თონე, თორნე (ძველ ქართულში გვხვდება თურნე, საცხობელი პურისაჲ, საცხობელი კეცისაჲ) — მიწაში ჩადგმული უძირო და ცილინდრული ფორმის თიხის ნაკეთობა. გავრცელებულია საქართველოს ბარსა და ზეგანზე მაღალი წებოვანების მქონე პურის საცხობად. ქართული მეთონეობა, ძირითადად, ორნაირი სახის თონებს იცნობს: საოჯახო ანუ სოფლურ თონეს და პროფესიული მეპურის თონეს. სოფლად გავრცელებულია პატარა, საშუალო და დიდი ზომის პირმოხვეული და პირგანური თონეები. საოჯახო თონის მაქსიმალური სიმაღლე, როგორც წესი, მეტრია. გამოსაწვავ ქურაში თონის მოსათავსებლად და მისი მოხერხებულად ტრანსპორტირების მიზნით, მას ხშირად რამდენიმე ნაჭრად ჭრიდნენ და მიწაში ჩადგმის დროს აწყობდნენ. ნაჭრებად არ იჭრება ჯერ კიდევ შემორჩენილი თონის სახე, რომელსაც ქალები ამზადებენ.

ტრადიციული ქართული თონე
თონესთან მდგომი ხაბაზები. ჯემალ ხუციშვილის „პურის მცხობელები“ (1956), თელავის ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეა.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თონე მიწაში სხვადასხვა სიღრმით იდგმება: მთლიანად, სანახევროდ ან მხოლოდ ძირით. თონის მიწისზედა ნაწილის გასამაგრებლად და სიმხურვალის შესანარჩუნებლად თონე ირგვლივ წნელით შემოიწვნება (ყავრით, ტკეჩით, ფიცრით მოპირკეთება), წნულისა და თონის კედელს შუა არსებული ცარიელი ადგილი მიწით ამოივსება და დაიტკეპნება. კარმიდამოიან სამოსახლოში თონე დაფარულია და უმთავრესად ეზოშია გამართული. თონე გვხვდება აგრეთვე სამეურნეო ნაგებობების დერეფანში. დარბაზულ სახლში თონე საცხოვრებლის შიდა კომპლექსში იყო მოქცეული. თონეს იყენებდნენ აგრეთვე პროდუქტების „ჩათუთქვის“, ხის ნაწილების გამოშრობის, გათბობის მიზნითაც. პროფესიული მეპურის თონე სოფლად გავრცელებული თონისაგან სიდიდითაც განსხვავდება (გაცილებით დიდია) და მოყვანილობითაც. საქართველოში ცნობილია ურბნისის (V-VII სს.), თბილისის (XI, XII სს.), რუსთავის (XII-XIII სს.), უფლისციხის (XIV-XVI სს.) და სხვა განათხარი თონეები. ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ყველაზე ძველია ძვ. წ. VIII საუკუნის ურარტული თონე.

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თონე&oldid=4417175“-დან