ეგატის კუნძულებთან ბრძოლა

ეგატის კუნძულებთან ბრძოლა
პირველი პუნიკური ომი ნაწილი

ეგატის კუნძულები
თარიღი ძვ. წ. 241, 10 მარტი
მდებარეობა ეგატის კუნძულები, სიცილიის დასავლეთით
შედეგი რომის გამარჯვება
მხარეები
რომის რესპუბლიკა კართაგენი
მეთაურები
გაიუს ლუტაციუს კატულუსი ჰანონ დიდი
ძალები
დაახ 200 გემი დაახ 250 გემი
დანაკარგები
30 გემი ჩაიძირა 50 გემი ჩაიძირა, 70 ტყვედ ჩავარდა
ეგატის კუნძულებთან ბრძოლა ვიკისაწყობში

ეგატის კუნძულებთან ბრძოლაპირველი პუნიკური ომის უკანასკნელი ბრძოლა, რომელმაც განაპირობა 24 წლიან, გამომფიტავ ომში რომის გამარჯვება. ბრძოლა გაიმართა მარტის იდებამდე 6 დღით ადრე, ანუ 10 მარტს, სიცილიის დასავლეთ ნაპირებთან ეგატის კუნძულებთან.

წინარეისტორია რედაქტირება

ძვ. წ. 242 წლისთვის, 23 წლიანი ომის შედეგად ორივე მხარე უკვე ძალიან გამოიფიტა. გამოფიტვა უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოების ფინანსებზე აისახა, კართაგენელებს უფრო და უფრო უმძიმდათ დაქირავებული ჯარებისთვის ხელფასების გადახდა, ხოლო რომაელებს ფლოტის არაერთხელ განადგურების შემდეგ აღარ ჰქონდათ ახალი ფლოტის აშენების სახსრები.

უკანასკნელი წლების მანძილზე, რომაელები იფარგლებოდნენ სახმელეთო ბრძოლებით, მაგრამ ლილიბეუმის გაჭიანურებული ალყა და მთა ერიჩესთან დაპირისპირებაც ჩიხში შევიდა, შედეგი მხოლოდ ერთი იყო — ორივე მხარე მხოლოდ იფიტებოდა და გაუგებარი იყო, რომელი მხარე გამოიფიტება პირველი და დაყრის იარაღს.

ამ მდგომარეობამ, რომაელებს მიაღებინა გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ ეცადათ ბედი ზღვაზე. ერიჩესთან კართაგენელთა დამარცხება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ კი ჩაუკეტავდნენ ზღვიდან მომარაგებას, ვინაიდან ხმელეთზე კართაგენელები რომაელებით იყვნენ გარშემორტყმული და სურსათს ამ გზით ვერ შოულობდნენ.

რომაელებს არ ჰქონდათ ფლოტის აშენებისთვის ფული ხაზინაში, ამიტომ, სენატმა მიმართა ხალხს, რომ მდიდარ მოქალაქეებს თავისი ხარჯებით აეშენებინათ ფლოტი. დანახარჯთა კომპენსაციას სახელმწიფო მხოლოდ წარმატების შემთხვევაში პირდებოდა. ამრიგად აშენდა 200 კვინკვერემა, რომელიც ჰანიბალ როდოსელის შეპყრობილი გემის ესკიზებით ააშენეს. კონსულად იმ წელს გაიუს ლუტაციუს კატულუსი აირჩიეს, რომელიც ჩაუდგა ფლოტს სათავეში. ზაფხულში იგი უეცრად გამოჩნდა სიცილიის ნაპირებთან და ალყა შემოატყა დრეპანას და აიღო ფლოტის სადგომები ლილიბეუმთან. დრეპანა კონსულმა გაამაგრა და დაიწყო ფლოტის მომზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის.

კართაგენელებმა შეიტყვეს რომის ახალი ფლოტის აშენებაზე და დრეპანას ალყაზე და უმალვე გამოგზავნეს სურსათით დატვირთული ფლოტი სიცილიისკენ, ერიჩეზე გამაგრებული ჰამილკარ ბარკას მხარდასაჭერად. ფლოტს ჰანო დიდი მეთაურობდა.

ჰანოს განზრახული ჰქონდა მისულიყო ერიჩესთან, დაეტოვებინა სურსათი, იქიდან ჯარის ნაწილი წამოეყვანა და შემდეგ შებრძოლებოდა რომაელებს ზღვაში. ლუტაციუსი მიხვდა მის განზრახვას, მან გემებზე საუკეთესო მეომრები აიყვანა და ლილიბეუმის პირდაპირ კუნძულ ეგუსასკენ გადავიდა და გზა ჩაუკეტა ჰანოს.

ბრძოლა რედაქტირება

მარტის იდებამდე 6 დღით ადრე განთიადზე მეტოქეებმა დაინახეს ერთმანეთი. კართაგენელებს ძლიერი ქარი უწყობდათ ხელს. ლუტაციუსი ჯერ ორჭოფობდა ქარის გამო, მაგრამ მიუხედავად უამინდობისა, არჩია ჰანოს სურსათით დატვირთულ გემებს შებრძოლებოდა, რომლებზეც ახალბედა ჯარისკაცები იყვნენ, ვიდრე შემდეგ ჰამილკარს და მის გამოცდილ მეომრებს დაპირისპირებოდა.

რომაული გემები საბრძოლო მწყობრში დალაგნდნენ. კართაგენელებიც გაემზადნენ ბრძოლისთვის. ამ ჯერად რომაულ გემებზე არაფერი ზედმეტი არ იყო, მათ უარი თქვეს ყვავებზე, რითაც შეამსუბუქეს გემები და უფრო სწრაფები გახადეს, თანაც რომაულ გემებზე საუკეთესო ჯარისკაცები იყვნენ და მენიჩბეები გაწაფულნი იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ კართაგენული გემები დატვირთული იყო და ახალბედა მეომრები ჰყავდათ, ისინი მაინც ზერელედ უყურებდნენ რომაულ ფლოტს. ისტორიკოსების აღწერით ბრძოლა ხანმოკლე იყო და კართაგენელები ძალიან სწრაფად დამარცხდნენ.

შედეგები რედაქტირება

50 კართაგენული გემი ჩაიძირა, 70 ტყვედ ჩავარდა, დანარჩენებმა მოახერხეს გაქცევა[1]. ტყვედ დაახლოებით 10 000 ადამიანი ჩავარდა. ევთროპიუსიოს და ოროზიუსის თანახმად, რომაელებს 300 გემი ჰყავდათ, კართაგენელებს კი 400. კართაგენელების 125 გემი ჩაიძირა, 63 ტყვედ ჩავარდა. 32 000 ადამიანი ტყვედ ჩავარდა და 13 000 დაიღუპა[2]. რომაელების 12 გემი დაიღუპა. დიოდორეს თანახმად, კართაგენელებს სატვირთო გემების გარდა 250 საბრძოლო გემი ჰყავდათ. სულ 110 დაკარგეს, აქედან ტყვედ 17 ჩავარდა. იგი წერს რომ ზოგი ვერსიით 6 000 ზოგით კი 4040 ჩავარდა ტყვედ. რომაელებმა კი 30 გემი დაკარგეს და 50 დაუზიანდათ.

კართაგენული დანაკარგების რაოდენობა პოლიბიუსთან, რომელიც რომაულ ცნობებზე დაყრდნობით წერდა და დიოდორეს, რომელიც კართაგენული ცნობებით სარგებლობდა, თითქმის ერთნაერი აქვთ, თუმცა კართაგენელებმა არ იცოდნენ რამდენი გემი ჩაიძირა და რამდენი ტყვედ ჩავარდა. ამიტომ პოლიბიუსის ცნობები უფრო სანდოა[3]. სავარაუდოდ, ევთროპიუსი სატვირთო გემებსაც თვლიდა დანაკარგებში.

ამ ბრძოლაში კართაგენული ფლოტის დამარცხებამ მოუჭრა სიცოცლის გზა ჰამილკარს, რომელსაც კართაგენულმა უხუცესთა საბჭომ განუსაზღვრელი ძალაუფლება მისცა, და იგი იძულებული გახდა რომაელებთან ზავი დაედო, რომლითაც დასრულდა 24 წლიანი პუნიკური ომი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. პოლიბიუსის თანახმად დარჩენილმა ფლოტმა კუნძულ გიერას შეაფარა თავი, ხოლო ზონარას თანახმად, გემები კართაგენში დაბრუნდნენ, სადაც ჰანო ჯვარს აცვეს.
  2. ოროზიუსთან 14 000
  3. პოლიბიუსი = 50+70, დიოდორე 110.