თბილისის ფუნიკულიორი

თბილისის ფუნიკულიორი — სამთო-საბაგირო რკინიგზა ქვედა და ზედა სადგურებით, კულტურისა და დასვენების კომპლექსი მთაწმინდის პლატოზე. გზის სიგრძე - 501 მ, ლიანდაგის დახრის კუთხე - 28-33°, ხოლო რელსებს შორის მანძილი - 0,98 მ. ვაგონში 60 კაცი ეტევა. ფოლადის ბაგირის დიამეტრი 33 მმ. გზის შუა ადგილზე მოწყობილია 70 მ სიგრძის სპეციალური ბაქანი, სადაც ვაგონები გვერდს უვლიან ერთმანეთს. აქედან უკავშირდებიან მგზავრები მთაწმინდის პანთეონს. ფუნიკულიორის ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მ, ქვედა სადგურისა 460 მ, სადგურებს შორის დონეთა სხვაობა - 267 მ. მოძრავი შემადგელობა შეადგენს Doppelmayr 60-FUL მოდელის 2 ვაგონს.

ისტორია რედაქტირება

1900-იან წლებში გაჩნდა ე.წ. ზედა თბილისის გაშენების იდეა. გეგმის მიხედვით „ზედა თბილისი“ მთაწმინდის პლატოზე უნდა გაშენებულიყო. შემუშავდა „ზედა თბილისის“ განაშენიანების გეგმა და ქუჩათა ქსელი. უმთავრესი პრობლემა „ქვედა თბილისთან“ სატრანსპორტო კომუნიკაცია იყო. ამ პრობლემის გადაჭრის გზა კი თბილისის ტრამვაის ქსელის მფლობელმა ბელგიურმა კომპანიამ წარმოადგინა. ბელგიელი ინჟინრის ალფონს რობის ინიციატივით, ახალი უბანი ძველ ქალაქს სამთო ტრამვაით – ფუნიკულიორით უნდა დაკავშირებოდა

 
თბილისის ფუნიკულიორის ხედი შუა სადგურიდან
ზვიად ავალიანის ფოტო
 
თბილისის ფუნიკულიორის შუა სადგური სატელევიზიო კოშკიდან
ზვიად ავალიანის ფოტო

1900 წლის ივლისს ქალაქის თვითმმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თბილისში ფუნიკულიორის გაყვანის შესახებ და დაამტკიცა რობის პროექტი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა შემდეგს: მშენებლობის დამთავრების შემდეგ ფუნიკულიორის გზის თვითმმართველობისათვის გადაცემას, 5 წლამდე ბავშვების, ფოსტის დამტარებლებისა და პოლიცია-ჟანდარმერიის უფასო მგზავრობას. ბელგიის ანონიმური საზოგადოება ფუნიკულიორს ექსპლუატაციას გაუწევდა 45 წლის განმავლობაში, შემდეგ კი იგი უსასყიდლოდ გადაეცემოდა ქალაქს. ხელშეკრულებაში ნავარაუდევი იყო აგრეთვე მთაწმინდასა და კოჯორს შორის ელექტრული რკინიგზის გაყვანა.

 
„ფუნიკულიორი“, ფიროსმანი.

ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო, მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები. მშენებლობის პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა ა. ბლანშმა, არქიტექტურული ნაწილი დაამუშავა თბილისელმა ხუროთმოძღვარმა ა. შიმკევიჩმა. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ი. რაგოლერი და ა. ფონტანა-როსი. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის.

ფუნიკულიორი გაიხსნა 1905 წლის 27 მარტს. მის საექსპლუატაციოდ გადაცემას დიდი ფერწერული ტილო უძღვნა ნიკო ფიროსმანმა. მგზავრობის პირველი მსურველების მოსეირეების წასახალისებლად ფუნიკულიორის მფლობელმა ბელგიურმა ანონიმურმა საზოგადოებამ საკმაოდ სოლიდური თანხა გამოაცხადა მათთვის, ვინც ვაგონს მთაწმინდაზე აჰყვებოდა და ჩამოჰყვებოდა.

ფუნიკულიორის პირველი რეკონსტრუქცია ჩატარდა 1936-1938 წლებში, დაძველებული ზედა სადგურის ადგილას აშენდა ახალი (ავტორები არქიტექტორები: ზ. და ნ. ქურდიანები, თანაავტორი ა. ვალაბუევი), მეორე 1968-1969 წელს ამჯერად ძველი ქვედა სადგურის ნაცვლად აიგო ახალი შენობა, შეიცვალა ვაგონების ძარები და გაფართოვდა ფუნიკულიორთან მისასვლელი მოედანი.

2000 წელს ფუნიკულიორის ძარი ჩამოწყდა. ამის შემდეგ იწყება 13-წლიანი რეკონსტრუქცია. რეკონსტრუქციის ფარგლებში ძველი ვაგონები შეიცვალა შვეიცარული კომპანია Doppelmayr-ის მოდელ 60-FUL-ით და განახლდა ქვედა და ზედა სადგურები. 2012 წელს, 13 წლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ, ფუნიკულიორი 13 წლის შემდეგ გაიხსნა.

ამჟამად, ფუნიკულიორის ზედა სადგურის შენობაში ფუნქციონირებს რესტორანი. შენობის მეორე სართულზე განთავსებულია კოკა იგნატოვის პანო.[1]

გალერეა რედაქტირება

  • ფუნიკულიორის ქვედა სადგური თავისი არსებობის მანძილზე
  • ფუნიკულიორის ზედა სადგური თავისი არსებობის მანძილზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჩორგოლაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 615.
  • მახარაძე ნ., სარალიძე ა., „თბილისის საქალაქო ტრანსპორტის განვითარების ისტორიიდან“, „ტფილისის ჰამქარი“, 2012. — გვ. 19-23.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება