ილია ჯიშკარიანი (დ. იანვარი, 1869, ბაში, სამტრედიის რაიონი — გ. მარტი, 1939) — ქართველი პედაგოგი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია რედაქტირება

ილია ჯიშკარიანი დაიბადა 1869 წლის იანვარში სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშიში. 1890 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე შევიდა; 1893 წელს იგი ორ ამხანაგთან ერთად დააპატიმრეს როგორც პოლიტიკური დამნაშავე; 1897 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. როგორც "პოლიტიკური მეთვალყურეობის ქვეშ მყოფს" მას უფლება არ ჰქონდა მიეღო მასწავლებლის ადგილი; ამ გარემოებამ იგი აიძულა წასულიყო მასწავლებლად შორეულ აღმოსავლეთში, ციმბირში და ქალაქ ხაბაროვსკის რკინიგზის სასწავლებელში დაიწყო მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა; ერთი წლის შემდეგ ინიშნება იმავე სასწავლებლის ინსპექტორად; 1900 წელს გადაიყვანეს ამიერ-ბაიკალის ქალაქ ტროიცკოსავსკის რეალური სასწავლებლის ინსპექტორად, სადაც მან 1908 წლამდე იმსახურა; ეწეოდა ინტენსიურ საზოგადოებრივ და ლიტერატურულ მოღვაწეობას; 1908 წელს იგი ახერხებს ამიერკავკასიაში გადმოსვლას და ინიშნება ქალაქ ბაქოში პირველი გიმნაზიის ინსპექტორისა და მათემატიკის მასწავლებლის თანამდებობაზე; 1917 წელს პენსიაში გავიდა და საქართველოში დაბრუნდა; იგი დანიშნეს ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის (ახლანდელი ხაშურის პირველი სკოლა) დირექტორად და ქალთა გიმნაზიის პედსაბჭოს თავმჯდომარედ; 1918 წლიდან თბილისში მსახურობდა, ჯერ ავლაბრის მე-5 გიმნაზიის დირექტორად, ხოლო შემდეგ, ტექნიკუმის დირექტორად, სადაც იგი 1924 წლამდე მუშაობდა; ამის შემდეგ იგი იყო ლექტორი სხვადასხვა კურსებზე, მასწავლებელი ონსა და თელავში. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კვლავ თბილისში დაბრუნდა, სადაც მუშაობდა ლექტორად მასწავლებელთა კურსებზე და წითელი არმიისა და ფლოტის სახლში; მუშაობდა მათემატიკის სახელმძღვანელოების შედგენაზე; მისი თავმჯდომარეობით ქართველმა მათემატიკოსებმა შეიმუშავეს ქართული მათემატიკური ტერმინოლოგია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ლაცაბიძე თ., ნარკვევები ხაშურის რაიონის სახალხო განათლების ისტორიიდან, წიგნი მესამე, ხაშურის პირველი საჯარო სკოლა, ხაშური, 2014.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება