ვარდანისძენი — დიდ ფეოდალთა საგვარეულო XI-XV საუკუნეების საქართველოში. სავარაუდოა, რომ წარმოდგება მარუშიანთა (მარუშაძეთა) საგვარეულოდან. შემდეგ „მარუშიანი“ ვარდანისძეთა გვარში პირის სახელად დამკვიდრდა. ვარდანისძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ ერისთავთერისთავები, სვანთა ერისთავები. სხვადასხვა პერიოდში მეფის კარზე მათ ჰქონდათ სხვადასხვა სავაზირო ხელი: ერთიანი საქართველოს მეფის მეჭურჭლეთუხუცესობა, ლიხთ-იმერეთის მსახურთუხუცესობა, მეჭურჭლეთუხუცესობა და მანდატურთუხუცესობა.

1041 წელს ბაგრატ IV-მ ანისში სხვა დიდ ფეოდალებთან ერთად გაგზავნა სვანთა ერისთავი ივანე ვარდანისძე. XI საუკუნის II ნახევარში ცხოვრობდა ვარდან სვანთა ერისთავი, რომელიც მეფე გიორგი II-ეს სხვა დიდ ფეოდალებთან ერთად განუდგა. გიორგი II-მ წყალობით დააწყნარა გადამდგარი დიდგვარიანები, ვარდანს უბოძა ასკალანა. ლიხაურის წმიდა იაკობის ხატის წარწერა იხსენიებს XII საუკუნის მოღვაწე მარუშიან ვარდანისძეს და მის მეუღლეს ხათთას (ხათუთას). ერთ-ერთი ვერსიით ლიხაურის ეკლესია სწორედ მისი აშენებული უნდა იყოს. ვარდანისძე უნდა იყოს აგრეთვე იმ დროს ჩუხჩარხად მოხსენიებული მარუშიანიც. XII საუკუნის 80-იან წლებში სვანთა ერისთავად იხსენიება ბარამ ვარდანისძე, მეჭურჭლეთუხუცესად — კახაბერ ვარდანისძე, თამარის ისტორიკოსი კახაბერ ვარდანისძეს, სხვა მოხელეებისაგან გამორჩევით, საგანგებოდ უწოდებს „დიდსა და გვარიან კაცს“. ვარდანისძეთა წარმოჩინებაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ისისნი ლიხთ-იმერეთის ორ სხვა საგვარეულოსთან (საღირისძეებთან და ამანელისძეებთან) ერთად მონაწილეობდნენ თამარის კურთხევაში. მათ ჩააბარეს თამარს მთავარსარდლის ინსიგნია - ხმალი. დასავლეთ საქართველოს დიდგვარიანთა და, კერძოდ, ვარდანისძეთა დაწინაურებას სამეფო კარზე ხელი შეუწყო დემნა უფლისწულის აჯანყებამ 1177 წელს, რომელშიც უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოს დიდგვარიანები მონაწილეობდნენ.

ჯუმათის მონასტრის სხვა ხატზე მოხსენიებულია იოანე ვარდანისძე. იოანე ვარდანისძე XII საუკუნეში გიორგი III-სა და თამარ მეფის დროს ცხოვრობდა და გიორგი რუსის აჯანყებაში მონაწილეობდა. გიორგი რუსის აჯანყებამ გამოიწვია ამ საგვარეულოთა დაქვეითება და სამეფო კარისაგან ჩამოცილება. XII საუკუნის 80-იანი წლებიდან XIII საუკუნის II ნახევრამდე ვარდანისძეთ აღარ ჰქონდათ სამეფო კარის უწყების გამგებლობა (უხუცესობა). ლიხთ-იმერეთში დავით ნარინის მიერ ცალკე სამეფო დინასტიის დაფუძნებამ კვლავ დააწინაურა დასავლეთ საქართველოს დიდგვარიანები, მათ შორის ვარდანისძენიც. ისინი კვლავ იღებენ სამეფო ვაზირის - უხუცესის სხვადასხვა სახელოს. XV საუკუნეში ბაგრატ V-მ რაღც მიზეზის გამო შეიპყრო სვანთა ერისთავი ვარდანისძე. რაღაც დროის შემდეგ კი შეიწყალა და გურია მისცა საერისთავოდ, სვანეთი კი სხვას გადასცა.

ვარდანისძეთა საგვარეულოს განშტოებები იყო გურიელთა და დადიანთა გვარები. პირველი ვარდანისძე-გურიელი მოხსენიებულია წმინდა გიორგის X საუკუნის ხატზე, რომელიც ჯუმათის მონასტერში ინახებოდა. ესაა ვარდან ვარდანისძე. მან მოაჭედინებია აღნიშნული ხატი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 299.
  • შოშიაშვილი ნ., XII-XIV სს. საქართველოს სახელმწიფო სამართლის ისტორიისა და რუსთველოლოგიის ზოგიერთი საკითხი, «ცისკარი», 1965, № 9;
  • მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.), თბ., 1962;
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ., ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973;
  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგნ., ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 2, თბ., 1959;
  • მატიანე ქართლისა, წგნ., ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955;