თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი

თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 21 აგვისტო, 1912 — გ. 10 აპრილი, 1992) — ქართულ-რუსული წარმომავლობის არისტოკრატი. ემიგრანტი აშშ-ში, საქველმოქმედო ორგანიზაცია ტოლსტოის ფონდის პრეზიდენტი.[1]

თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი

ბიოგრაფია რედაქტირება

ორი სამეფო დინასტიის შთამომავალი თეიმურაზ ბაგრატიონ–მუხრანელი დაიბადა 1912 წლის 21 აგვისტოს პავლოვსკში. მამა – კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი 1915 წელს დაიღუპა I მსოფლიო ომში. დედამ, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილმა ტატიანა რომანოვამ 1917  წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მოახერხა უცხოეთში გაქცევა და შვილებთან ერთად ჯერ რუმინეთში, იქიდან კი შვეიცარიაში ჩააღწია.

თეიმურაზი ჯერ ჟენევის სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი ფრაიბურგის წმიდა ჟანის სახელობის კოლეჯში. 1927 წელს, როცა ოჯახი იუგოსლავიაში გადასახლდა, თეიმურაზი ქალაქ ბელოცერკოვის ყირიმის კადეტთა კორპუსის კადეტი გახდა, მისი უმცროსი და ნატალია კი – მარინის დონის ინსტიტუტის მოსწავლე. კადეტთა კორპუსის რეფორმირების შემდეგ კორპუსს ტატიანას მამის, დიდი თავადის, კონსტანტინე კონსტანტინეს ძის სახელი მიენიჭა.

1932 წელს თეიმურაზმა კადეტთა კორპუსი დაამთავრა და იუგოსლავიის სამხედრო აკადემიაში განაგრძო სწავლა. აკადემიის დამთავრების შემდეგ 10 წელი იმსახურა იუგოსლავიის სამეფო ლეგიონის გვარდიულ-საარტილერიო პოლკში. იყო რუსეთის ეკლესიის საზღვარგარეთული სინოდის მზრუნველთა საზოგადოების თავმჯდომარე და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი. 1933 წლიდან ის გახდა ილამაზ დადეშქელიანის თავმჯდომარეობით პარიზში დაარსებული „წმიდა ქეთევანის მართლმადიდებელი ძმობისა“ და „წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის საძმოს“ წევრი.

მეორე მსოფლიო ომის წლებში თეიმურაზ ბაგრატიონ–მუხრანელი მუშაობდა ქალაქ ბელგრადის ცენტრალურ ბანკში. იყო დიპლომატიურ სამსახურში, ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა გერმანელთა წინააღმდეგ. ომის შემდეგ გადასახლდა შვეიცარიაში და სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა იუგოსლავიის საელჩოში ჟენევაში, პარიზსა და ლონდონში.[2]

ამერიკაში გადასახლება რედაქტირება

1949 წელს თეიმურაზ ბაგრატიონმა მიიღო ლევ ტოლსტოის ქალიშვილის ალექსანდრას წინადადება, შევიდა „ტოლსტოის ფონდის“ ადმინისტრაციაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. ჯერ ფონდის წარმომადგენელი იყო ბეირუთში, 1979 წლიდან ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გახდა, 1984 წელს კი ფონდის თავმჯდომარედაც აირჩიეს. იმავდროულად, იყო ამერიკული საქველმოქმედო ფონდ „კერის“ და ლტოლვილთა დამხმარე ამერიკული საბჭოს მოხალისე აგენტთა წევრი. ასევე, იყო რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან კომუნისტთა ბატონობას გარიდებულ ლტოლვილთა დამხმარე 100 სხვადასხვა საქველმოქმედო სააგენტოს გამაერთიანებელი ორგანიზაციის „Interaction“-ის დამფუძნებელი.

ამერიკაში დამკვიდრების შემდეგ თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი გახდა 1931 წელს დაარსებული ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი. მალე იგი სათვისტომოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. იგი, ასევე, თავმჯდომარეობდა 1950 წლის 5 სექტემბერს ნიუ–იორკში დაარსებულ „ქართულ-ამერიკულ ლიგას“, რომლის მიზანი იყო საქართველოს განთავისუფლება და მისი დამოუკიდებლობის აღდგენა.

ქორწინება რედაქტირება

თეიმურაზ ბაგრატიონი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე – ეკატერინე რაჩიჩი გახლდათ ცნობილი იუგოსლავიელი დიპლომატისა და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკოლა პაშიჩის შვილიშვილი. მათ 1933 წელს დაიწერეს ჯვარი ბელგრადის წმიდა სამების რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. პირველი ცოლის გარდაცვალებისა და ამერიკაში გადასახლების შემდეგ, 1949 წელს დაქორწინდა გრაფინია ირინა ჩერნიშოვა-ბეზობრაზოვაზე. არცერთი ქორწინებიდან შვილები არ შესძენია.

გარდაცვალება რედაქტირება

თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი გარდაიცვალა 1992 წლის 10 აპრილს ნიუ-იორკში. დაკრძალულია ნოვოდევეევოს რუსულ მონასტერში, ნიუ-იორკთნ ახლოს. შთამომავლობა არ დარჩენია.

თეიმურაზის და, ნატალია ბაგრატიონ-მუხრანელი (1914-1984) 1944 წელს ცოლად გაჰყვა ცნობილ ინგლისელ დიპლომატს, პოეტსა და მთარგმნელს სერ ჩარლზ ჰეპბერნ-ჯონსტონს. მემკვიდრე არც მას ჰყავდა.

პირადი არქივი რედაქტირება

2007 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა კონსტანტინე და თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელების არქივი, რომელიც მოიცავს უნიკალურ მასალებს ბაგრატიონთა საგვარეულოს შესახებ. კოლექციაში შესული ფოტოები, ჟურნალები და წიგნები თარიღდება XIX საუკუნის მიწურულითა და XX საუკუნის შუა წლებით. ფოტოებზე ასახულია თეიმურაზ ბაგრატიონის ოჯახის წევრები. ჟურნალებს შორის არის ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურენოვანი გამოცემები. მასალები ბიბლიოთეკას გადასცა თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლემ ირინა ბაგრატიონ-მუხრანელმა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება


  1. დაუშვილი რუსუდან (2014). „თეიმურაზ ბაგრატიონ–მუხრანელი“, ქართული ემიგრაცია ამერიკაში, გვ. გვ. 155–157. 
  2. რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი (2012). ქართველები უცხოეთში წ.1, გვ. გვ.39-40.