თათრების უდაბნო

დინო ბუცატის რომანი

თათრების უდაბნო (იტალ. Il deserto dei Tartari)[1][2] 一 იტალიელი მწერლის, დინო ბუცატის რომანი, რომელიც პირველად 1940 წელს გამოქვეყნდა.[3] რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა ოფიცრის, ჯოვანი დროგოსა და მისი ცხოვრების იმ პერიოდის შესახებ, რომელიც მან გაატარა ბასტიანის ციხის, ძველი, შეუნარჩუნებელი სასაზღვრო ნაგებობის დაცვაში. ცნობილია, რომ ნაწარმოებზე დიდი გავლენა იქონია ბერძენი პოეტის, კონსტანტინოს კავაფისის 1904 წლის პოემამ - „ბარბაროსთა მოლოდინში“.

„თათრების უდაბნო“
Il deserto dei Tartari

ქართული გამოცემა
ავტორი დინო ბუცატი
ქვეყანა იტალია
ენა იტალიური
ჟანრი რომანი, გამოგონილი ისტორია
გამომცემელი RCS MediaGroup
გამოცემის თარიღი 1940
მთარგმნელი მადონა ბოკუჩავა
ქართულად გამოიცა 2016
მედია ბეჭდური
გვერდი 228
ISBN 978-9941-11-519-6

რომანის ერთ-ერთი ცენტრალური თემაა დრო და მისი წარმავალი ხასიათი.[4] წიგნი შესულია ლე მონდის საუკუნის 100 წიგნის სიაში 29-ე ადგილზე.

სიუჟეტი რედაქტირება

მოქმედება გაურკვეველ დროს უცნობ ქვეყანაში ვითარდება, მაგრამ წიგნის ფურცლებზე აღწერილი სიუჟეტი XX საუკუნის დასაწყისის იტალიას მოგვაგონებს. ეს არის რომანი ჟამთასვლაზე, რომელიც ულმობლად შთანთქავს სიცოცხლეს. აქ დროის შეუქცევადობა ადამიანის საბედისწერო ხვედრია, ღამე კი - დროის წინაშე ჩვენი ყოფიერების ტრაგიზმის მწვერვალი.

მომავალზე ნათელი იმედებით აღსავსე ახალგაზრდა ლეიტენანტი, ჯოვანი დროგო ბასტიანის ციხე-სიმაგრეში გაამწესეს, საიდანაც თათრეთის თვალუწვდენელი უდაბნო იშლებოდა და, გადმოცემის თანახმად, წარსულში მტერი იქიდან ხან მოდიოდა... ხან არც მოდიოდა.

ხანგრძლივი ძიების შემდეგ ლეიტენანტმა, როგორც იქნა, იპოვა გზა ბასტიანისკენ.ამ მოგზაურობის დროს ახალგაზრდა ოფიცერს სევდა დაეუფლა, მისი თავდაპირველი იმედებიც გაფერმკრთალდა, ხოლო ფორტის მოყვითალო ფერისა და შიშველი კედლების დანახვამ ნირი წაუხდინა. მაიორ მატის მშვენივრად ესმოდა, რატომ დაეუფლა ახალგაზრდა ოფიცერს ასეთი განწყობილება. მან ურჩია ლეიტენანტს მეთაურებისთვის მიემართა სხვაგან გადაყვანის თხოვნით. ბოლოს და ბოლოს აღელვებულმა დროგომ სიმაგრეში ოთხი თვით დარჩენა გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებას შეგუებულმა ლეიტენანტ მორელის სთხოვა, აჰყოლოდა გალავანზე, საიდანაც კლდეებით შემოჯარული ვაკე იშლებოდა. მათ მიღმა კი, უცნობი ჩრდილოეთი, იდუმალი თათრების უდაბნო ეგულებოდა. ამ უდაბნოზე რას აღარ ჰყვებოდნენ. თუმცა იმ მხარეში ჰორიზონტი მუდამ ნისლით იყო დაფარული. ზოგი ამტკიცებდა, იქ მხოლოდ ქვები და კლდეებიაო, იმასაც ამბობდნენ, თეთრი კოშკებიც დაუნახავთო, ზოგს ვულკანის კვამლიც დაულანდავს, სხვები „რაღაც მოგრძო, შავ ლაქაზეც საუბრობდნენ“.

მთელი ღამე ვერ დაიძინა დროგომ, კედლის მიღმა წყალი ხმაურობდა და რას გააწყობდა?!

დადგა ახალგაზრდა ლეიტენანტის პირველი მორიგეობის დღე. იგი აკვირდებოდა, როგორ იცვლებოდნენ ყარაულები უფროსი სერჟანტი ტრონკას ზედამხედველობით. ტრონკა უკვე ოცდაორი წელიწადი მსახურობდა ბასტიანში და ზედმიწევნით იცოდა წესდების თითოეული წვრილმანი. იგი შვებულების დროსაც კი არ ტოვებდა ციხე-სიმაგრეს.

დროგომ იმ ღამეს დედას წერილი მისწერა. უნდოდა, რაც შეიძლება ცხადად აღეწერა ფორტში გამეფებული დამთრგუნველი ატმოსფერო. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ერთი ჩვეულებრივი წერილი გამოუვიდა, რომელშიც ცდილობდა დედა დაერწმუნებინა, რომ თავს კარგად გრძნობდა და ყველაფერი რიგზე იყო. საწოლში მწოლიარე ახალგაზრდა ლეიტენანტს გარკვევით ესმოდა გუშაგების დაღლილი გადაძახილი. „მისთვის სწორედ იმ ღამეს დაიწყო ერთდროულად აუჩქარებელი და ულმობელი დროის ათვლა“.

დროგომ გადაწყვიტა, თავისი გარდერობით გაენახლებინა და იმაზე უბრალო ფარაჯა შეეძინა, ვიდრე მას უკვე ჰქონდა. მან თერძი პროსდოჩიმო გაიცნო, რომელიც უკვე თხუთმეტი წელიწადი იყო, რაც გაიძახოდა, დღე-დღეზე ავიბარგები აქედანო. დროთა განმავლობაში დროგომ, თავისდა გასაოცრად, აღმოაჩინა, რომ ოფიცრების უმეტესობა მოუთმენლად ელოდა, როდის აჩუქებდა ჩრდილოეთის უდაბნო მათ უჩვეულო თავგადასავალს, „იმ საოცარ შემთხვევას, რომელიც ყოველი ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხდება“. ციხე-სიმაგრე ხომ რაღაც შეუცნობლის საზღვარზე იყო... გაურკვევლობას კი ადამიანის არა მარტო შიში უკავშირდება, არამედ იმედიც.

აქ იყვნენ გრაფი მაქსლოტარიოს მსგავსი ოფიცრები, რომელთაც სამსახურის ვადის გასვლისთანავე დატოვეს ბასტიანი. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ციხე-სიმაგრის დატოვების სურვილი, გრაფის მეორე მეგობრის, ლეიტენანტ ავგუსტინის მსგავსად, საერთოდ არ გასჩენიათ.

ზამთარიც დადგა. დროგო გასამგზავრებლად გაემზადა. ფორმალური წვრილმანებიღა ჰქონდა მოსაგვარებელი - სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო და მთებში სამსახურის გამოუსადეგრობის ცნობა აეღო; მაგრამ ციხე-სიმაგრის ჩაკეტილ სამყაროში მდორე ცხოვრებას შეჩვეულმა ახალგაზრდა ოფიცერმა, საკუთარი თავისთვის მოულოდნელად, დარჩენა გადაწყვიტა. „წინ ხომ ჯერ კიდევ დიდი დროა,“ - ასე ფიქრობდა.

მალევე დროგო სამორიგეოდ ახალ რედუტში გადავიდა. იქამდე ორმოცი წუთის სავალი თუ იქნებოდა. საგუშაგო კლდოვანი მთის მწვერვალზე იყო და თათრების უდაბნოს გადმოჰყურებდა. სწორედ იმ დღეს უდაბნოს მხრიდან თეთრი ცხენი გამოჩნდა. ბასტიანში გამეფებული შეხედულებით, თათრებს თეთრი ცხენები ჰყავდათ, ამიტომ ეგონათ, პირუტყვი ჩრდილოელი მეზობლების იქნებაო, არაა, ცხენი რიგით ლაცარის ეკუთვნოდა. იგი პატრონს გაჰქცეოდა. ჯარისკაცი დასდევნებოდა თავის ულაყს, მაგრამ სანამ დაიჭირდა , მოსაღამოვებულიყო და ამასობაში საგუშაგოზე პაროლი შეეცვალათ. ლაცარის იმედი ჰქონდა, მორიგეები მიცნობენ და გამატარებენო, მაგრამ ამაოდ. გუშაგები წესდებასა და სერჟანტ ტრონკას უსიტყვო ბრზანებას დაემორჩილნენ, პაროლის არმცოდნე არ გაატარეს, ესროლეს და მოკლეს.

ამ ამბიდან არ გასულა დიდი ხანი და თათრების უდაბნოს ჰორიზნოტზე ხალხის გრძელი ჯაჭვი გამოჩნდა. მთელი გარნიზონი ღელვამ მოიცვა, მაგრამ მალევე ყველაფერი გაირკვა: მეზობელი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფები სასაზღვრო ზოლს აწესრიგებდნენ. სადემარკაციო ნიშნები უკვე დიდი ხანია დაემაგრებინათ, მაგრამ ერთი მთა არცერთ მხარეს არ ჰქონდა მონიშნული, რადგან მას სტრატეგიული მნიშვნელობის წერტილად არ მიიჩნევდნენ. მიუხედავად ამისა, პოლკოვნიკმა გადაწყვიტა კაპიტანი მონტისა და ლეიტენანტი აუგუსტინის მეთაურობით იქ რაზმი გაეგზავნა, რათა ჩრდილოელებისთვის დასწრო და რამდენიმე კვადრატული მეტრის დამატებით ტერიტორია შემოეერთებინა. ელეგანტურად გამოწყობილი ლეიტენანტი აუგუსტინის ჩაცმულობა სრულებით არ შეეფერებოდა მთებში მოგზაურობას. ლამაზმა მუნდირმა ვერ დაიცვა ლეიტენანტი ცივი ქარისგან. იგი გაცივდა და გარდაიცვალა. ავგუსტინი, როგორც გმირი, ისე მიაბარეს მიწას.

გავიდა რამდენიმე წელიწადი. დროგო შვებულებით დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, მაგრამ იქ თავი უცხოდ იგრძნო. ძველებურად ვეღარავინ იცვლიდა და მის მიმართ დამოკიდებულებაც შეცვლილიყო - მეგობრები თავისი საქმეებით იყვნენ დაკავებულნი, შეყვარებულსაც მის მიმართ გრძნობები განელებოდა და ა.შ. დედა შინაგანად შეჰგუებოდა სახლში მის არყოფნას, მაგრამ მაინც ურჩევდა შვილს, მეთაურებისათვის მიემართა ბასტიანიდან გადაყვანის თხოვნით. დროგო მართლაც წავიდა გენერალთან - დარწმუნებული, რომ მის მოთხოვნას დააკმაყოფილებდნენ. რამდენადაც დიდი იყო მისი თავდაჯერება, იმდენადვე მოულოდნელი იყო პასუხიც. უარი მიიღო. მას აუხსნეს, რომ ციხე-სიმაგრის გარნიზონი მცირდებოდა და, პირველ რიგში, ძველ და დაუმსახურებელ მებრძოლებს გადაიყვანდნენ სხვაგან.

დროგო დამწუხრებული დაბრუნდა ბასტიანში. ყველა რაღაცას საქმიანობდა, ფუსფუსებდა, ჯარისკაცები და ოფიცრები გასამგზავრებლად ემზადებოდნენ. დროგო გულგატეხილი იყო, მაგრამ ახალმა ამბავმა დროებით გაუქარწყლა სევდა. ლეიტენანტმა სიმენონმა საკუთარი ჭოგრიტით დაკვირვებისას თათრების უდაბნოს ჰორიზონტზე ცვლილებები შეამჩნია. იქ ხან ჩნდებოდა ცეცხლი, ხანაც ქრებოდა, ხალხიც განუწყვეტლივ მოძრაობდა. ოფიცერმა ჩათვალა, რომ მტერი გზასაშენებდა. „აქამდე არავის შეუმჩნევია მსგავსი შთამბეჭდავი მოვლენა. თუმცა, შესაძლებელია მშენებლობა ადრეც, წლებისა და, არ არის გამორიცხული, საუკუნეების მანძილზეც მიმდინარეობდა. ვინ იცის, იქნებ სოფელი იყო აქ, ან ჭა, რომლის წინაც ქარავნები იყრიდნენ თავს. უბრალოდ, იმ დრომდე, ჯერ არავის გამოეყენებინა ისეთი მძლავრი ჭოგრიტი, როგორიც სიმენონს ჰქონდა“. ამ მოვლენებიდან არ გასულა დიდი ხანი, როდესაც ციხესიმაგრეში ბრძანება მოვიდა, აეკრძალათ წესდებით გაუთვალისწინებელი ყველა ოპტიკური ხელსაწყოს გამოყენება. სიმენონი იძულებული გახდა, ჩაებარებინა თავისი ჭოგრიტი.

იმავე ზამთარს დროგომ ცხადად შეიგრძნო დროის დამანგრეველი, შემმუსვრელი ძალა. გაზაფხულზე იგი სახელმწიფოს კუთვნილი ჭოგრიტით ხანგრძლივად გაჰყურებდა ჰორიზონტს. ერთხელაც, საღამოს ოკულარში ცეცხლის პატარა, მოციალე ენა შეამჩნია. მალე, დღისითაც კი, თეთრი უდაბნოს ფონზე მკაფიოდ, გარკვევით ჩანდა პატარა, მოძრავი შავი წერტილები. ხალხი ომზე ალაპარაკდა. იმედი, რომელიც თითქოს აუხდენელ ოცნებად ქცეულიყო, კვლავ გაჩნდა ციხესიმაგრის კედლებში. ის დღეც დადგა, როდესაც აქედან სულ რაღაც ერთი მილის მოშორებით გზა გაიყვანეს და ბოძიც დაარჭეს. თხუთმეტი წლის განმავლობაში წარმოებული უზარმაზარი სამუშაო, როგორც იქნა, დასრულდა. „მთებისთვის თხუთმეტი წელი არაფერია, ვერც ბასტიანის ციხესიმაგრეს დაამჩნიაამ დრომ კვალი. და თუმცა წლები შეუმჩნევლად გარბოდნენ, ადამიანებისთვის ეს გზა მაინც ხანგრძლივი და გრძელი გამოდგა“. ფორტი უფრო დაცარიელდა. გარნიზონი კიდევ შეამცირეს. გენერალური შტაბი აღარავითარ მნიშვნელობას ანიჭებდა მთებში ჩაკარგულ ამ ციტადელს და არც უცხოტომელების მიერ უდაბნოში გაყვანილ გზას აღიქვამდნენ სერიოზულ საფრთხედ. ბასტიანში ცხოვრება უფრო ერთფეროვანი და მოსაწყენი გახდა.

სექტემბრის ერთ დილას დროგო, უკვე კაპიტნის წოდებით, მორიგი შვებულებიდან დაბრუნებული, სიმაგრისაკენ გზას მიუყვებოდა. შინ მხოლოდ შვებულების ნახევარი გაატარა, რადგან იქ გაჩერება გაუჭირდა, ვეღარ შეძლო. ქალაქი მისთვის სრულიად უცხო გახდა. უკან დაბრუნება გადაწყვიტა.

„გვერდები იფურცლებოდა, თვეები და წლები ერთმანეთს მისდევდა“, მაგრამ დროგო ისევ რაღაცას ელოდებოდა, თუმცა მისი იმედი ყოველ განვლილ წუთთან ერთად ილეოდა და მცირდებოდა.

დადგა ის დღეც, როდესაც მტრის ჯარი მართლაც მიადგა ციხესიმაგრის კედლებს, მაგრამ დროგო უკვე მოხუცი და ავადმყოფი იყო. იგი დაითხოვეს და სახლში გაუშვეს, რათა ახალგაზრდა ოფიცრებისთვის ოთახი გაეთავისუფლებინათ. დროგოს სიკვდილი გზაში წამოეწია და მაშინ მიხვდა, რომ სწორედ ეს იყო უმთავრესი მოვლენა მის ცხოვრებაში. ის იმ ღამეს, როდესაც სიცოცხლეს ეთხოვებოდა, ცას შესცქეროდა.  

შთაგონება რედაქტირება

ნაწარმოების შთაგონებაზე საუბრისას თავად ავტორმა აღნიშნა:

„იდეა ერთფეროვანი ღამის სარედაქციო რუტინის შედეგად გამიჩნდა, რომელიც იმ დღეებში მქონდა. ძალიან ხშირად მიფიქრია, რომ ეს რუტინა უსასრულოდ, უვადოდ უნდა გაგრძელებულიყო და რომ ეს უკანასკნელი უსარგებლოდ მომიკლავდა სიცოცხლეს. ვფიქრობ, რომ ეს ჩვეულებრივი სენტიმენტია კაცთა მოდგმისთვის, განსაკუთრებით, როცა ჩაბუდებული ხარ ამ წარმავალ წუთისოფელში. შედეგად, ამ იდეის სამხედრო სამყაროში გარდასახვის იდეა თითქმის ინსტინქტურად მომივიდა“. [5]

თათრები რედაქტირება

როგორც ცნობილია, თათრები წარმოადგენენ ცენტრალურ აზიაში არსებულ მომთაბარე ტომებს. ისტორიკოსთა ვარაუდით, სახელი თათარი მომდინარეობს ტარტარიდან ან ტარტაროზიდან, გამომდინარე დიდი ხნის განმავლობაში მათი ჯოჯოხეთთან ასოცირების გამო, თუმცა ამას რომანის სიუჟეტთან საერთო არაფერი აქვს. მწერალი თათრების სახეს სამხედრო საფრთხის, სისასტიკის, დაუმორჩილებლობისა და უცნობი ხალხის შემოსევის იდეის გასაღვიძებლად იყენებს, შუა საუკუნეების გამოსახულების კვალდაკვალ, რომელიც ინსპირირებულია ილ მილიონედან - მარკო პოლოს პირველი დიდი სამოგზაურო კატალოგით, რომლითაც პოლო ერთ-ერთი პირველი გახდა, რომელმაც თათრები მსგავსად დეტალურად აღწერა.[6]  

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ziolkowski, Saskia Elizabeth (2020). Kafka’s Italian Progeny (en). University of Toronto Press. ISBN 978-1-4875-0630-8. 
  2. The Stronghold en. ციტირების თარიღი: 2022-07-31
  3. „Dino Buzzati | Italian author“. Encyclopedia Britannica (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-08-29.
  4. https://thestrategybridge.org/the-bridge/2020/4/8/time-slips-by-reviewing-the-tartar-steppe
  5. https://www.themodernnovel.org/europe/w-europe/italy/buzzati/deserto/
  6. https://centerforfiction.org/book-recs/surreal-and-mythical/