თბილისის არქეოლოგიური ძეგლები

თბილისის არქეოლოგიური ძეგლები — თანამედროვე თბილისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები. უძველესი ნამოსახლარების მიხედვით დგინდება, რომ ამ ადგილას ყოფილა ჯერ ცალკეული დასახლებები, შემდეგ კი ქალაქი, მკვიდრი და ძლიერი ბინადარი მოსახლეობით. ყველაზე ძველი დასახლება, რომელიც ადრინდელი ბრინჯაოს ხანას (ძვ. წ. IV ათასწლეული) განეკუთვნება, მიკვლეულია დიდუბეში (გ. ნიორაძე). როგორც ჩანს, მოსახლეობა მისდევდა მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, ნადირობას, მეთევზეობას; ამზადებდნენ თიხის ჭურჭელს. სცოდნიათ ძაფის დართვა და ქსოვა. შემდგომი საფეხური - შუა ბრინჯაოს ხანა. ჯერჯერობით ერთადერთი ნივთით, ე. წ. ყუადაქანებული, ორნამენტით შემკული ბრინჯაოს საბრძოლო ცულითაა წარმოდგენილი. ცული აღმოჩნდა შემთხვევით 1935 მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ღრმაღელეში, ინახება ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

განსაკუთრებით მრავალფეროვანთა უმეტესად მტკვრის მარცხენა მხარეს აღმოჩენილი გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარები და სამაროვნები. თბილის-რუსთავის წყალსადენის მშენებლობის დროს, 1949-1950 აღმოჩნდა სამარხები, რომლებშიც იყო ორნამენტიანი, შავპრიალა კერამიკა (დერგები, ქოთნები, ქილები, ლანგრები, სასმისენი). ბრინჯაოს საბრძოლო იარაღი (სატევარი, შუბისპირი), სამკაული (სარდიონის მძივები და სხვა), შინაურ ცხოველთა ძვლები, რაც მეცხოველეობის განვითარებაზე მიუთითებს. 1950 ნავთლუღში ნავთიჭალასთან, მდინარეებს მტკვარსა და ორხევს შორის, აღმოჩნდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი. გათხრილია (დ. ქორიძე) 8 ორმოსამარხი. სამარხებში იყო საბრძოლო იარაღი (ბრინჯაოს სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, ცული), სამკაული (თავხია საკინძი, სამაჯური, საყურე, საკისრე რგოლი, საკინძი, რომელზეც სტილიზებული ცხვრის თავი იყო გამოსახული, სარდიონის მძივები და სხვა), საოჯახო ჭურჭელი (თიხის დურგი, დოქი, სასმისი, ფიალა, ჯამი, ქილა, სპილენძის ქვაბი და სხვა). გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ.) მასალა აღმოჩნდა 1936 სანაპირო ქუჩის მშენებლობის დროს და 1940 საბურთალოზე, ახალშენის ქუჩაზე. ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლო საუკუნეების მასალებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნუმიზმატიკური მასალა, რომლის მიხედვით ჩანს, რომ თბილისი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების ორბიტაში ყოფილა მოქცეული. ძვ. წ. IV-III სს. ბერძნული მონეტა აღმოჩენილია დიდუბის ახალი ხიდის მახლობლად; XIX საუკუნის 70-იან წლებში დღევანდელი ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შენობის საძირკვლის თხრისას ნაპოვნია ძვ. წ. III-II საუკუნეების 6 ცალი ბაქტრიული მონეტა; 1949 წელს ი. ჭავჭავაძის პროსპექტის ბოლოს აღმოჩნდა ძვ. წ. III-I სს, ლისიმაქეს სტატერის მინაბაძი; ღრმაღელეში - ძვ. წ. I ს. ფრაატ IV-ის მონეტა.

თბილისის საქალაქო ცხოვრების სტრატიგრაფიული ჭრილი (V-XX სს.) წარმოდგენილი მტკვრის მარჯვენა მხარეს, ერეკლე II-ის სახ. მოედანთან მდებარე ბაღის ტერიტორიაზე 1956-1957 ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ი. გრძელიშვილი, ო. ტყეშელაშვილი) მოპოვებულია მასალების მიხედვით. გათხრილია 8 მ სისქის 4 ქრონოლოგიური შრე. აღმოჩენილია სამეურნეო და საცხოვრებელი ნაგებობების, წყალსადენების კერამიკული საწარმოს და სხვა ნაშთები, სამეურნეო დანიშნულების ნივთები (მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭელი), სამკაული (მინის, ლითონის, ქვის), იარაღ-საჭურველი; თბილისის ქალაქად გადაქცევის დროის (V ს.) აქატის საბეჭდავი, რომელზეც რომელიღაც დიდებულის პორტრეტული გამოსახულებაა.

შუა საუკუნეების მეორე მნიშვნელოვანი ძეგლია 1948-1949 ძვ. თბილისის ტერიტორიაზე გათხრილი (ო. ჯაფარიძე, გ. ლომთათიძე) კერამიკული სახელოსნო ("განჯისკარი"). გათხრის შედეგად გამოვლინდა ქართული მხატვრული კერამიკის მრავალი ახალი სახე და მხატვრული შემკობის ხერხი.

თბილისის ისტორიის შესწავლაში დიდი როლი შეასრულა 1967 წელს ჩატარაებულმა ე. წ. "თბილისის ციხის" გათხრებმა (გ. ლომთათიძე, ო. ტყეშელაშვილი). ექსპედიციამ გათხარა და შეისწავლა XIII საუკუნის ტაძარი, აბანო; საფორტიფიკაციო ნაგებობათა ნაწილი და სხვა. თეთრკეციანი მოჭიქული მრავალფეროვანი იმპორტული აღმოჩენა მიგვითითებს, რომ XVII-XVIII საუკუნეებში ქალაქს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონია სხვა ქვეყნებთან.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გრძელიშვილი ი., ტყეშელაშვილი ო., თბილისის მატერიალური კულტურის ძეგლები, თბ., 1961;
  • ლომთათიძე გ., არქეოლოგიური გათხრები თბილისში 1948 წლის ზამთარში, «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1955, ტ. 1;
  • ქორიძე დ., თბილისის არქეოლოგიური ძეგლები, ტ. 1-2, თბ., 1955-1958;
  • ჭილაშვილი ლ., ქალაქები ფეოდალურ საქართველოში, ტ. 2, თბ., 1970;
  • ჯაფარიძე ო., „განჯისკარის“ 1948 წ. არქეოლოგიური გათხრის ანგარიში, «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1953, ტ. 1;
  • ჭილაშვილი ლ., ქსე, ტ. 4, გვ.604, თბ., 1979