ზმნისწინი, პრევერბი — მაწარმოებელი წინსართი ზმნებში. გასდევს ნაზმნარ სახელებსაც (გა-აკეთა, წა-ხვალ; გა-კეთება, წა-სვლა, გა-მკეთებელი, წა-სასვლელი). ზმნისწინი ზმნას უფრო სუსტად უკავშირდება, ვიდრე სხვა აფიქსები (თუმცა შინაარსობრივი კავშირი ზმნასთან მჭიდროა) — მათ შორის არის ჩართული პირის, გვარის, ქცევის ნიშნები (გა-ვჭერ, გა-ი-ღუნება, გა-უ-კეთებს; ძველად ჩაერთვებოდა ნაწილაკები და მთელი სიტყვებიც: გა-ცა-წყრა, მო-ოდეს, მე-ვიდეს; იხილეთ ტმესი). ზმნისწინი, ჩვეულებრივ, აზუსტებს მოქმედების მიმართულებას (შე-ვიდა, გა-ვიდა, ა-ვიდა; შე-ვიდა, შე-მო-ვიდა), ბევრ ენაში მოქმედებას აძლევს დასრულებულ სახეს (მაგ., კეცა—და-კეცა) და სხვა. ზმნისწინები, თანდებულები და ზმნიზედები ხშირად ერთსა და იმავე მასალას შეიცავს (გან-ვიდა — ჩემ-გან).

ლიტერატურა რედაქტირება

  • შანიძე ა., ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, ტ. 1, — მორფოლოგია, თბ., 1973