ენისელის მესამე ეკლესია

ენისელის მესამე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელის დასავლეთით 0,7 კილომეტრზე, მდინარე ინწობის მარჯვენა ნაპირას. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, შეიცავს ქრონოლოგიურად განსხვავებულ ორ სამშენებლო ფენას. თავდაპირველი ნაწილი, რომელიც სავარაუდოდ XVI საუკუნეს განეკუთვნება. ნაწყობია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გარეთა კედლების წყობაში, აქა-იქ, გამოყენებულია საკმაოდ დიდი ზომის ქვები, რომელთა სიგრძეც 1,5-1,7 მეტრს აღწევს. მოგვიანებით შენობის დანგრეული ნაწილები აღუდგენიათ აგურით და ეკლესია შიგნიდან და გარედან შეულესავთ. ამავე რემონტის დროს გრძივ კედლებში მოუწყვიათ თითო ოთხკუთხა ნიშა, ხოლო საკურთხეველი დარბაზისგან ხის კანკელით გაუმიჯნავთ. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან შეისრულთაღოვანია, შიგნიდან კი ხის ფიცრული გადახურვა აქვს. ეკლესიის თითქმის კვადრატული დარბაზი აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდის ღერძზე გაჭრილია განიერი, თარაზულად გადახურული სარკმელი. მის ორივე მხარეს თითო მცირე, ოთხკუთხა ნიშაა. საკურთხევლის შუაში დგას მთლიანი ქვის ტრაპეზი. აფსიდი გადახურულია ტლანქად ნაწყობი დადაბლებული კონქით, რომელშიც ორი რეზონატორია ჩასმული. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს დასავლეთ კედელში გაჭრილი სარკმელიც აშუქებს, რომელსაც აღმოსავლეთი სარკმლის მსგავსად, თარაზული თავი აქვს. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. შენობის ფასადები სადაა, კედლები დასრულებულია მაღალი ოთხსაფეხურიანი, ხერხულა ლავგარდნით, დასავლეთ ფასადზე, სარკმლის ორივე მხარეს, თითო ოთხკუთა ნიშაა, რომლებშიც ხაჩკარებია ჩასმული. შენობა გადახურულია ღარისებრი კრამიტით. ეკლესიას გარს ევლება რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები, გეგმით სწორკუთხა მოხაზულობის გალავანი, რომელსაც ჩრდილოეთ-დასავლეთის კუთხე მონგრეული აქვს, ხოლო აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ ბოლოში შესასვლელია მოწყობილი.

ლიტერატურა რედაქტირება