ესტებან მურილიო.

ვაჭრებმა იოსები ეგვიპტეში მიიყვანეს და მეფის კარისკაც პეტეფრეს მიჰყიდეს. პეტეფრემ მალე დააფასა იოსების ერთგულება და სახლთუხუცესობა უბოძა. ცოტა ხნის შემდეგ პეტეფრეს ცოლმა, ზელიხამ ცილი დასწამა იოსებს და საპყრობილეში ჩააგდებინა. ღმერთი ყველგან შველიდა კეთილ იოსებს. საპყრობილეში იოსების გარდა ორი პატიმარი იყო — მეფის მეღვინეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი. ერთხელ იოსებმა ეს კაცები ძალზე დაღონებული ნახა და მიზეზი გამოჰკითხა. მათ უთხრეს: სიზმრები ვნახეთ, ვერავინ აგვიხსნა და მით მეტად დავღონდითო, და მოუყვენ თავის სიზმრებს. მეღვინეთუხუცესმა უთხრა: „მე ვნახე, ვითომ ჩენ წინ ვაზი ამოვიდა და სამი მტევანი ყურძენი გამოიხსა. მე დავკრიფე ის, გამოვწურე და მეფეს მივართვიო“. მეპურეთუხუცესმა უთხრა: „სამი კალათი მედგა თავზე, ზემო კალათი გამომცხვარი პურით იყო სავსე და ჩიტები კენკავდნენო“. იოსებმა ორივეს აუხსნა სიზმარი. მეღვინეთუხუცესს უთხრა: სამი დღის შემდეგ გაგათავისუფლებენ და შენს თანამდებობას დაგიბრუნებენო; მეპურეთუხუცესს კი უთხრა: „სამი დღის შემდეგ შენ თავს მოგაჭრიან და ხეზე ჩამოგკიდებენ ფრინველების საკენკადო“. ამასთანავე მეღვინეთუხუცესს სთხოვა: „ნუ დაგავიწყდები, მეც მომიგონე და გამათავისუფლე აქედანო“. ყოველივე ისე შესრულდა, როგორც იოსებმა თქვა.

ორი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც იოსებმა მეღვინეთუხუცესს სიზმარი აუხსნა და ეგვიპტის ფარაონმა ნახა სიზმრები, რომლებიც ვერავინ აუხსნა. მაშინ მეღვინეთუხუცესს მოაგონდა საპატიმროში მყოფი იოსები და მეფეს მოახსენა. ფარაონმა დაიბარა იოსები და შემდეგი უამბო: „მდინარიდან ამოვიდა ჯერ შვიდი მსუქანი ძროხა და შემდეგ შვიდი მჭლე. მჭლე ძროხებმა მსუქანი ძროხები შეჭამეს და თვით არაფერი დაეტყოთ. ერთ ღეროზე ჯერ შვიდი ხორბლით სავსე თაველი ამოვიდა, და მერე შვიდი ცარიელი და ცარიელებმა დაჭამეს სავსენი“. იოსებმა ასე აუხსნა მეფეს ეს სიზმრები: „შვიდი სავსე თაველი და შვიდი მსუქანი ძროხა შვიდ მოსავლიან წელიწადს მოასწავებს; შვიდი ცარიელი თაველი და შვიდი მჭლე ძროხა — შვიდი წლის მოუსავლობას. ღმერთმა ჩვენებით გაუწყა ეს ამბავი, რომ მოსავლიან წლებში პური შეაგროვო და შიმშილობის დროს ხალხი გამოჰკვებო“. ფარაონმა დაუჯერა იოსებს, დააყენა იგი ეგვიპტის მთავრად და მიანდო მოსავლიან წლებში მოსავლის განკარგვა და პურის მარაგის შეგროვება.

იოსებისა და მისი ძმების შეხვედრა რედაქტირება

 
იოსები ეგვიპტის მმართველი გახდა, 1900-იანი წლების ბიბლიური ილუსტრაცია

გავიდა შვიდი მოსავლიანი წელიწადი და დადგა შიმშილობა. მოსავლიან წლებში იოსებმა იმდენი პური შეაგროვა, რომ შესაძლებელი შეიქნა სხვა ქვეყნებშიაც გაეყიდა. შიმშილობა ქანაანის ქვეყანაშიაც ჩამოვარდა. იაკობმა გაიგო ეგვიპტეში პური იყიდებაო და გაგზავნა შვილები. მისვლისთანავე ისინი იოსებს წარუდგინეს, როგორც უცხო ქვეყნიდან მოსულები. იოსებმა მაშინვე იცნო თავისი ძმები, ძმებმა კი ვერ იცნეს იგი. იოსებს უნდოდა გაეგო, რამდენად შეიცვალნენ მისი ძმები და მკაცრად დაუწყო მათ ლაპარაკი. „თქვენ მზვერავები უნდა იყოთ, როგორც გეტყობათ, თქვენ პურის საყიდლად კი არ მოსულხართ, გინდათ დაზვეროთ ჩვენი ქვეყანა, მერე მოხვიდეთ, აიკლოთ და თვითონ დაესახლოთ“. „ჩვენ მზვერავები არა ვართ, — მოახსენეს ძმებმა, — ჩვენ ერთი კაცის შვილები ვართ, თორმეტი ვიყავით, ერთი აღარა გვყავს, ერთიც შინ დარჩა მამასთან და ათნი აქ მოვედით პურის საყიდლად, და თერთმეტმა კაცმა რანაირად უნდა შევძლოთ ამოდენა ქვეყნის დაპყრობა?“ „თქვენ თუ მართალს ამბობთ, ერთი ძმა მძევლად დამიტოვეთ და მეორედ რომ მოხვალთ, უმცროსი ძმაც მომიყვანეთ“, — უთხრა მრისხანედ იოსებმა. ძმებმა ერთი მეორეში დაიწყეს ლაპარაკი თავის ენაზე, ღმერთი გვსჯის იოსების გაყიდვისთვისო. იოსები მიხვდა, რასაც ლაპარაკობდნენ, მიხვდა, რომ ძმებს შეუნანებიათ ცოდვა, ვეღარ მოითმინა, გავიდა მეორე ოთახში და დიდხანს ტიროდა. შემდეგ გამოვიდა და ძმების სურვილის წინააღმდეგ, ერთი ძმა, სვიმონი, მძევლად დაიტოვა, მოსამსახურეებს კი უბრძანა პურის საყიდლად მოტანილი ფული შეუმჩნევლად ტომრებში ჩაეყარათ და უკან გაეტანებინათ.

ძმებმა მიიტანეს პური შინ და ყველაფერი უამბეს მამას. იაკობი შეწუხდა, მეტადრე მაშინ, როცა პურის საყიდლად წაღებული ფული ისევ უკან მოტანილი ნახა; ეგონა სვიმონი გაყიდესო, ამიტომაც უმცროსი შვილის, ბენიამენის, გაგზავნაზე უარს ამბობდა. მაგრამ, როცა პური შემოელიათ, იაკობი იძულებული შეიქმნა ბენიამენიც გაეტანებინა. იოსებმა სიხარულით მიიღო ძმები და დიდი ნადიმი გაუმართა მათ. კიდევ რამდენიმე გამოცდის შემდეგ, რამაც ძმები ძალიან შეაწუხა, იოსებმა განუცხადა თავის თავი ძმებს და უთხრა თქვენი ძმა იოსები ვარო, ძმებს ძალიან გაუხარდათ, მაგრამ თანაც შეეშინდათ, — ვაი თუ იოსებმა შური იძიოს და დაგვხოცოსო. იოსებმა ანუგეშა ისინი და უთხრა: „ნუ გეშინიათ, ჩემი გაყიდვა უთუოდ ღვთის განგებით მოხდა, რომ თქვენ შიმშილით არ დახოცილიყავით, წადით, უთხარით მამაჩემს ეგვიპტეში გადმოსახლდეს, რადგან მოუსავლიანობა კიდევ დიდხანს გასტანსო“. ძმები სიხარულით დაბრუნდნენ შინ და მამას სასიხარულო ამბავი მოუტანეს. იაკობმაც დიდად გაიხარა, ღმერთს სამადლობელი მსხვერპლი შესწირა და ეგვიპტეში გადასახლდა. ღმერთმა მიიღო იაკობის მსხვერპლი და აღუთქვა: „შენი შთამომავლობა ისევ ქანაანის ქვეყანაში დაბრუნდება და მისგან წარმოსდგება მაცხოვარიო“. იაკობი ეგვიპტეში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან აკურთხა თავისი შვილები და ერთ მათგანს, იუდას, უთხრა: „შენი ტომისაგან არ შეწყდება წარმოშობა მეფეებისა და წინამძღვრებისა, სანამ არ მოვა აღთქმული, რომელიც არს მოლოდება წარმართთა“, ანუ მაცხოვარი, რომელსაც წარმართნიც მოელიანო.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

საღმრთო ისტორია ძველი და ახალი აღთქმისა — Orthodoxy.GE