ევგენი ბიუსი

ესტონეთში დაბადებული გეოფიზიკოსი, სეისმოლოგი

ევგენი ივანეს ძე ბიუსი (რუს. Евгений Иванович Бюс) (დ. 20 მაისი, 1885, იურიევი, ახლანდ. ტარტუ, ესტონეთი, — გ. 15 ივნისი, 1969, თბილისი) — ესტონეთში დაბადებული გეოფიზიკოსი, სეისმოლოგი, თანამედროვე სეისმური სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი სამხრეთ კავკასიაში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1965), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).

დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1911). მუშაობდა იქვე ასტრონომიულ ობსერვატორიაში. 1912-1920 წლებში იყო ბაქოს სეისმური სადგურის, 1921-1923 წლებში — თბილისის სეისმური სადგურის გამგე. 1933 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა სეისმოლოგიურ სამუშაოებს.

ბიუსის ძირითადი სამეცნიერო შრომები ეხება სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე სეისმურობის საკითხებს. მისი გამოკვლევები საფუძვლად დაედო რეგიონის სეისმურ დარაიონებას და სეისმომედეგი მშენებლობის ნორმების დადგენას. ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, ქართლში ქრისტიანობის შემოღების თარიღის დასაზუსტებლად ჩაატარა IV საუკუნის I ნახევარში საქართველოში ხილულ მზის დაბნელებათა პირობების კვლევა.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • მზის დაბნელებათა ხილვადობის პირობები საქართველოში ახ. წ. IV საუკუნის პირველი ნახევრისათვის, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე», 1944, ტ. 5, № 9.
  • Ленинаканские землетрясения 22 октября 1926, Тб., 1943 (თანაავტ. В. Гигинейшвили).
  • Сейсмические условия Закавказья, ч. 1 – 3, Тб., 1948 – 55.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Балавадзе Б. К., Гоцадзе О. Д., Евгений Иванович Бюс (к 100-летию со дня рождения), Тб., 1987.