თამაზ I-ის ლაშქრობები საქართველოში

თამაზ I-ის ლაშქრობები საქართველოში XVI საუკუნეშიირანი და ოსმალეთი ერთმანეთს ებრძოდნენ ამიერკავკასიაში გაბატონებისათვის. ამ მიზნით თამაზ I-მა ილაშქრა საქართველოში. 1541 წელს იგი „საღვთო ომის“ საბაბით ყარაბაღიდან საქართველოში შემოიჭრა 12 ათასი მეომრით. ყიზილბაშებმა თბილისი აიღეს, გაძარცვეს და ცეცხლს მიესცეს. მოტყუებით აიღეს ბირთვისის ციხე და ლუარსაბ I-ის ხელში ჩაგდებაც სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს. მტერმა თბილისში თავისი რაზმი ჩაიყენა და უკან გაბრუნდა. 1547 წლის იანვარში თამაზ I შირვანიდან დაიძრა და ანისის გზით ახალქალაქში მივიდა. მტრის ლაშქარმა მოარბია ჯავახეთი, ქართლი და დიდი ნადავლით განჯაში დაბრუნდა. ქართლის მეფე ლუარსაბ I ვერ ურიგდებოდა სამცხის ათაბაგის ირანისადმი მორჩილებას და ოსმალეთის გააქტიურებას ამ მხარეში. ქვეყნის უშიშროების უზრუნველსაყოფად მან სამცხის დიდი ნაწილი დაიკავა. ათაბაგმა ქაიხოსრომ ირანს მიმართა დახმარებისათვის. 1551 წელს შაჰმა შაქიდან გამოილაშქრა დიდი ჯარით. მოსახლეობა სიმაგრეებში გაიხიზნა. ყიზილბაშებმა ააოხრეს ჯავახეთი, დაიპყრეს ციხესიმაგრეები — თმოგვი, ვანის ქვაბი, აწყური. აიღეს და გაძარცვეს ვარძია, საიდანაც დიდძალი სიმდიდრე წაიღეს. შაჰმა ქაიხოსროს დაუბრუნა ლუარსაბისაგან წართმეული ქვეყანა და ყარაბაღში დაბრუნდა. 1554 წელს თამაზ I მეოთხედ შემოესია საქართველოს. მან ჯერ საბარათიანო დაიკავა, მერე — შიდა ქართლი, აიღო გორი, ზოგიერთი სხვა სიმაგრეც და შემოადგა ატენის ციხეს, სადაც მეფისა და ქართველ დიდებულთა ოჯახები იყვნენ გახიზნული. მტერმა ღალატით აიღო ციხე და დიდ ნაალაფევთან ერთად 30 ათ. ტყვე წაიყვანა (მ. შ. მეფის დედა ნესტან-დარეჯანი). ლუარსაბ I მტერს დაედევნა, რამდენიმეჯერ შეებრძოლა, მაგრამ ტყვეები ვერ დაიხსნა.

თამაზ I-ის ლაშქრობებმა დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს. მტერმა დაარბია და გაძარცვა ბევრი ქალაქი და სოფელი, მრავალი ადამიანი ბრძოლაში დაიღუპა ან ტყვედ წაიყვანეს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება