დაგლას ბეიდერი

(გადამისამართდა გვერდიდან დუგლას ბეიდერი)

დაგლას რობერტ სტიუარტ ბეიდერი (1910–1982) — მეორე მსოფლიო ომის გმირი.

Douglas Bader, 1940

ადრეული წლები რედაქტირება

დაგლასი დაიბადა ლონდონში 1910 წელს. ბიძამისი სირილ ბერჯი პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის სამეფო–საჰაერო კორპუსის პილოტი იყო, ამიტომ არავინ გაოცებულა, როდესაც ახალგაზრდა ბეიდერი კრენუელის სამეფო–საჰაერო სკოლაში შევიდა. გულდასმით სწავლასთან ერთად კარგი სპორტსმენიც იყო — კრიკეტსა და რაგბიში სამხედრო–საჰაერო ძალების ნაკრებში თამაშობდა.

1930 წელს, სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, დაგლასი კენლის 23–ე ესკადრილიაში გაგზავნეს, სადაც ძალიან მალე უმაღლესი პილოტაჟის ოსტატის წოდება მოიპოვა. მას განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდა უმაღლესი საპილოტაჟო ფიგურა ,,კასრის" შესრულება, თანაც წარმოუდგენლად დაბალ 15 მეტრ სიმაღლეზე. მისი ეს მიღწევა დღესაც დაუძლეველია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ექსტრაკლასის პილოტებისათვის.

უბედური შემთხვევა რედაქტირება

ესკადრილიაში ჩარიცხვიდან ერთი წლის შემდეგ, სავარჯიშო ფრენისას ბეიდერის ბიპლანის ფრთა მიწას წამოედო. თვითმფრინავი მიწაზე დაენარცხა და ნამსხვრევებად იქცა. მფრინავი გადაარჩინეს, ექიმებს მისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ორივე ფეხის მოკვეთა მოუხდათ: ერთი მუხლზევით, მეორე ქვემოთ.

გამოჯანმრთელება რედაქტირება

ბეიდერი გამოჯანმრთელდა, მაგრამ როცა გაიგო, ინვალიდად იქცა, თავის მოკვლა სცადა. ამ შემთხვევამ სამეფო სამხედრო–საჰაერო ძალების ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყრო და უფროსობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – ბეიდერს ნება დართეს სამეფო ავიაციის შემადგენლობაში დარჩენილიყო, თუმცა მხოლოდ ხმელეთზე სამუშაოებისათვის.

ექიმებმა მისთვის პროთეზები დაამზადეს და დაგლასმა თავიდან ისწავლა სიარული. ნახევარი წლის შემდეგ იგი უკვე მყარად იდგა "ახალ" ფეხებზე და სწავლობდა ავტომანქანის მართვას,მეუღლესთან – ტელმასთან ცეკვას და თვითმფრინავის მართვას.

1932 წელს ბეიდერმა გადაწყვიტა, რა თქმა უნდა, არაოფიციალურად – ბიპლანით საკონტროლო გაფრენა შეესრულებინა. მისი მეგობარი, რომელიც უკანა კაბინაში იჯდა, თვალს ადევნებდა ბეიდერს აფრენიდან დაჯდომამდე. ამ შემთხვევიდან ცოტა ხნის შემდეგ გმირმა მფრინავმა ოფიციალური პირებისაგან მისი ფრენის ტექნიკის შემოწმობა მოითხოვა. გამოცდამ ბრწყინვალედ ჩაიარა და ბეიდერი ისევ მოავლინეს პილოტაჟის ცენტრალურ სკოლაში, მომდევნო გაფრენაც წარმატებით დასრულდა, მაგრამ სამხედრო ექიმები კატეგორიულები იყვნენ: უფეხო არ შეიძლებოდა სამხედრო მფრინავი ყოფილიყო.