ემელიანე წერეთელი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წერეთელი.

ემელიანე (ეკო) დიმიტრის ძე წერეთელი (დ. 1882, ჭიათურა, — გ. 31 აგვისტო, 1924, შორაპანი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სამხედრო პირი, პოლკოვნიკი, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილე.

წარმომავლობით იყო ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა ოჯახიდან. მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს დასავლეთის ფრონტზე იბრძოდა პიატიგორსკის 151-ე ქვეითი პოლკის რიგებში. 1915 წლის იანვარში პოდპორუჩიკი წერეთელი დაიჭრა სოფ. ზალესიესთან. დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV და III და წმ. სტანისლავის III ხარისხის ორდენებით (ყველა 1915). ომის ბოლოს ჰქონდა შტაბს-კაპიტნის ჩინი. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში, მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო მოძრაობაში, იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, 1922 წლიდან საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრის“ რწმუნებული იმერეთში. 1924 წლის 28 აგვისტოს ჭიათურის აჯანყების დროს გიორგი წერეთლის დროებითმა მთავრობამ კონსტანტინე (კოწია) ჩაჩანიძესთან ერთად ჭიათურის სამხედრო კომენდანტად დანიშნა. აჯანყების ჩახშობის დროს ტყვედ ჩავარდა და მოკლეს შორაპნის სადგურის მახლობლად რკინიგზის ვაგონებში პატიმართა მასობრივი დახვრეტის დროს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • კაენ, სად არის ძმა შენი?! : ქართველთა ისტორიის სისხლიანი ფურცლები (1921-1930წწ) / ნესტან (ელისაბედ) კირთაძე ; [რედ.: ფარნაოზ ლომაშვილი, ილია ტაბაღუა]. - თბ. : მერანი, 1998. წ. 1;
  • 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება შორაპნის მაზრაში / ლევან ჯიქია // არქივის კვალდაკვალ - ზესტაფონი. სპეციალური საარქივო გამოცემა. - თბ. : შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, 2014. - გვ. 17-48.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება