„დონ კიხოტი“ (ესპ. Don Quijote), სრული სახელია „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტი ლამანჩელი“ (ესპ. El ingenioso hidalgo don Quijote de la Mancha) — ესპანელი მწერლის მიგელ დე სერვანტესის რომანი. მიეკუთვნება ესპანური ლიტერატურის „ოქროს ხანას“. თავდაპირველად გამოიცა ორ წიგნად 1605 და 1615 წლებში. ითვლება ესპანური და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უბრწყინვალეს ნიმუშად. ნაწარმოების მნიშვნელობა კარგად ჩანს იმ ფაქტიდან, რომ ზოგიერთი მკვლევარის თანახმად, „დონ კიხოტი“ მსოფლიო ტირაჟით მხოლოდ ბიბლიას ჩამორჩება. თავდაპირველად, რომანი ჩაფიქრებული იყო, როგორც პაროდია შუა საუკუნეების სარაინდო რომანებზე, თუმცა საბოლოოდ ნაწარმოებში აისახა სერვანტესის პერიოდის ესპანეთის სრული სურათი, ყველა დადებითი, თუ უარყოფითი მხარით. დიდი ადგილი უჭირავს ასევე ზოგადსაკაცობრიო და საყოველთაო სიბრძნეს, რომელიც კონკრეტული ქვეყნით და საუკუნით ვერ შემოიფარგლება. „დონ კიხოტის“ ასეთი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მასში მსუბუქი იუმორისტული და ხშირად სატირული ფორმით არის გადმოცემული ღრმად ფილოსოფიური აზრები ცხოვრების შესახებ.

დონ კიხოტი
სრული სათაური მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტი ლამანჩელი
ჟანრი სატირა, ფილოსოფიური მოთხრობა
ავტორი მიგელ დე სერვანტესი
მშობლიური ენა ესპანური
გამოცემულია 1605 (I ნაწილი)
დონ კიხოტი და სანჩო პანსა, უკან ჩანს სერვანტესის ქანდაკება (მადრიდი)

სიუჟეტი რედაქტირება

 
დონ კიხოტი (გუსტავ დორე)

ნაწარმოების მთავარი გმირია ლამანჩელი აზნაური, ალონსო კეხანა, (იგივე „დონ კიხოტი“), რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება სარაინდო რომანების კითხვაში გაატარა და საბოლოოდ, როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, „სავსებით ჭკუანაღრძობმა ისეთი უცნაური საქმე განიზრახა, როგორიც ამქვეყნად არც ერთ გიჟს ფიქრადაც არ მოსვლოდა. სახელდობრ ის, რომ მეტად საჭიროდ მიაჩნდა, როგორც პირადი დიდების მოსახვეჭად, ისე კიდევ სამშობლოს სასარგებლოდაც, მოგზაური რაინდი გამხდარიყო, იარაღი აესხა, ცხენზე შემჯდარიყო, ქვეყნისქვეყნად ხიფათისა და ფათერაკების საძებნელად ეხეტიალა,-ერთი სიტყვით, ყოველივე ის გაეკეთებინა, რასაც ჩვეულებრივ სჩადიოდნენ რომანებში ამოკითხული მოგზაური რაინდები: დათრგუნული ჭეშმარიტება აღედგინა, არავითარ საფრთხესა და გაჭირვებას არ მორიდებოდა, დევნილთა და უპატრონოთ გამოსარჩლებოდა და ამით საუკუნო სახელი და დიდება დაემკვიდრებინა“.[1]

სულ ნაწარმოებში მოთხრობილია დონ კიხოტის სამი გამგზავრება. მესამე გამგზავრება აღწერილია „დონ კიხოტის“ მეორე ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნაწილი მთლიანობაში ერთ განუყოფელ ნაწარმოებს შეადგენს, ითვლება რომ მეორე ნაწილი უფრო ღრმა და ფილოსოფიურია. პირველი გამგზავრების დროს მომხდარი რამდენიმე „წარუმატებელი“ ფათერაკის შემდეგ რაინდი გადაწყვეტს გაითვალილწინოს შეცდომები და მეორედ უფრო მომზადებული გაემგზავროს: კერძოდ, დონ კიხოტი დაითანხმებს თანასოფლელ გულუბრყვილო გლეხს, სანჩო პანსას გახდეს მისი საჭურველმტვირთველი და სამაგიეროდ პირდება რომ მომავალში რომელიმე კუნძულის გუბერნატორად დანიშნავს, რომელსაც ბედი ხელში ჩაუგდებთ (ასეთი შემთხვევები ხშირად ხდებოდა მის მიერ წაკითხულ სარაინდო წიგნებში). მთელი ნაწარმოები დაყოფილია თავებად, რომლებიც ერთ რომელიმე კონკრეტულ ისტორიას, ანუ „ფათერაკს“ აღწერს, თუმცა ასევე შიგადაშიგ ჩართულია სხვა, მცირე ზომის მოთხრობები და ისტორიები, რომლებსაც დამოუკიდებელი სიუჟეტი გააჩნიათ.

პუბლიკაცია და პოპულარობა რედაქტირება

„დონ კიხოტის“ პირველი ნაწილი გამოქვეყნდა 1605 წელს და ძალიან სწრაფად დაიმსახურა საზოგადოების არნახული ყურადღება როგორც ესპანეთში, ისე მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში. ნაწარმოები მალევე ითარგმნა თითქმის ყველა ევროპულ ენაზე და დღემდე ინარჩუნებს ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო რომანის სტატუსს. რაც შეეხება სერვანტესის მიერ შექმნილ ლიტერატურულ სახეებს, მათი პოპულარობა ხანდახან თვით ავტორისასაც კი აჭარბებს: დედამიწაზე არ არსებობს მეტ ნაკლებად განათლებული ადამიანი, რომელმაც არ იცოდეს თავქარიანი კეთილი იდალგოსა და მისი ერთგული საჭურველმტვირთველის ფათერაკებით სავსე მოგზაურობების შესახებ. სერვანტესის პერსონაჟები საყოველთაო ეპითეტებადაც კი იქცნენ: ადამიანს, რომელსაც ახასიათებს დადებითი, მაგრამ ხშირად უტოპიური იდეალებისკენ სწრაფვა დღემდე „დონ კიხოტად“ მოიხსენიებენ. ასევე არსებობს ტერმინი დონკიხოტიზმი, რომელიც ზეიდეალურობის სინონიმად ითვლება. „დონ კიხოტმა“, როგორც ნაწარმოებმა გააჩინა მრავალი იდიომატური გამოთქმაც, მათ შორის ქართულ ენაშიც, მაგ.: „ქარის წისქვილებთან ბრძოლა“, რაც არარეალურ, გამოგონილ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლას ან ამის სურვილს ნიშნავს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „დონ კიხოტი“, თბილისი, ნაკადული, 1985 წ. ნაწილი I, გვ. 35
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: