დისკურსული ანალიზი

დისკურსული ანალიზი (ინგლ. Discourse analysis, DA) — თვისებრივი კვლევის მეთოდია, რომელიც შეისწავლის წერილობით და ზეპირ ტექსტებს მათი სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით. კონტექსტში კი დისკურსის სოციალური, პოლიტიკური, კულტურული და ისტორიული ფონი იგულისხმება, რომელიც სხვადასხვა ენობრივი საშუალებებით გადმოცემული მნიშვნელობის გასაგებადაა აუცილებელი. დისკურსული ანალიზი კომპლექსურ ლინგვისტურ ანალიზის ფორმაა, რომელმაც შეიძლება მრავალი ასპექტი მოიცვას, მაგალითად, ფსიქოლოგიური (კოგნიტური, კულტურულ-ისტორიული, სოციოკულტურული და ა.შ.), ლინგვისტური (გრამატიკული, ტექსტობრივი, სტილისტიკური და ა.შ.), სემიოტიკური (სემანტიკა, სინტაქტიკა, პრაგმატიკა და ა.შ.), ფილოსოფიური (პოსტ-სტრუქტურალური, დეკონსტრუქციული და ა.შ.) და ლოგიკური (არგუმენტაციული, რიტორიკული და ა.შ.).

დისკურსული ანალიზის გამოყენების სფერო რედაქტირება

დისკურსული ანალიზით კვლევა მრავალ სხვადასხვა სფეროში გამოიყენება. შესაძლებელია მაგალითად, პოლიტიკური, მედიის, სამედიცინო, გენდერული, სოციოლოგიური და სხვა ტიპის დისკურსების კვლევა.


რა განსხვავებაა დისკურსულ ანალიზსა და გრამატიკულ ანალიზს შორის? რედაქტირება

განსხვავებით გრამატიკული ანალიზისგან, რომელიც წინადადებების სტრუქტურას შეისწავლის, დისკურსული ანალიზი ადამიანების მიერ ენის გამოყენებას იკვლევს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ გრამატიკოსები თვითონ ქმნიან იმ მაგალითებს, რომლებსაც აანალიზებენ, დისკურსული ანალიზი კი რეალურ წერლიობით და ზეპირ ტექსტებს სწავლობს, რათა ენის აქტუალური გამოყენება გამოიკვლიოს. გრამატიკოსებმა, შესაძლოა, ტექსტები მხოლოდ ცალკეული ელემენტების, მაგალითად, დარწმუნების თეორიის ნიმუშების ამოსაკრებად შეისწავლონ, მაგრამ ტექსტის კულტურულ და სოციალურ კონტექსტს მხოლოდ დისკურსული ანალიზი ითვალისწინებს.

დისკურსული ანალიზის კვლევის მეთოდები რედაქტირება

დისკურსული ანალიზი, რომელიც ხშირად ლინგვისტიკის დარგად მიიჩნევა, რეალურად ინტერდისციპლინური საკვლევი სფეროა. 1960-იან წლებში დისკურსის ანალიზი ლინგვისტური წერილობითი და ზეპირი ტექსტების, რომლებიც მოცულობით აუცილებლად ერთ წინადადებაზე მეტი უნდა ყოფილიყო, ანალიზად მიიჩნეოდა. მკვლევარები დისკურსული ანალიზით ამ ტექსტებში გამოყენებულ ენას იკვლევდნენ და მოცემულ სოციალურ კონტექსტში ენის გამოყენებას აკვირდებოდნენ. ამ თავდაპირველი განმარტების მიხედვით დისკურსული ანალიზი ლინგვისტურ ანალიზად მიიჩნეოდა, რომლის საკვლევი სფერო იყო „ენა, როგორც ტექსტი“. ის ეყრდნობოდა ისეთ ტექტსის ანალიტიკოსებს, როგორებიც იყვნენ ვლადიმერ პროპი (1958) და რომან იაკობსონი (1937). თანამედროვე გაგებით კი დისკურსული ანალიზის საკვლევი სფეროა „გამოყენებული ენა“ და ის კვლევისას მრავალ სხვადასხვა დისციპლინას ეყრდნობა, მათ შორის, სოციოლოგიას, ფსიქოლოგიას, სემიოტიკას, კომუნიკაციის კვლევებს, რიტორიკას და ისეთ დისციპლინებსაც კი როგორებიცაა ბიზნესი, მარკეტინგი, სამართალი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და სხვა. დისკურსული ანალიზი ჩამოყალიბდა, როგორც მულტიდსციპლინური კვლევის ხერხი, რომელიც ენის გამოყენებას სხვადასხვა ინსტიტუციურ, აკდემიურ და პროფესიონალურ დაწესებულებებში იკვლევს.

დისკურსის ანალიზის მთავარი საკვლევი სფეროს შეცვლა და „გამოყენებულ ენაზე“ ფოკუსირება მე-20 საუკუნეში ფილოსოფიის, ანთროპოლგიის, სოციოლოგიის და ლინგვისტიკის დარგების განვითარებამ გამოიწვია. ისეთი მკვლევარები, როგორებიც იყვნენ მიშელ ფუკო და ჟაკ დერიდა ენის განსაკუთრებით კი დისკურსის კვლევისას სოციალური პრაქტიკის ფსიქოლოგიური თეორიის გათვალისწინებას აუცილებლად მიიჩნევდნენ. მას შემდეგ, რაც ლინგვისტებს შორის ფართოდ გავრცელდა ცნება „ენა, როგორც სოციალური პრაქტიკა“, სოციალური მეცნიერების დარგებმა, განსაკურებით კი სოციალური პრაქტიკის დარგებმა, მათ კვლევებში ენის ცენტრალური მნიშვნელობა აღიარეს. მაიკლ ჰალიდეიმ განაცხადა, რომ „ენა არის ისეთი როგორიც არის მისი სოციალურ სტრუქტურაში ხმარების გამო“ და სოციოლინგვისტიკის ჩამოყალიბების მომხრედ გამოვიდა. ჰალიდეის სისტემურმა ფუნქციურმა გრამატიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბევრი თანამედროვე დისკურსული ანალიზის სკოლის ჩამოყალიბებაზე, მათ შორის, კრიტიკული დისკურსული ანალიზის და მულტიმოდალური დისკურსის ანალიზის სკოლების.


მიშელ ფუკოს დისკურსული ანალიზის თეორია რედაქტირება

მიშელ ფუკოს განმარტებით „დისკურსი“ ისტორიულად პირობითი სოციალური სისტემაა, რომელიც წარმოქმნის ცოდნასა და მნიშვნელობას. ამასთანავე, სხვადასხვა დისკურსის წარმოქმნა სოციალურ წყობაში არსებული ძალაუფლების ურთიერთობების გავლენით ხდება.

თავდაპირველად მიშელ ფუკოს საკვლევი ინტერესის სფეროს „სისტემების ანალიზი“, მათ შორის, ჯანმრთელობის სისტემების, სექსუალობის და მმართველობის სისტემების კვლევა წარმოადგენდა. თუმცა 1960-1970-იან წლებში ევროპაში მიმდინარე სოციო-პოლიტიკურმა ცვლილებებმა მისი ფილოსოფიური და ფსიქოლოგური ანალიზის მიმართ ინტერესი ისტორიული ანალიზის მიმართ ინტერესით შეიცვალა. ის დაინტერესდა ცოდნისა და დისკურსის ჩამოყალიბების ანალიზით, რასაც ახლა ფუკოს „არქეოლოგიური ანალიზის“ სახელით მოიხსენიებენ. ასეთი ტიპის ანალიზი ისტორიაზე დაყრდნობთ სხვადახვა გამონათქვამებს შორის კავშირებს, ამ სისტემების დაჯგუფების გზებს და სისტემების წარმოქმნის პირობებს იკლვევს. არქეოლოგიური ანალიზი არ იკვლევს იმას თუ რა მოხდა წარსულში, არამედ აკვირდება იმ დისკურსულ პირობებს, რომლებშიც ეს მოვლენები ხდება. 1960-იანი წლების შემდეგ ფუკომ ენისა და დისკურსის ანალიზი ძალაუფლების ურთიერთობებზე („ძალაუფლება/ცოდნა“) დაკვირვებით და მათ ინდივიდზე ან საზოგადოებაზე გავლენის შესწავლით დაიწყო. ფუკო ამბობდა, რომ ძალუფლება ყველგანაა. განსხვავებით ძალაუფლების ტრადიციული გაგებისგან, რომელიც ძალაუფლებას განსაზღვრავდა იმ იარაღად, რომელსაც ადამიანები სხვა ინდივიდებთან დაპირისპირების ან მათი კონტროლის მიზნით იყენებდნენ, ფუკოსთვის ძალაუფლებას მოძრავი, წრიული ხასიათი აქვს და ადამიანების ურთიერთოებებით ყალიბდება. ის ასევე ამბობს, რომ ძალაუფლება განსაზღვრავს იმას თუ როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავებს და სხვა ინდივიდებს საზოგადოებაში. ძალაუფლება წარმოქმნის „დისკურსულ პრაქტიკებს“ ან „დისკურსულ ცოდნას“, რომელთა მიხედვითაც უნდა იმოქმედონ ადამიანებმა საზოგადოდ ჩამოყალიბებული წესების მიხედვით.

ფუკოს დისკურსული ანალიზის თეორია ძალაუფლებაზე დაკვირვებით იკვლევს თუ როგორ ყალიბდება სოციალური სამყარო მოცემულ დისკურსში. ეს თეორია დღესაც აქტიურად გამოიყენება სხვადსხვა პოლიტიკურ კვლევებში.


კრიტიკული დისკურსული ანალიზი რედაქტირება

კრიტიკული დისკურსული ანალიზი (ინგლ. Critical Discourse Analysis — CDA) ინტერდისციპლინური კვლევის მეთოდია, რომელიც ენას მრავალი სხვადასხვა თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომით იკვლევს. კრიტიკული დისკურსული ანალიზის მკვლევარები ენას, როგორც სოციალურ პრაქტიკას ისე აღიქვამენ და დისკურსში დაფარულ ძალაუფლების ურთიერთობებს და იდეოლოგიებს იკვლევენ. ისინი იზიარებენ ფუკოს დისკურსის თეორიას და თვლიან, რომ დისკურსი სოციალურად სტრუქტურირებული და სოციალურად განსაზღვრულია.

კრიტიკული დისკურსული ანალიზი მონაცემების კრიტიკული პოზიციიდან გაანალიზებით ლინგვისტურ და ფსიქოსოციალურ ანალიზებზე ერთი ნაბიჯით წინ დგას. კრიტიკული დისკურსული ანალიზი დომინანტურ და მასზე დაქვემდებარებულ დისკურსებს იკვლევს და აკვირდება სოციალური აქტორების მიერ გამოყენებულ წინააღმდეგობისა და მისაკუთრების ცნებებს. ამ მეთოდით დისკურსული ანალიზი აკვირდება თუ როგორ ადგენს სხვადასხვა დისკურსი სოციალურ ფენომენებს. კრიტიკული დისკურსული ანალიზისას მკვლევარები სვამენ შემდეგ კითხვებს:

  • თუ ჩვენი მეტყველება სოციალური დისკურსითაა განპირობებული, მაშინ რა განსაზღვრავს თვითონ დისკურსს?
  • რომელი წესები და იდეოლოგიები გვკარნახობენ იმას თუ როგორ ჩავერთოთ დისკურსში — ანუ როგორ ვისაუბროთ, მოვიქცეთ და ვიურთიერთოთ?
  • თუ დისკურსი რაიმე მოვლენის კონკრეტულ აღქმას გვიყალიბებს, მაშინ ვინ არის ის ვინც ამ ხედვას აყალიბებს?

კრიტიკული დისკურსული ანალიზი ხაზს უსვამს იმას, რომ იდეები, ფაქტები და ცოდნა არაა უცვლელი და დისკურსის ცვლილებასთან ერთად ისინიც ცვალებადია.


მულტიმოდალური კრიტიკული დისკურსული ანალიზი რედაქტირება

მულტიმოდალური კრიტიკული დისკურსის ანალიზი (ინგლ. Multimodal Critical Discourse Analysis — MCDA) დისკურსის ანალიზის თეორიაა, რომელიც დისკურსში ენის გარდა სხვადასხვა სემიოტიკურ ნიშნებს სურათებს, დიაგრამებს, გრაფიკებს იკვლევს. ის გამოიყენება მრავალი სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, ბეჭდური მედიისა და ელექტრონული მედიის დისკურსების კვლევისას. მულტიმოდალური კრიტიკული ანალიზი სემიოტიკურ ნიშნებზე დაკვირვებით დისკურსის მნიშვნელობას იკვლევს. ამ ანალიზური მეთოდის ფუძემდებლები არიან ისეთი მკვლევარები, როგორებიც არიან განთერ კრესი და თეოდორ ვან ლიუვენი, ბობ ჰოდჯი, კეი ო'ჰალორანი, მაიკლ ბალდრი და პოლ თიბაულთი. ამ თეორიტიკოსებმა დაიწყეს იმის კვლევა, თუ როგორ აყალიბებენ მნიშვნელობას ენა, სურათები და კომუნკიაციის სხვა საშუალებები ერთობლივად. მათი აზრით, მაიკლ ჰალიდეის სისტემატურ ფუნქციურ თეორიაში შემოთავაზებული ლინგვისტური ანალიზის პრინციპები, რომლებიც კრიტიკულ დისკურულ ანალიზს დაედო სათავედ, სავსებით შესაძლებელია, რომ გამოყენებულ იყოს ვიზუალური კომუნიკაციის საშუალებებთან მიმართებაშიც.

კრიტიკული დისკურსული ანალიზის მსგავსად მულტიმოდალური დისკურსული ანალიზის მიმდევრებიც მიიჩნევენ, რომ ვიზუალური კომუნიკაციის საშუალებები საზოგადოების მიერ ყალიბდება და ისინი გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე. მულტიმოდალური კრიტიკული დისკურსული ანალიზი ასევე იკვლევს თუ რა როლი აქვთ ვიზუალურ სემიოტიკურ ნიშნებს ძალაუფლების ურთიერთობებში.

სქოლიო რედაქტირება

1. Nordquist, Richard. „Understanding the Use of Language Through Discourse Analysis.“ ThoughtCo. thoughtco.com/discourse-analysis-or-da-1690462 (14.12.2021)

2. Bhatia Vijay K, John Flowerdew, Rodney H. Jones. 2008. Advances in Discourse Studies. Abingdon: Routledge Press.

3. Khan, Tauhid Hossain, Ellen MacEachen. 2021. Foucauldian Discourse Analysis: Moving Beyond a Social Constructionist Analytic. International Journal of Qualitative Methods. (January)

4. Melissa N.P. Johnson, Ethan McLean. 2020. Discourse Analysis. International Encyclopedia of Human Geography. Elsevier.

5. Kirsty Williamson, Lisa M. Given, Paul Scifleet. 2018. Research Methods (Second Edition). Chandos Publishing.

6. Atalay, Gül. 2015. USE OF MULTIMODAL CRITICAL DISCOUSE ANALYSIS IN MEDIA STUDIES. The Online Journal of Communication and Media. No. 3 (July): 40-43.