ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „დოლისყანა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. დოლისყანა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

დოლისყანაშუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში. მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, მაღალი მთის ფერდობზე, თანამედროვე სოფელ ჰამამლიში (თურქ. Hamamlı). ძველად სოფელსაც დოლისყანა ერქვა. სამონასტრო კომპლექსიდან მხოლოდ მთავარი ტაძარია შემორჩენილი, დანარჩენი ნაგებობები კი უკვე XIX საუკუნისათვის მთლიანად იყო განადგურებული[1]. კარგადაა შემონახული ეკლესიის მთავარი, ჯვრული ნაწილი, რადგანაც აქ ბოლო დრომდე მეჩეთი (ჯამე) ფუნქციონირებდა[2].

დოლისყანა
დოლისყანა — თურქეთი
დოლისყანა
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°10′11″ ჩ. გ. 41°57′11″ ა. გ. / 41.16972° ჩ. გ. 41.95306° ა. გ. / 41.16972; 41.95306
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა ტაო-კლარჯეთი (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია)
მუნიციპალიტეტი ართვინი (პროვინცია)
ადგილმდებარეობა სოფელი ჰამამლი ქოი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ცენტრალურ-გუმბათოვანი
თარიღდება IX-X სს.

ისტორია

 
წარწერა სამხრეთის მკლავის სარკმელზე, სადაც იხსენიება სუმბატ მეფე
 
ტაძრის შიდა ინტერიერი. კედლები შეთეთრებულია ყოფილი მეჩეთის იატაკის დონიდან, ხოლო იატაკის ქვემოთ ძველი ნალესობაა დარჩენილი.

როგორც ირკვევა, დოლისყანა, როგორც დასახლებული პუნქტი, მონასტრის აშენებმადეც არსებობდა. სუმბატ დავითის ძის ცნობით, 826 წელს, იანვარში დოლისყანის ტერიტორიაზე იდგა აშოტ კურაპალატის ლაშქარი, როდესაც იგი მოულოდნელად მოკლეს მტრებმა[3]. მონასტერი აქ X საუკუნიდან დგას, თუმცა ზუსტი თარიღი დადგენილი არაა და მისი რამდენიმე ვერსია არსებობს.

დათარიღება

დოლისყანის მონასტრის დაარსებისა და აშენების ზუსტი თარიღი ცნობილი არაა. გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერს, რომ დოლისყანა კლარჯეთის სხვა მონასტრებთან შედარებით გვიან აშენდა[4], ე. ი. 830–840–იანი წლების შემდეგ. გარდა ამისა, მონასტერი აგებულია 951 წლამდე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების დაწერამდე. შესაბამისად, დოლისყანა 850–950 წლებს შორისაა დაარსებული[5]. არსებობს თარიღის უფრო ზუსტად დადგენის სხვა მცდელობებიც. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ტაძრის წარწერები, რომლებშიც ქტიტორად იხსენიება სუმბატ მეფე. წარწერებში მოხსენიებული სუმბატი დ. ბაქრაძემ[6] და ა. პავლინოვმა[7] ადარნასე კურაპალატის ძედ, სუმბატ I-ად მიიჩნიეს და ამის საფუძველზე მონასტრის მშენებლობაც მისი მოღვაწეობის ხანას – 954-958 წლებს მიაკუთვნეს. ეს დათარიღება ბოლო დრომდე საკამათო არ გამხდარა. ნაწილობრივ განსხვავებული აზრი გამოთქვა ნ. შოშიაშვილმა, რომელიც თვლის, რომ სამხრეთ–დასავლეთი სათავსოს აღმოსავლეთი კედლის წარწერაში დაკარგულ ფილაზე სუმბატთან ერთად მისი უფროსი ძმა – ბაგრატიც (937–945) მოიხსენიებოდა. წარწერის ამგვარი აღდგენის საფუძველზე ნ. შოშიაშვილმა დოლისყანის ტაძარი X საუკუნის I ნახევრით დაათარიღა[8]. ეს მოსაზრება გაიზიარა ვ. ჯობაძემაც. მან მიიჩნია, რომ ეკლესიის ძირითადი აღმშენებელი ბაგრატია, ხოლო სუმბატმა მხოლოდ აღადგინა ან განაახლა ძველი ტაძარი. ამ აზრის დამადასტურებელ არგუმენტად ვ. ჯობაძე მიიჩნევს რელიეფური გამოსახულებების სტილისტურ სხვაობასა და გუმბათის ყელისა და ძირითადი კორპუსის სხვადასხვაგვარ მოპირკეთებას[9]

XIX-XX საუკუნეები

XIX საუკუნემდე დოლისყანის შესახებ ინფორმაცია ნაკლებად მოიპოვება. 1888 წელს ა. პავლინოვმა ტაო–კლარჯეთში მოგზაურობისას ინახულა დოლისყანის მონასტერიც. აღმოჩნდა, რომ ამ დროს ტაძარი უკვე მეჩეთად იყო ქცეული, ხოლო სამონასტრო კომპლექსში შემავალი სხვა შენობა–ნაგებობები — დანგრეული[7]. როგორც ჩანს, მეჩეთს (ჯამეს) თავიდან მთელი შენობა ეკავა, რასაც სამხრეთის მკლავში იატაკის დონეზე გამოღებული მიჰრაბი ადასტურებს[10]. შემდეგ კი თურქებმა ხის ფიცრებითა და ბოძებით აგებული სპეციალური კონსტრუქციით მეჩეთის იატაკი ეკლესიის თავდაპირველი იატაკის დონიდან ხუთიოდე მეტრით მაღლა, პატრონიკეს დონეზე აწიეს. იატაკაწეულ მეჩეთში შესასვლელად გამოიყენებოდა ჩრდილოეთის მკლავის სარკმელი, რომელიც გადიდებულია სიგანეშიცა და ქვემოთკენაც[11]. ახალი იატაკის ზემოთ მთლიანად შეუთეთრებიათ ქართული მოხატულობა[10]. იატაკს ქვემოთ, პირველ სართულზე, ჯამეს ფუნქციონირების დროს საწყობი იყო განთავსებული. 1970-1980-იან შენობას სოფლის იმდროინდელი იმამი ილქერ დემირი უვლიდა. მისი ინიციატივით შეკეთდა სახურავი და დანგრეული სამხრეთ-დასავლეთ სათავსისაგან დარჩენილი აღმოსავლეთ კუთხე, რამაც ეკლესია შემდგომი ნგრევისაგან იხსნა. 1999 წელს ტაძარში მოქმედი მეჩეთი გააუქმეს[10].

არქიტექტურა

ეკლესიის არქიტექტურა მოწმობს, რომ იგი ტაო–კლარჯეთის ხელოვნების აყვავების უშუალოდ წინა პერიოდში არის აგებული. მასში თავს იჩენს ახალი დროის ხუროთმოძღვრული ელემენტები — გუმბათის დეკორატიული თაღნარი, სარკმლების თავზე არსებული პოლიქრომიული „მარაოები“, მოჩუქურთმებული თავსართები და სხვა. ამავე დროს, დოლისყანა ზოგი ნიშნით ჯერ კიდევ გარდამავალ პერიოდს მიეკუთვნება — დამჯდარი პროპორციები, განსაკუთრებით გუმბათის ყელისა, უხეშად დამუშავებული ქვები, მოუჩუქურთმებელი კარნიზები და სხვა[12].

გეგმა

 
დოლისყანის მთავარი ეკლესიის გეგმა
 
დოლისყანის ეკლესია. განივი ჭრილი, ხედი აღმოსავლეთისაკენ

დოლისყანის ეკლესია ცენტრალურ–გუმბათოვანი ნაგებობაა ძირითადი ჯვრული სივრცითა და ოთხივე კუთხეში დამატებითი სათავსებით. შენობის გეგმა წაგრძელებული მართკუთხედის ფორმისაა. ძირითად ჯვრულ ნაწილს ქმნის ცენტრალური კვადრატული ნაწილიდან გამომავალი ოთხი მკლავი, მათ შორის ერთი, აღმოსავლეთის მკლავი აფსიდურია, ხოლო დანარჩენი სამი — მართკუთხედის ფორმისაა. დასავლეთის მკლავში, რომელიც განივ მკლავებთან შედარებით დაახლოებით 3,5–ჯერ გრძელია, ჩაშენებულია პატრონიკე, რომელიც მთლიანად იყო გახსნილი ძირითადი სივრცისკენ. წინა კედლის კამარამდე ამოშენების შემდეგ პატრონიკე ცალკე დახურულ სათავსად იქცა და მისი დასავლეთი ნაწილი დასავლეთის მკლავს მოსწყდა[13].

ეკლესია]ს მთავარი შესასვლელი დასავლეთი მკლავის სამხრეთ კედელზე აქვს. კარამდე მისვლა შესაძლებელია სამხრეთ–დასავლეთი კუთხის სათავსის გავლით, რომლის წინა კედელიც სრულადაა დანგრეული. დავით ხოშტარია ფიქრობს, რომ ეს სათავსო სამხრეთიდან თაღებით იქნებოდა გახსნილი და სტოა–კარიბჭის სახე ექნებოდა. ტაძრის მეორე შესასვლელი სავარაუდოდ დასავლეთ მკლავის დასავლეთი კედლიდან უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს ეს ადგილი მიწითა და ნაყარი ქვებითაა სავსე[13].

ოთხივე მკლავში, მათ შორის საკურთხევლის აფსიდაშიც თითო დიდი სარკმელია, ხოლო გუმბათში — ოთხი. მკლავების სარკმლები შიგნითკენ ძლიერ ფართოვდება. მაგალითად, სამხრეთის მკლავის სარკმლის სიგანე ფასადზე 45 სმ–ია, ხოლო ინტერიერში — 150 სმ. ამ მხრივ განსხვავებულია გუმბათის ყელის სარკმლები. ისინი თითქმის პარალელურწირთხლებიანია. შედარებით პატარა სარკმლებია პასტოფორიუმთა აფსიდებშიც[13].

გუმბათქვეშა თაღები სადა პროფილის იმპოსტებს ეყრდნობა. მათ ქვემოთ კედლის კუთხეებზე პილასტრები არაა. დასავლეთის მკლავს შუაზე აქვს საბჯენი თაღი, რომელიც დღეს თურქების მიერ ჩაშენებულ კედელშია ჩამალული. ეს თაღი კედელზე შეკიდულ წაკვეთილ პილასტრებს ეყრდნობა. ამ პილასტრების კაპიტელები შედარებით რთული პროფილისაა[13].

გუმბათქვეშა კვადრატიდან უშუალოდ გუმბათის ყელზე გადასვლა შერეული აფრულ–ტრუმპული სისტემით ხდება. ცენტრალური კვადრატის ყველა კუთხეში აფრაა ამოყვანილი, რომელშიც შედარებით მომცრო ტრომპია ჩასმული. ტრომპებს ნახევარკონუსის ფორმები და ორსაფეხურიანი წინა თაღები აქვთ. მათ ზემოთ აფრული ნაწილები იწყება, რომლებიც გუმბათქვეშა თაღების ზემოთ ერთმანეთს ებმიან და ოთხნაწილიან წრიულ გვირგვინს ქმნიან. აფრებში დიდი ტრომპების ზემოთ, დაახლოებით 40 სმ–ით მაღლა კიდევ ორ–ორი პატარა ტრომპია. მიუხედავად აფრების წამყვანი როლისა, ტრომპებსაც აქვთ ფუნქცია შენარჩუნებული – ისინი კონსტრუქციულ დანიშნულებას ასრულებენ. ძირითადი ტრომპების თაღები იშლება სწორ ვერტიკალურ სიბრტყეში და წახნაგებს ქმნის, რომლებიც მათს შორისებზე ბევრად ვიწროა[13].

აფრა–ტრომპების ზემოთ, გუმბათის ყელის ძირში თაროსებრი შვერილი წრიული სარტყელია. მასზე დგას თორმეტწახნაგა გუმბათი, რომელსაც წახნაგების რაოდენობის შესაბამისად თორმეტმალიანი დეკორატიული თაღნარი გაუყვება. თაღები წახნაგთა მიჯნებზე აღმართულ მსუბუქ ნახევარსვეტებს ეყრდნობა[14].

სამშენებლო მასალა

დოლისყანა შერეული მასალითაა ნაგები. კედლების შიდა და გარე წყობას შეადგენს საშუალო ზომის უხეშად დამუშავებული ქვები, რომლებიც სწორ რიგებადაა დალაგებული, წინა მხრიდან მოსწორებულია, მაგრამ კუთხეები და წიბოები არაა გამოყვანილი; ქვებს შორის დარჩენილი ღრეჭოები კენჭებითა და კირითაა ამოვსებული[15].

კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები, თაღები, პილასტრები, ღიობები, კუთხეები სუფთად თლილი ქვებითაა გამოყვანილი. ასევე სუფთად გათლილი ქვიშაქვის კვადრატული ფორმის ფილებითაა მოპირკეთებული გუმბათის ყელის მთელი გარეთა მხარე. ეს ქვები მცირე ზომისაა — სიმაღლით 20–25 სმ და სიგანით 35–40 სმ[15].

გადახურვა სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა მასალითაა შესრულებული. ძირითად სივრცეში კამარები და გუმბათის ნახევარსფერო თლილი ქვისაა. დასავლეთის მკლავის კამარას ძირში აგურის ოთხი რიგი აქვს ჩაყოლებული, სამხრეთ–დასავლეთის სათავსში კი – აგურის ერთი რიგი. კამარები მთლიანად აგურისაგანაა ნაგები პასტოფორიუმებში, დასავლეთისა და ჩრდილო–დასავლეთის სათავსებში. აგურები სხვადასხვა ზომისაა, უფრო მეტად 5–6 სმ სისქის (არის უფრო თხელებიც, 3,5–4 სმ), 30–31 სმ სიგრძისა და 24–27 სმ სიგანისა. რამდენიმეგან, სადაც საპირე წყობაა ჩამოცვენილი, აგურები კედლებისა და კამარების გულშიც ჩანს, მათ ნატეხებს დუღაბში ურევდნენ[15].

დოლისყანის ეკლესიას კრამიტის სახურავი ჰქონდა. დღესდღეობით კრამიტი, ძირითადად, ჩამოცვენილია, თუმცა ბევრი ჯერ კიდევაა დარჩენილი. კრამიტები მოუჭიქავია და ორი სახისაა: ბრტყელი და ღარისებრი ფორმისა. ბრტყელი კრამიტები ერთმანეთს გვერდიგვერდ ეწყობა, ხოლო ღარისებრი მათს კიდეებს ეფარება. ბრტყელი კრამიტის ზომებია – 39 X 27 სმ[15].

ეკლესიის ზოგიერთ ნაწილს ეტყობა XX საუკუნის რემონტის კვალი, რომელიც ადგილობრივმა თურქებმა მეჩეთად გადაკეთების დროს ჩაატარეს. შეკეთებები და დამატებები ადვილად განირჩევა თავდაპირველი ნაგებობისაგან თავისი მშენებლობის ხარისხით. უხეშადაა განახლებული აღმოსავლეთი ფასადის ზედა მარცხენა მონაკვეთი. პატრონიკეს პირზე ამოყვანილია თხელი, 55 სმ სისქის კედელი ორი მართკუთხა ფანჯრითა და მათ შუა კარით. სავარაუდოდ ჯამეში (მეჩეთში) თავდაპირველად ამ კარით შედიოდნენ, მოგვიანებით კი, პატრონიკეს იატაკის ჩანგრევის შემდეგ, იგი ძნელადმისადგომი გახდა და ჩრდილოეთის მხრიდან ახალი კარი გაჭრეს[16]

ფასადის მორთულობა და წარწერები

 
სამხრეთი მკლავის სარკმელი მთავარანგელოზთა გამოსახულებებითა და წარწერებით. მთავარი წარწერის (სუმბატ მეფის შესახებ) დეტალური ფოტო იხილეთ ზემოთ, ისტორიის სექციაში
 
ნახევარწრიული თავსართი მცენარეული ორნამენტებით სამხრეთ–დასავლეთ სათავსში არსებული კარის მაღლა

დოლისყანის ეკლესიის ფასადზე ძირითადი მორთულობა სარკმლების ირგვლივაა თავმოყრილი. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთი მკლავის სარკმელი. უშუალოდ სარკმლის ღიობის ზემოთ თანაბარი ზომის ლამაზი ასომთავრული ასოებით გაკეთებულია წარწერა[17][18][19]:

(რისტ)ე ადიდე მეფჱ ჩ(უე)ნი ს(უმ)(ა)ტ მზ(ე)გრძ(ელო)(ი)

წარწერის ზემოთ რადიალურადაა განლაგებული 11 ტრაპეციის ფორმის ქვა, რომლებიც მორიგეობით წითელი და ყვითელი ფერისაა. ყვითელი ქვის ბუნებრივი ფერია, ხოლო წითელი მიღებულია დაფერვით და ამიტომ ბევრგან გადასულია. ამ ქვების ზემოთ დიდი რელიეფური თავსართი აქვს შემოვლებული, რომელიც მთლიანად ჩუქურთმითაა დაფარული. თავსართზე სავარაუდოდ ჯვარი იყო აღმართული. დღეს მისი მხოლოდ ქვედა მკლავის ფრაგმენტია შემორჩენილი, დანარჩენი კი მოტეხილია[20]. სარკმლის ორივე მხარეს მთავარანგელოზთა რელიეფური გამოსახულებებია. ორივე გამოსახულებას ახლავს შესაბამისი წარწერაც (მარცხნივ და მარჯვნივ)[21][22][23]:

(მიდა)ჲ მ(ი)(აე)

და

(მიდა)ჲ გ(ა)ბრ(იე)

გაბრიელ მთავარანგელოზის რელიეფის წინ გამოსახულია მედალიონში ჩაწერილი ნახევარფიგურა, თუმცა მისი სახე ძალიან დაზიანებულია. მედალიონის ქვეშ არის წარწერა[21][22][24]:

(ეი)ქმნ(ა) (ე)(ე) (ე)
(ი)თა გ(ა)ბრ(იე)
(ია)(ო)
(ი)(ა)
თა

სამხრეთის სარკმლის მსგავსი პრინციპითაა აგებული აღმოსავლეთის სარკმლის გაფორმებაც, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო სადაა. თავსართს არ აქვს არც ჩუქურთმა, არც რელიეფური გამოსახულებები და არც წარწერები. "მარაო" აქაც თერთმეტი ქვისგანაა შედგენილი, ანალოგიური განლაგებით (ფოტო იხილეთ გალერეაში)[25].

განსხვავებულია ჩრდილოეთი სარკმლის მორთულობა. ღიობისაგან მხოლოდ თაღოვანი დაბოლოებაა შემორჩენილი, რომელსაც პატარა თავსართი აქვს შემორჩენილი. მის ზემოთ ქვიშაქვის დიდი ფილაა ჯვრის გამოსახულებით. ჯვრის მკლავები ბოლოსკენაა გაფართოებული და უხვადაა მორთული. ფილას მსხვილი ლილვური ჩარჩო აქვს, რომელიც მის თავზე ერთგვარ ფრონტონს ქმნის[25].

სამხრეთი მკლავის სამხრეთი ფასადის ერთ–ერთ დიდ ქვაზე ამოკვეთილია მზის საათი. საათი შედგება ნახევარწრედ განლაგებული ასოებისაგან, რომლებიც ერთიდან თორმეტამდე რიცხვებს აღნიშნავენ. ცენტრიდან ასოებისაკენ ბოლოში მომრგვალებული სხივები მიემართება[25].

გუმბათის ყელი, ძირითადი ნაგებობისაგან განსხვავებით, მთლიანად თლილი ქვითაა მოპირკეთებული. იგი თორმეტწახნაგაა და თორმეტმალიანი თაღნარი აქვს შემოვლებული. თაღები შეწყვილებულ მსუბუქ ნახევარსვეტებს ეყრდნობა, რომელთაც სხვადასხვაგვარად გაფორმებული კაპიტელები აქვთ. ორი მათგანის აბაკებზე წარწერის ფრაგმენტებია შემორჩენილი: „ად...“ და „გყა...[26]. გუმბათის ყელის ძირში სადა პროფილის წრიული სარტყელია. ზემოდან ყელს ორი თაროს პროფილის კარნიზი ასრულებს. გუმბათის ნახევარსფეროს დაბალი, კონუსური სახურავი აქვს. ყელის სამხრეთ–აღმოსავლეთ წახნაგში ჩადგმულია ფილა სუმბატ მეფის რელიეფური გამოსახულებითა და წარწერით[21][27][28]:

(რისტ)ე ად(ი)(ე)ნ მეფე ჩ(უე)ნი ს(უმ)(ა)
 
სამხრეთ–დასავლეთ სათავსში არსებული მაცხოვრის რელიეფური გამოსახულება წარწერითურთ. ფოტოზე ჩანს ქვედა მარცხენა მხარეს დაკარგული ფილაც

სამხრეთ–დასავლეთ სათავსიდან ეკლესიაში შემავალ კარს ქვის დიდი არქიტრავი აქვს, რომელზეც კონსოლებზე მდგარი ნახევარწრიული ფორმის თავსართია გამოყვანილი. თავსართს გაუყვება მცენარეული ორნამენტი. მომცრო აფსიდა, რომელიც სამხრეთ–დასავლეთ სათავსის აღმოსავლეთ ნაწილშია, ეკლესიის თანადროული არაა და სავარაუდოდ XI საუკუნეში უნდა იყოს დამატებული. იგი მთლიანად თლილი ქვითაა მოპირკეთებული და აქვს სხვადასხვა კონფიგურაციის შვიდი ქვით გამოყვანილი კონქი. როგორც ჩანს, მისი წყობა ზემოთ და მარცხნივ აფსიდის გამოღებისას დაზიანდა. აღდგენილია თავისივე ქვებით. განახლებულ წყობასა და აფსიდში ჩასმულია რელიეფები, რომლებიც თავიდან სხვაგან უნდა ყოფილიყო. ერთ–ერთ მათგანზე, რომელზეც სავარაუდოდ წმინდა სტეფანეა გამოსახული, არის წარწერა[29][30][31]:

(მიდა)
სტე
ფან
ე შ
(ეიწყალ)
(ო)

(უა)რი გ(ა)(რიე)

ამ წარწერაში ნახსენები გაბრიელ მოძღვარი და და გაბრიელ დიაკონი (ან დეკანოზი), რომელიც სამხრეთის კედლის წარწერაშია მოხსენიებული, ერთი და იგივე პიროვნება უნდა იყოს. პირველი წარწერის (იხილეთ ზემოთ) მიხედვით, მას უნდა შეექმნა სამრეთის სარკმლის რელიეფური ქანდაკებები, თუმცა არაა გამორიცხული, მას სხვა წვლილიც ჰქონდეს ტაძრის მშენებლობაში[32]

მეორე რელიეფი, რომელიც სამხრეთ–დასავლეთ სათავსშია, არის მაცხოვრის ფიგურა მედალიონში. აქვეა წარწერაც[33][34][35]:

(ეს)უ ქ(რისტ)
(მიდა)ჲ ესე ეკლესი(ა)ჲ წ(ინაშ)ე დღესა
.......მეფეთა ჩ(უე)ნთა
.......(რისტ)ე შ(ეიწყალ)

ეს წარწერა ნაკლულია. დაკარგულია ქვედა მარცხენა ფილა (იხილეთ სურათი მარცხნივ).

ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია ნაკაწრი წარწერებიც.

ფრესკები

 
საკურთხეველში, სარკმლის მარჯვნივ შემორჩენილი ფრესკის ფრაგმენტი

დოლისყანის ეკლესია მოხატული იყო, თუმცა ამჟამად მხოლოდ მეტ–ნაკლებად დაზიანებული ექვსი ფიგურაა შემორჩენილი საკურთხევლის ქვედა რეგისტრში, სარკმლის მარჯვნივ. ფრესკასთან არსებული წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ მარცხნიდან მეორე წმინდა ილარიონია, ხოლო მესამე — გრიგოლ საკვირველთმოქმედი. დანარჩენების ვინაობა გაურკვეველია. შემორჩენილია ასევე განკითხვის დღის ფრესკის ფრაგმენტები სამხრეთის კარის ტიმპანში. 1964–1967 წლებში ნ. და ჟ.მ. ტიერის ბევრად უკეთეს მდგომარეობაში დახვდათ. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო შეთეთრებული საკურთხევლის შუა ნაწილში არსებული მოციქულთა ფიგურები და და ზედა ნაწილში — მაცხოვრის დიდი ფიგურა. ჩანდა ასევე დიდი ფრაგმენტები გუმბათის ყელსა და გუმბათში (წინასწარმეტყველები, მაცხოვრის ამაღლების კომპოზიცია)[36]. ნ. ტიერი საკურთხევლისა და გუმბათის ნახევარსფეროს მხატვრობას XI-XII საუკუნეების მიჯნით ათარიღებს, გუმბათის ყელისას — XII-XIII სს., სამხრეთის კარის ტიმპანისას კი — XIII საუკუნის I ნახევრით[37]. ვ. ჯობაძე კი პალეოგრაფიული მონაცემების საფუძველზე მიიჩნევს, რომ დოლისყანის მხატვრობა მთლიანად XIII საუკუნისა უნდა იყოს[38].

სამხრეთ მკლავის დასავლეთ კედელსა და დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედელზე ბევრია ბათქაშზე ნაკაწრები და საღებავით დატანილი წარწერები, სავარაუდოდ XIV-XV საუკუნეებისა. მათი ნაწილი გამოქვეყნებული აქვს ზ. სხირტლაძეს[39]. რამდენიმე ამგვარი წარწერა მთავარანგელოზებისადმი მიმართვით იწყება. ეს გარემოება და ასევე ტაძრის ფასადზე არსებული მთავარანგელოზთა რელიეფური გამოსახულებები დავით ხოშტარიას აზრით მიანიშნებს იმაზე, რომ ტაძარი მთავარანგელოზთა სახელობისა იყო[36]; ჟ. მ. ტიერი დოლისყანას წმინდა სტეფანეს სახელზე აგებულ ეკლესიად მიიჩნევდა.[40]

საინტერესო ცნობები

 
დოლისყანა ერთ–ერთია ოთხი ქართული ტაძრიდან, სადაც არაბული ფრესკული წარწერებია

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

  • დავით ხოშტარია, "კლარჯეთის ეკლესიები დამონასტრები", თბილისი, 2005
  • ნ. შოშიაშვილი, ლაპიდარული წარწერები I, აღმოსავლეთ დასამხრეთ საქართველო (V-X სს), თბილისი, 1980
  • ვბერიძე, ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ., 1974
  • ზ. სხირტლაძე, უცნობი ეპიგრაფიკული მასალები საქართველოს სამხრეთი ისტორიული პროვინციებიდან, მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, N2, 1993
  • პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე.-თბ., 1954. -გვ. 358.-360.
  • ალ.გუგუნავა, მოგზაურობა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში.-თბ., 1996.-გვ. 11-12.
  • შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ., 1981.-გვ. 170-174.
  • ვ. ჯობაძე, ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში.-თბ., 2007.-გვ. 74-89.

სქოლიო

  1. დავით ხოშტარია, "კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები", თბილისი, 2005, გვ. 111
  2. А. Павлинов, Экспедиция на Кавказ, გვ. 68
  3. 3.0 3.1 ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 377
  4. გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, გვ. 275
  5. დავით ხოშტარია, "კლარჯეთის ეკლესიები დამონასტრები", თბილისი, 2005, გვ. 111
  6. А. Бакрадзе, Об археологической поездке совершенной в 1879 году по поручению Академии Наук в Чорохский бассеин, Батум, Артвин иАртанудж, Записки Императорской Академии Наук, т. 37, кн. 1; С.–Петербург, 1880, გვ. 79
  7. 7.0 7.1 А. Павлинов, Экспедиция на Кавказ 1888 года, გვ. 68
  8. ლაპიდარული წარწერები I, გვ. 290.
  9. W. Djobadze, Monasteries, გვ. 65–67
  10. 10.0 10.1 10.2 ისტორიულ–არქიტექტურული აღწერა, საქართველოს ძეგლები.[მკვდარი ბმული]
  11. დავით ხოშტარია, "კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები", თბილისი, 2005, გვ. 112
  12. დავით ხოშტარია, "კლარჯეთის ეკლესიები დამონასტრები", თბილისი, 2005, გვ. 122–123
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 დავით ხოშტარია, "კლარჯეთის ეკლესიები დამონასტრები", თბილისი, 2005, გვ. 113–114
  14. დავით ხოშტარია, "კლარჯეთის ეკლესიები დამონასტრები", თბილისი, 2005, გვ. 118
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 დავით ხოშტარია, "კლარჯეთის ეკლესიები დამონასტრები", თბილისი, 2005, გვ. 112
  16. დავით ხოშტარია, "კლარჯეთის ეკლესიები დამონასტრები", თბილისი, 2005, გვ. 113
  17. Н. Марр, Дневник, გვ. 185, ტაბ. 61.
  18. ნ. შოშიაშვილი, ლაპიდარული წარწერები I, აღმოსავლეთ დასამხრეთ საქართველო (V-X სს), თბილისი, 1980, გვ. 291 (N 163)
  19. W. Djobadze, Monasteries, სურ. 15, ტაბ. 81, 83.
  20. დავით ხოშტარია, "კლარჯეთის ეკლესიები დამონასტრები", თბილისი, 2005, გვ. 118
  21. 21.0 21.1 21.2 Н. Марр, Дневник, გვ. 184
  22. 22.0 22.1 ნ. შოშიაშვილი, ლაპიდარული წარწერები I, თბილისი, 1980, გვ. 291–292 (N 164)
  23. W. Djobadze, Monasteries, სურ. 16–17, ტაბ. 84–85.
  24. W. Djobadze, Monasteries, სურ. 18, ტაბ. 85.
  25. 25.0 25.1 25.2 დავით ხოშტარია, "კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები", თბილისი, 2005, გვ. 121
  26. W. Djobadze, Monasteries, გვ. 61, სურ. 21–22, ტაბ. 79–80.
  27. ნ. შოშიაშვილი, ლაპიდარული წარწერები I, თბილისი, 1980, გვ. 290 (N 162)
  28. W. Djobadze, Monasteries, სურ. 14, ტაბ. 82.
  29. Н. Марр, Дневник, გვ. 185
  30. ნ. შოშიაშვილი, ლაპიდარული წარწერები I, თბილისი, 1980, გვ. 292–293 (N 165)
  31. W. Djobadze, Monasteries, სურ. 19, ტაბ. 86.
  32. W. Djobadze, Monasteries, გვ. 64–66.
  33. Н. Марр, Дневник, გვ. 186
  34. ნ. შოშიაშვილი, ლაპიდარული წარწერები I, თბილისი, 1980, გვ. 293–294 (N 166)
  35. W. Djobadze, Monasteries, სურ. 20, ტაბ. 87.
  36. 36.0 36.1 დავით ხოშტარია, "კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები", თბილისი, 2005, გვ. 124
  37. N. Thierry, Peintures georgiennes en Turquie, Bedi karthlisa: Revue de kartvelologie, vol. XLII, 1984, გვ. 135–141, სურ. 3–10
  38. W. Djobadze, Monasteries, გვ. 58
  39. ზ. სხირტლაძე, უცნობი ეპიგრაფიკული მასალები საქართველოს სამხრეთი ისტორიული პროვინციებიდან, მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, N2, 1993, გვ. 90–102
  40. J. M. Thierry, Topographie et état actuel, გვ. 140
  41. W. Allen and P. Muratoff, Caucasian Battlefields: A History of the Wars on the Turco-Caucasian Border, 1828-1921, Cambridge University Press, 1953, გვ. 213
  42. ნანა ალექსიძე, არაბული წარწერები XVII საუკუნის ქართული კედლის მხატვრობის ძეგლებში, ძეგლის მეგობარი, 4, 1988 წ. გვ. 30-36